ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას კანონის მოთხოვნების დარღვევად აფასებს.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენადაც საჯაროდ არის ცნობილი, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ამ პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა მას შემდეგ, რაც უკვე ჰქონდა საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობა. შესაბამისად, მოქალაქეობის დაკარგვა იმის გამო, რომ მას ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული, ქართულ კანონმდებლობაში არ ჯდება.
„ოფიციალური ცნობით, რეესტრის არგუმენტი არის ის, რომ ივანიშვილს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო, რომ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბიზნესმენმა მიიღო უფრო გვიან, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაბამისად გადაწყვეტილება, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, გამართლებული ვერ იქნება“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ინტერპრესნიუსი