კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზემო ალვნელმა თუშებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სოფლიდან გაყარეს

17 ოქტომბერი, 2011

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის მოსახლეობა სოფლის საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. ზემო ალვანში თუშები ცხოვრობენ. მოსახლეობის უმრავლესობა მესაქონლეობას მისდევს. თუშებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის კორპორაციის წარმომადგენლებს საძოვრების მოხვნის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს და ისინი სოფლიდან გაყარეს.

ზემო ალვანში 10 ჰექტარი საძოვარი უკვე მოხნულია. სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ ატარებს. კორპორაციის წარმომადგენლების თქმით, საძოვრის ტერიტორიაზე ფრანგული ჯიშის კაკლის ხეები უნდა დარგან.

„ვენახი ჩვენ არ გვაქვს, ტყე ჩვენ არ გვაქვს, რომ პარკეტი დავამზადოთ. 5 000 კაციანი სოფელი ამ 500 ჰექტარ საძოვარს ვართ მიჩერებული. საქმის კურსში არავინ ჩააყენეს. შემთხვევით გავიგეთ, რომ საძოვრები გაასხვისეს. დოკუმენტი გვინდა, ვისია, ვინ შეისყიდა? საძოვრები აქამდე არც იჯარით გაცემას ექვემდებარებოდა და არც პრივატიზაციას, ახლა რა მოხდა, ვერ გავიგეთ,“ -  განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის მაცხოვრებელმა ზაზა ლაგაზიძემ.

„ჩვენი შემოსავლის წყარო საქონელია. საქონლის გარეშე ვერ ვიარსებებთ. ეს ტერიტორია რომ ჩამოგვართვან, საქონელი სად გავიყვანოთ? გაჭირვება გვაკლია?  ხელ-ფეხს უფრო გვიკრავენ. ჩვენ საქონლით ვცხოვრობთ. არ გვინდა ამათი კაკალი. ხალხს რა უნდა, თვითონ იცის. დღეს გავყარეთ და აღარც მოვუშვებთ“, - აღნიშნა სოფლის მკვიდრმა ლამარა წკიპოშვილმა.

ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატის ბესიკ ყიზილაშვილის თქმით, სოფელს საკმარისი საძოვარი ისედაც არ აქვს. „ეს საძოვარი სახელმწიფო ტერიტორიაა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტს ახორციელებს. სხვადასხვა ჯიშის კაკლის ნერგი უნდა დაირგოს. რომელიც უკეთესი აღმოჩნდება, იმის გაშენება მოხდება. სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს. 5000 კომლიანი სოფელია და ისედაც საძოვრის ნაკლებობას განიცდის.

- თუ ასეა, რატომ იხვნება საძოვრები, ხალხმა რა უნდა ქნას?

- ეხლა, ასეთი... გაკეთდება ახლა... როგორ იქნება არვიცი. გადაუწყვეტელი არაფერია. გადაწყდება, ალბათ, როგორც მოსახლეობისთვის იქნება საჭირო“.

„საქართველოს  სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ წარმომადგენელმა ოთარ ქურდიანმა განმარტა, რომ საძოვარი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკუთრებაში გადასცა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ჩვენ საძოვარი სამინისტროსთვის არ გადაგვიცია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კაკლის მეურნეობის გასაკეთებლად რამდენიმე ადგილი შეარჩია. ერთ - ერთი ეს ადგილია. ჩვენ საძოვრის გადაცემის უფლებამოსილება არ გვაქვს, რადგან ეს ნაკვეთი ისედაც სახელმწიფო საკუთრებაა. გლეხებს საძოვრის გარეშე ცხოვრება გაუჭირდებათ“, - განაცხადა კობა მაისურაძემ.

ზემო ალვანის მაცხოვრებლებმა კახეთის გუბერნატორის სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ.

ვიდეო

ახალი ამბები