კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საცხოვრებლის გარემონტების შემდეგ დევნილ დებს ქუჩაში აგდებენ

10 ოქტომბერი, 2011

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავში ლომოურის ქუჩაზე ოთხსართულიანი სახლის ეზოში ცემენტის ტომრები და მუშების ხელსაწყოები ყრია.  „ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ ობიექტი და ვჩქარობთ“, – გვიხსნიან მუშები, რომლებიც ამ სახლის კაპიტალურ რემონტზე მუშაობენ. სამუშაობი შენობის ყველა სართულს ეხება. სამშენებლო ხმაურის გარდა, კორპუსის მეორე სართულიდან ბავშვების ჟრიამულიც ისმის.

ხის ხარაჩოს ქვემოთ ასე ოთხი წლის ბიჭია შემძვრალი. თმები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სულ გათეთრებია. გვეუბნება, რომ ნიკა ქვია და აქ ცხოვრობს. მას სართულის კიდეში მივყავართ. ჯერ კიდევ გაურემონტებელ ოთახებს იატაკი და კარები არ აქვს. კარის ნაცვლად შინდისფერი ფარდაა ჩამოფარებული. ამFფარდის იქით ნიკას დედა და და გვხვდებიან.

მონიკა დარასელია, აფხაზეთიდან დევნილი: „აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა დედა ვარ. ორი შვილი მყავს - ნიკოლოზი და ნანუკა. აფხაზეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ბევრ ადგილას ვცხოვრობდით. რუსთავში ლილოს დასახლებიდან გადმოვედი. იქ პროფესიული სასწავლებლის შენობაში ვცხოვრობდი. მძიმე პირობების გამო, მცირეწლოვანი ბავშვი გამიცივდა. დღეს ნიკას ლიმფური კვანძების ტუბერკულიოზი აქვს. ბავშვი რამდენჯერმე სიკვდილის პირას მყავდა. შვილი ექიმებმა გადამირჩინეს, მაგრამ ყოველ ჯერზე საავადმყოფოდან გამოყვანილი შინ ისევ მძიმე პირობებში მიმყავდა და ისევ მიცივდებოდა.
ქვეყანაში არ არსებობს უწყება, ვისთვისაც არ მიმართავს. წერილებს პრეზიდენტსაც ვწერდი. ვუხსნიდი ჩემ მდგომარეობას და ვთხოვდი ჩემთვის საცხოვრებელი მოეცათ. პასუხად მომდიოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაუგზავნა.  თვითონ ამ სამინისტროდან კი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პასუხს მწერდნენ - დევნილთა დაკმაყოფილების პროცესი მიმდინარეობს და სხვა ვერაფერს გეტყვითო.

აფხაზეთის დევნილობაში მყოფი მთავრობა  400 ლარით დამეხმარა. მე მათი მადლობელი ვარ. ეს თანხა მაშინ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბავშვი საავადმყოფოდან ახალი გამოყვანილი მყავდა. შემიძლია, ასევე, გაჩვენოთ იმ წერილის ასლიც, რომელიც ამ უწყებამ თვითონ გაუგზავნა ლტოლვილთა სამინისტროს და ჩემ დახმარებას სთხოვს“.

მას ათობით წერილის ასლი აქვს შენახული, სადაც სხვადასხვა უწყებებს დახმარებისთავის მიმართავს. წერილების დიდი ნაწილის ადრესატი ლტოლვილთა სამინისტროა.

„2010 წელს, გაუსაძლისი პირობების გამო, ლილოს დასახლებიდან  რუსთავში გადმოვედი.  ამ შენობაში ჩემი ასევე აფხაზეთიდან დევნილი და და ორი დისშვილი ცხოვრობს. ისინი აქ სამი წელია არიან. ეს შენობა კერძო სასწავლებელი იყო. მოიჯარეს შევეცოდეთ და ჩვენც შემოგვიშვა. დღეს, როცა ეს შენობა რემონტდება, გვეუბნებიან, რომ აქ აფხაზეთიდან დევნილი სხვა ოჯახები უნდა შევუშვათო. გვითხრეს, თუ წინააღმდეგობას გაგვიწევთ, აქედან სპეცრაზმით გაგიყვანთო.  ჩემი და ესაუბრა ლტოლვილთა სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობას. აქაურმა ხელმძღვანელმა - ჭყონიამ კატეგორიული უარი უთხრა ჩვენს აქ დარჩენაზე და ჩემ დას სიტყვიერი შეურაცხოფაც მიაყენა. მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება, ამ შენობაში ჩემი და ჩემი დის ოჯახისთვის გამოიყოს ფართი?! რატომ მტოვებენ ტუბერკულოზიან ბავშვთან ერთად ქუჩაში?! საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ვიცი, როგორ მივმართო დახმარებისთის. აქ კი ადგილობრივ ოფისებში ისევ ქართველები სხედან, მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან და მათი იმედი არა მაქვს“ – ამბობს მონიკა დარასელია.

