კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში - იერიში ექსპერტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

12 ოქტომბერი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი პარტიით ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრების განცხადება გაავრცელა, თავის ახალ ღია წერილში განმარტებებს აკეთებს მედიასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე. ამავე დროს, ღია წერილში ივანიშვილი საზოგადოების ცხოვრებაზე ფსევდოობიექტურობის მავნე ზემოქმედებაზე საუბრობს და დამოუკიდებელ ექსპერტებს აკრიტიკებს.

„დღეს, როდესაც სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოჩენაზე, ძნელია გაარჩიო ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს! ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით. ჩვენ ამ ადამიანებს ყოველდღე ვუსმენთ ტელეეკრანებზე, ვკითხულობთ მათ წერილებს, ინტერვიუებს, რომელიც სიმართლის წარმოჩენას კი არა, სიმართლის მიჩქმალვას ემსახურება და ცხადია, ადამიანებს სწორი არჩევანის და სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას უხშობს“, - ნათქვამია წერილში.

ბიზნესმენი წერს, რომ ფსევდოობიექტურთა ჭრელი გუნდი ძალიან მრავალრიცხოვანია, თუმცა „ნიჭიერებით გამორჩეულ რამდენიმე პიროვნებას“ ასახელებს.

„პირველ რიგში მინდა დავასახელო ია ანთაძე - გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონი, კარგი ანალიტიკოსი, რომელიც, ეჭვი მაქვს, რომ ზოგჯერ ძალიან ოსტატურად და შენიღბულად ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს. ია ანთაძემ ამას წინათ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მე - პრორუსულ ძალად, სააკაშვილი კი პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტად გამოაცხადა. კი, ბატონო, ია ანთაძემ რაც უნდა ის მიწოდოს, არ მეწყინება, მაგრამ როგორ შეიძლება სააკაშვილში, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა საქართველოში, ლიბერალობა და პროდასავლურობა დაინახო? როცა გაქვს ავტორიტეტი, როცა საზოგადოება გიცნობს, როგორც კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ჟურნალისტს და ასეთ დასკვნებს აკეთებ, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასი ქმედებაა“, - ნათქვამია წერილში.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ „ნაკლები საფრთხის შემცველია, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა“.

„მაგრამ, როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა. ამას წინათ რამაზ საყვარელიძის და პაატა ზაქარეიშვილის პაექრობას ვუსმინე. პაატა ზაქარეიშვილი უდავოდ, ინტელექტუალური და გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსი, ემოციური პიროვნებაა და თავის მოსაზრებებს ამ გადაცემის დროსაც ემოციურად გამოხატავდა, საყვარელიძე კი – „ამშვიდებდა“ - ნუ ნერვიულობ, ნუ გეშინია, შენ ექიმთან ხარ". მან ზაქარეიშვილს ეს ფრაზა ორჯერ გაუმეორა, რაც ხულიგნობას უფრო ჰგავს, ვიდრე ინტილიგენტის საქციელს. ექსტაზში შესულმა რამაზმა ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციას იმდენივე მოეთხოვება, რამდენიც ხელისუფლებასო, რაზეც ზაქარეიშვილმა საკადრისი პასუხი გასცა. ამდენი სიცრუისგან, ამდენი ტყუილისგან, ამდენი ფსიქოლოგიური ზეწოლის და ზემოქმედებისგან ჩვენი საზოგადოება შეიძლება მართლაც არის დაავადებული, მაგრამ მისი განკურნება მხოლოდ სიმართლით არის შესაძლებელი და არა ცინიზმით და ლამაზად შეფუთული სიცრუით“, - აღნიშნულია წერილში.

როგორც ივანიშვილი წერს, „დღეს დიდი სიმართლის თქმის დროა“.

„თუ გვინდა, რომ ქვეყანა ამ ნახევრად მკვდრული მდგომარეობიდან, შოკიდან გამოვიდეს, პირველ რიგში, სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და ვინც არ არის კახაბერი, კახაბერად არ უნდა გამოვაცხადოთ“, - ნათქვამია ღია წერილში.

ივანიშვილის განცხადებით, ქართულ მედიასთან მიმართებაში მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია და საჭიროდ ჩათვალა, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე განმარტების გაკეთება.

„სიმართლე მწარეა, მაგრამ თუ ჩვენ არ მივეჩვიეთ მისთვის თვალის გასწორებას, ეს ქვეყანა განწირულია მუდმივ შიშსა და სიცრუეში არსებობისთვის. მე ვეკითხები „მაესტროს“ ჟურნალისტებს და თუნდაც მის ადმინისტრაციასა თუ დამფუძნებლებს - როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდოოპოზიციონერ ეროსი კიწმარიშვილის კომპანია, ადამიანის, რომელმაც სხვას რომ თავი დავანებოთ, მისივე აღიარებით 2008 წელს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად დაასამარა ხალხის რეალური არჩევანი, შეიძლება თუ არა, ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი?“ - აცხადებს ივანიშვილი.

