კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბანკი „ქართუ“ მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს

24 ოქტომბერი, 2011

ბანკი „ქართუ“ მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთ ფაქტად აფასებს. „ქართუს“ იურიდიული სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ბანკი „ქართუს“ კლიენტების მხრიდან მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ნაღდ ვალუტაზე, რაც გამოწვეული იყო საბანკო ანგარიშებიდან და განსაკუთრებით ანაბრებიდან თანხების გადინებით. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ანაბრები ბანკ „ქართუში“ უმეტესწილად განთავსებულია უცხოურ ვალუტაში.

ბანკის კლიენტების მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით,  "ქართუსა" და „საქართველოს ბანკს“ შორის 2011 წლის 18 ოქტომბერს, გენერალური ხელშეკრულების სახაზინო ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ ფარგლებში, დაიდო ორი სტანდარტული ბანკნოტური გარიგება.

გარიგებების თანახმად, ბანკმა „ქართუ“ Deutsche Bank Trust Company Americas-ში (ნიუ–იორკი, აშშ) თავის საკორესპონდენტო ანგარიშიდან Citibank International-ში (ნიუ–იორკი, აშშ) გახსნილ „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე გადარიცხა 2 000 000 აშშ დოლარი, ხოლო 1 000 000 ევრო Commerzbank-ში (ფრანკფურტი, გერმანია) არსებულ თავის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ამავე ბანკში გახსნილ „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე. ამ ტრანსაქციების სანაცვლოდ, ბანკს „ქართუ“ თავისი სალაროს გამაგრების მიზნით, ნაღდი ფულის სახით უნდა მიეღო „საქართველოს ბანკში“ 2 000 000 აშშ დოლარი და 1 000 000 ევრო.

18 ოქტომბერს, დაახლოებით 17:15 საათზე, „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის ტერიტორიაზე ზემოხსენებულ თანხების ინკასაციის დროს, სამართალდამცავების მიერ დაკავებული იყო ბანკი „ქართუს“ ოთხი მოლარე, ორი ინკასატორი და მათი თანხმლები დაცვის პოლიციის თანამშრომელი. პოლიციელები იყვნენ სამოქალაქო ფორმაში, ზოგი მათგანი კი - ნიღბით, რითაც დაარღვიეს კანონი „პოლიციის შესახებ“, ასევე - საპროცესო წესები დაკავებისა და სხვა უფლება-მოვალეობების თაობაზე. არსებობდა ცეცხლის გახსნის საშიშროება ბანკის ინკასატორების მხრიდან, რადგან შესაძლოა, უფორმო პოლიციელები კრიმინალებად ჩაეთვალათ. ეს გამოიწვევდა სისხლისღვრას. ბანკის თანამშრომლები გადაიყვანეს ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილებაში, საიდანაც მოგვიანებით გამოუშვეს ჩვენების მიცემის შემდეგ.

სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეულ იქნა ბანკი „ქართუს“ კუთვნილი VOLKSWAGEN-ის ტიპის საინკასაციო შეჯავშნული მანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით BAT 963 და ბანკის სალაროს გამაგრების მიზნით გადასაზიდი ბანკის კუთვნილი ფულადი სახსრები 2 000 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 ევროს ოდენობით.

შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის მესამე ნაწილით – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

ბანკ „ქართუ“-სთვის გაუგებარია, თუ რა საფუძვლით ან რა ნიშნით შეიძლება მიჩნეულ იქნას საბანკო პრაქტიკაში ასე ფართოდ გავრცელებული სალაროს გამაგრების ოპერაციები ფულის გათეთრებად მითუმეტეს, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში „ქართუმ“ განახორციელა ორასამდე ანალოგიური გარიგება, რომელთა საერთო თანხა აღემატება რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს.

ჩვენ მომხდარს ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთ ფაქტად ვაფასებთ“.

ახალი ამბები