კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მატყუარა პრემიერ მინისტრი

26 ოქტომბერი, 2011

„ათასობით პენსიონერს ექნება 100 ლარზე უფრო მეტი, ხოლო პენსიის მინიმალური ზღვარი 100 ლარი იქნება“ - ნიკა გილაურის მამალი ტყუილი

მაკა მალაყმაძე, აჭარა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 15 სექტემბრიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პენსია 100 ლარი გახდა. თუმცა, პენსიონერებისთვის სასიკეთო ეს რეფორმა შეეხო მხოლოდ ასაკით პენსიონერებსა და I ჯგუფის ინვალიდებს, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. სხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის, პენსია ისევ ის ოდენობა დარჩა, რასაც აქამდე იღებდნენ. ამიტომა პენსიონერთა ეს ნაწილი თავს მოტყუებულად თვლის და უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ირინა ბერიძე, ორი მცირეწლოვანი მარჩენალდაკარგულის დედა: „ჩემი 10 და 8 წლის შვილი ისევ იმ პენსიას იღებს, რაც აქამდე ჰქონდათ. ძალიან მეწყინა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის პენსია არ გაიზარდა. სატელევიზიო რეკლამების მიხედვით, ყველას პენსია უნდა გაზრდილიყო. ამიტომ მოუთმელად ველოდებოდი 5 ოქტომბერს პენსიის მიღებას, მაგრამ იმედები გამიცრუვდა, როცა ისევ 55-55 ლარი მივიღე“.

მერიკო მამულაძე, II ჯგუფის ინვალიდი: „მეგონა, მეც 100 ლარს მივიღებდი პენსიას. რეკლამაში არ უთქვამთ, რომ ჩემნაირების პენსია ისევ იგივე დარჩებოდა. ზოგს რომ გაეზარდა პენსია, ჩვენი რატომ დარჩა უცვლელი?! ჩვენც ხომ პენსიონერები ვართ?!“.

II ჯგუფის ინვალიდმა ზაიდე შ.-მ ჩვენთან საუბრისას გვარის დასახელებას არ ისურვა: „პენსიის გარზდის შესახებ სარეკლამო რგოლები განუწყვეტლივ ტრიალებდა ტელევიზიით. ხელისუფლებიდან ხან ერთი საუბრობდა ამაზე. პრეზიდენტმა ერთ ოჯახს თვითონაც მიუტანა გაზრდილი პენსია. მე პენსიის სახლში მოტანას არ ვითხოვ, მაგრამ სხვებს რომ გაუზარდეს, მე რაღა დავაშავე?! ან რატომ არ თქვეს, რომ ჩვენი პენსია არ იზრდებოდა? იცი, როგორი ხმაური იყო ბანკში პენსიის მიღებისას? 100 ლარს როცა ელოდები და მოლარე 70 ლარს გაძლევს, იჩხუბებ, აბა რას იზამ?! ამ პენსიაზეა ხალხი დამოკიდებული. პრეზიდენტმა კი მოგვატყუა და პენსიონერები პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულებად დაგვყო“.

ავთანდილ ბერიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ თანათავმჯდომარე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი: „სახელმწიფომ პენსიების გაზრდა საკმაოდ იოლი გზით გადაწყვიტა. შეზღუდული შესაძლებლობებიდან მქონე პირებიდან მხოლოდ მათი პენსია გაზარდა, ვინც უმცირესობას წარმოადგენს. II ჯგუფი პენსიონერები ათასობითაა საქართველოში და მათ ძალიან უჭირთ, დაუსაქმებელი არიან და არ იღებენ ასაკის პენსიას. მათ ისევ 70 ლარი დაუტოვეს. 2009 წლის ბოლომდე უნდა გამხდარიყო პენსია 100 დოლარი, მაგრამ არც ეს არის საკმარისი. პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი.