ბიზნესმენი რამდენიმე შეთავაზებასაც ახმოვანებს: „მზად ვარ, თქვენს წინაშე ავიღო ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირი, კაცმა არ იცის საიდან მოტანილი დაფინანსებით, ასრულებს (ან არ ასრულებს) თქვენს წინაშე; გავაფორმო სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტის თავისუფლება, თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ჩემს პირად მოღვაწეობასთან დაკავშირებით; დასაქმებული იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა და პროფესიული ღირსება. ჩვენ ერთად შევუქმნათ მათ საშუალება, გათავისუფლდნენ ფსევდო-კეთილდღეობის მარწუხებიდან; ერთად უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება ხალხს და დავიწყოთ ეს მეოთხე ხელისუფლებით, ანუ თქვენით“.

ბიზნესმენი მიმართავს ჟურნალისტს შალვა რამიშვილსაც და ახალი „დარდუბალას“ შექმნას ურჩევს.

„შალვა, შენ როდესაც „დარდუბალას“ აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით პარიზში ვცხოვრობდი. „დარდუბალას“ ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფეიერვერკი. შენ, მაშინ როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის. დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ? შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი "დარდუბალას" პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან? შენ ახლა ახალ „დარდუბალას“ უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული „მაესტროს“ მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით. წამოდი, შალვა და ახალი „დარდუბალას“ გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძველი „დარდუბალას“ სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი, ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება. სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი „დარდუბალას“ გადაღება და მე დავაფინანსებ!“ - აცხადებს ივანიშვილი.

ბიზნესმენის განცხადებით, „მაესტროში“ ჟურნალისტთა შესანიშნავი კორპუსი მუშაობს და ის განიცდის იმ მდგომარეობას, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ.

„ძალიან განვიცდი, რომ „მაესტროსთვის“ ცდება ეკა ბერიძე, ეს უაღრესად ნიჭიერი და ამასთან ერთად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტი. გამოსავალი ერთია: ერთად წამოდით ყველანი ამ ორსახოვანი თუ სამსახოვანი ტელევიზიიდან და თქვენი პროფესიით დასაქმების გარანტიას მე გაძლევთ!“ - აცხადებს ივანიშვილი.

ბიზნესმენი მიმართავს ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელს, დავით აქუბარდიას და აღნიშნავს, რომ ის განათლებული ადამიანია, თუმცა ხშირად ღალატობთ საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს და სხვადასხვა მოტივით და მიზეზით ფსევდოოპოზიციურ, ფსევდოობიექტურ სუბიექტებს აძლევთ ასპარეზს.

„ახლა კი დავით აქუბარდიას მინდა, მივმართო, როგორც მას ქართველი ხალხი სიყვარულით უწოდებს, ბატონ აქუს. ბატონო დავით, მე მახსოვს თქვენი გადაცემა 30 ივნისს, როცა თქვენ ყური აუწიეთ და პოლიტიკურ ფარისევლობაში ამხილეთ „ქრისტიან-დემოკრატები“ და მამუკა კაციტაძე. თქვენ მაშინ ბრწყინვალე იყავით, თქვენი არგუმენტები აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, თქვენი პოზოცია აბსოლუტურად სწორი. იმავე საღამოს თქვენ ეროსი კიწმარიშვილი გყავდათ სტუმრად და თუ პირველ გადაცემაში თქვენ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდექით, კიწმარიშვილთან საუბრისას საოცრად დათრგუნული, ყალბი, უნიათო ბრძანდებოდით და აშკარად გეტყობოდათ, რომ დაკვეთას ასრულებდით. ბატონო დავით, თქვენ ერუდირებული, ანალიზის შესანიშნავი უნარის მქონე ჟურნალისტი ხართ, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე იცით ეკონომიკა, ისტორია, ლიტერატურა, ბრწინვალედ ერკვევით პოლიტიკური ცხოვრების ლაბირინთებში, მაგრამ ხშირად ღალატობთ საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს და სხვადასხვა მოტივით და მიზეზით ფსევდოოპოზიციურ, ფსევდოობიექტურ სუბიექტებს აძლევთ ასპარეზს. ბატონო დავით, არ მინდა მე თქვენი „კავკასია“ - ნურც მომყიდით და ნურც მაჩუქებთ, მაგრამ თქვენ იყავით ობიექტური, მართალი და ობიექტური ოღონდ არა დღეგამოშვებით, არა ხანდახან, არამედ მთლიანად, მთელი 24 საათის განმავლობაში. ფინანსური პრობლემები გიშლით ხელს? არაფერი არ მინდა თქვენგან, ისე დაგეხმარებით, ოღონდ თქვენს თავისუფლებას და საკუთარ მრწამსს ნაძირლებზე ნუ გაყიდით“, - აცხადებს ივანიშვილი.