ჩვენ საუბარს მისი და ზიტა დარასელია უერთდება: „მე სამი წელი მერხებზე მეწვინა ბავშვები. ახლა, როდესაც შენობას არემონტებენ და ნორმალურად ცხოვრობის საშუალება მეძლევა, ვერ ვხვდები, რატომ უნდა გამაგდონ?! მეც ხომ ისეთივე დევნილი ვარ, როგორც სხვები. ყველა ჟურნალისტს შემიძლია ვუთხრა, რომ მე აქედან ცოცხალი არ გავალ. თუ ჩემ შვილებს გამიყრიან და ისევ მათხოვარივით მომიწევს სადმე სოროში შესვლა, თავს მოვიკლავ. ეს იმათ სინდისზე იყოს, ვისაც ჩვენი გაჭირვება არაფრად მიაჩნია“.

ზიტა დარასელიას სუიციდის მცდელობა ერთხელ უკვე ჰქონდა. „როდესაც გაიგო, რომ შენობაში დარჩენაზე კატეგორიულ უარს გვეუბნებიან წამლების დიდი დოზა დალია და სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. ჩვენს ოჯახებს ასე იმიტომ ექცევიან, რომ  არავინ გვყავს, ვინც დაგვიცავს“, – ამბობს მონიკა დარასელია.

მონიკა დარასელია შვილებთან ერთად თბილისში, ლილოს დასახლებაშია ჩაწერილი. თუმცა, თბილისში რეგისტრაციის გამო, რუსთავის აღნიშნულ შენობაში ფართის დაკავებაზე უარი ვერ უნდა უთხრან, რადგან დევნილების ნაწილი, რომელსაც ამ შენობას ურემონტებენ, რუსთავში მცხოვრები არაა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი მონიკა თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. მას საცხოვრებელ ფართს რუსთავის მერია სთავაზობს. ასე რომ, ქუჩაში არ დარჩებიან” – ასეთ კომენტარს აკეთებენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. ეს ინფორმაცია ტელეფონით უწყების მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა. ინფორმაციამ გაოცება გამოიწვია რუსთავის მერიაში. მათთვის გაუგებარია, რატომ ავრცელებს სამინისტრო მსგავს ინფორმაციას და რატომ ჰგონია, რომ სამინისტროს ვალდებულებას _ უზრუნველყოს დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით, საკუთარ თავზე  თვითმმართველობა აიღებს. 

„რუსთავის მერიას მსგავსი  შეპირება არავისთვის მიუცია. ჩვენთვის აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად გაუგებარია. ყყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მითხარით, ჩვენ როგორ უნდა შეგვეთავაზებინა ფართი მოქალაქისთვის, რომელსაც ამ თხოვნით ერთი წერილიც არ შემოუტანია თვითმმართველობაში?! თუმცა, წერილის არსებობის შემთხვევაშიც, ჩვენ ამ თხოვნას ვერ დავაკმაყოფილებდით, რადგან ეს ჩვენ კომპეტენციაში არ შედის და ამისი საშუალებაც არ გვაქვს“, -  გვიხსნის რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მარიკა ფიროსმანაშვილი.

ერთადერთი წერილი, რომელიც რუსთავის თვითმმართელობაში აფხაზეთიდან დევნილი დების სახელითაა შემოსული, სულ  სხვა თხოვნას ეხება. ადგილობრივ თვითმმართველობას დები ზამთარში შეშით დახმარებას სთხოვენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის ბოლოს მათ რუსთავში დაკავებული ფართის დატოვება მოუწევთ, ადვილი შესაძლებელია, გასათბობად კოცონის დანთება დევნილთა სამინისტროს ეზოში მოუწიოთ.

ახალი ამბები