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ნიკა გილაური პენსიის მინიმალურ ზღვრად 100 ლარს აცხადებს: „ყველა სოციალური შეღავათი იქნება შენარჩუნებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ათობით, ათასობით პენსიონერს ექნება 100 ლარზე უფრო მეტი, ხოლო პენსიის მინიმალური ზღვარი 100 ლარი იქნება. რეფორმა 670 ათასზე მეტ პენსიონერს და 24 ათას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეეხება. გადაწყვეტილება მივიღეთ გაზაფხულზე, დაახლოებით 35 მილიონი ლარის მობილიზება მოვახდინეთ და ყოველთვიურად სოციალურ ბიუჯეტს 13 მლნ ლარი დაემატება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში პენსია 7-ჯერ გაიზარდა. წლების წინ პენსია შეადგენდა 14 ლარს. მას შემდეგ რამდენჯერმე გაიზარდა: 28 ლარი, 55 ლარი... დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალური პენსია საქართველოში იქნება 100 ლარი“.

არადა, ფაქტია, რომ პენსიონერთა ნაწილი 55 ლარს, მეორე ნაწილი კი 70 ლარს იღებს.

უპასუხო კითხვები ნიკა გილაურის Facebook-ის გვერდზე

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით (http://www.ssa.gov.ge/), 2011 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ასლარიან პენსიას 663 ათასი ასაკით პენსიონერი და 23 ათას 500 მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირი (პირველი ჯგუფის ინვალიდი) იღებს. ანუ, საერთო ჯამი 686 500 პენსიონერი. ოფიციალური მონაცემებით კი ქვეყანაში სულ 828 ათას 203 პენსიონერია.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურის facebook-ის სადისკუსიო გვერდზე თემა „პენსია“ იმ მოქალაქეების შეკითხვები ნახა, რომლებიც პრემიერ მინისტრს პენსიის გაზრდის საკითხზე დაახლოებით ერთი თვის წინ ეკითხებოდნენ, თუმცა მათ პასუხები არ მიუღიათ.

თამუნა: გამარჯობა „პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. გასაგებია, რომ 100 ლარი ხდება, მაგრამ მაინტერესებს, თუ ეხება ეს ზრდა მარჩენალ დაკარგულებს? მე დამეღუპა მეუღლე და ჩემს შვილს დაენიშნა პენსია და ამჟამად ვიღებ 55 ლარს. მაინტერესებს, ჩვენც შეგვეხო თუ არა ეს მომატება?
თამუნა: გთხოვთ მიპასუხოთ ბატონო ნიკა

ნატო: მეც იგივე მინდოდა მეკითხა, თამუნა, მეხ მაინტერესებს... გთხოვთ, გვიპასხოთ ბატონო ნიკა.

გია: ბატონო ნიკა, გასაგებია, რომ სამოქალაქო პირებს გაუზარდეთ პენსიები და გახდა 100 ლარი. ჩვენ სამხედრო პენსიონერებს რა გვეშველება?! ვინც პენსიებს 100-ლარზე ნაკლებს ვიღებთ? როგორც ვატყობ, სამხედრო პენსიონერებზე საერთოდ არავინ ფიქრობს. მე თვითონ ვარ სამხედრო 2-ე ჯგუფის ინვალიდი. იქნება გამოინახოს თანხები, რომ ჩვენც გაგვიზარდოთ პენსიები. ძალიან უსამართლო საპენსიო კანონია მიღებული 2006 წელს. თუ პარლამენტის წევრი გადის პენსიაზე ინვალიდობით, ენიშნება ხელფასის 125% პენსია, ხოლო თუ სამხედრო გადის პენსიაზე ინვალიდობით, ენიშნება პენსია ხელფასის 0,75%. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა! სამხედრო მოსამსახურე ხომ თავის სიცოცხლეს სწირავს სამშობლოს. არ უნდა იყოს ასეთი უსამართლობა.

ნატო: ისე ამბობენ 100 ლარი მინიმალურია საქართველოში პენსიაო, თითქოს მართლა არავინ იღებს ნაკლებ პენსიას! თქვით მაინც!..

ახალი ამბები