ბიზნესმენის თქმით, მისი განცხადებები „კავკასიის“ და „მაესტროს“ ყიდვასთან დაკავშირებით ზოგმა არასწორად გაიგო. ივანიშვილი განმარტავს, რომ მას არა ჟურნალისტების ყიდვა არამედ, მათი გათავისუფლება უნდა იმ შეურაცხმყოფელი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შემზღუდველი ატმოსფეროსგან, რომელშიც დღეს მათ უწევთ მუშაობა.

„მასმედიის მისამართით გაკეთებული ჩემი განცხადების მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ვითომ ოპოზიციურ ტელეარხებს სინამდვილეში სააკაშვილი აკონტროლებს და მისი დასტურის და ნებართვის გარეშე, ამ ტელეკომპანიის მესვეურებს რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. მე მიზანს მივაღწიე _ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავიანთი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათი ორგანიზაციების ნამდვილი მეპატრონე სააკაშვილია“, - აცხადებს ივანიშვილი.

ღია წერილის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკურ პარტიასთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ აპირებს თანამშრომლობას. ივანიშვილის ღია წერილში ნათქვამია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტიაა, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით.

ბიზნესმენი თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად მიიჩნევს „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო მის ლიდერს ირაკლი ალასანიას ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთ წონად და ანგარიშგასაწევ ფიგურად. ივანიშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან შეკითხვები არ აქვს.

„ცხადია, ამ მიმართვაში ყველა იმ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ჩამოვთვლი, ვისთანაც თანამშრომლობას ვაპირებ. უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება. რესპუბლიკურ პარტიასთან მართლაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ჩემი განცხადების შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრმა ჩემს მიმართ ძალზე აგრესიული კომენტარები გააკეთა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო: იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ „ალია-ჰოლდინგის“ საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზიცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო. ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ. თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა. ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან! დიდ ბოდიშს ვიხდი, სამგზის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ აქვე მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას დავუსვა ერთი საერთო და ყველასათვის სავალდებულო კითხვა: _ რით არსებობთ თქვენ და საიდან იღებთ პარტიის შესანახ თანხებს, თუ ეს თანხები გაგაჩნიათ? გულუხვ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება არ იკმარებს - ამ „არგუმენტს“ ვერ მივიღებ! ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თანამშრომლობაც ვერ შედგება“, - აღნიშნულია წერილში.

ამავე დროს ბიძინა ივანიშვილი იმ პოლიტიკურ პარტიებს ასახელებს, ვისთანაც ვერ ითანამშრომლებს. როგორც მის ღია წერილშია აღნიშნული, არ მოერიდება მათ დასახელებას და ღიად აცხადებს: ვერ ითანამშრომლებს „ქრისტიან-დემოკრატებთან“, „ლეიბორისტებთან“, „ახალ მემარჯვენეებთან“, „ედპ“-სთან, „ქართულ პარტიასთან“, თორთლაძისა და დავითაიას პარტიებთან.

ივანიშვილის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის, გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთ ნახსენები პარტიების ლიდერები - შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა.

„დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ. არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა სოზარ სუბარზე, ადამიანზე, რომელსაც ომბუდსმენის საპასუხისმგებლო პოსტზე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და რომელსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მტკიცე პოზიცია ხელისუფლების თავნებობის წინააღმდეგ. დიდი გულისტკივილით და სინანულით ვამბობ, რომ სოზარ სუბარი აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო. თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება, ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები. კიდევ ვიმეორებ, თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებ ზემოთ დასახელებულ ოპოზიციურ პარტიებთან და არა ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან“, -ნათქვამია ღია წერილში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვერ ითანამშრომლებს ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ.

ივანიშვილის აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლების ყველაზე საიმედო მოკავშირედ და პარტნიორად გვევლინება.

„სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლება ამ ფსევდოოპოზიციური ძალების მხრებზე დგას – ეს ძალები უქმნიან სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიულობის ფონს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ფაქტობრივად ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს თავიანთი ფსევდოოპოზიციური მოღვაწეობით მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს უქმნიან. სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას“, - აღნიშნულია ღია წერილში.

ინტერპრესნიუსის მიხედვით

ახალი ამბები