კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში ბიძინა ივანიშვილის თანაშემწის სიმამრის სახლი დაიწვა

14 ნოემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

11 ნოემბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სახლი დაიწვა. თამაზაშვილი ამჟამად პატიმრობაშია. ის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თამაზ თამაზაშვილი ივანიშვილის მრჩევლისა და თანაშემწის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

ხანძარი სახლში დაახლოებით 12:00 საათზე გაჩნდა. თამაზაშვილის მეზობლების თქმით, სახლის სახურავიდან კვამლი ამოდიოდა, დაახლოებით ნახევარ საათში კი ცეცხლი სახლს მოედო.

„12 საათი იქნებოდა. მეზობლებმა დავინახეთ, რომ სახურავიდან კვამლი ამოდიოდა, მაშინვე ვიყვირეთ, ჩქარა დაგვეხმარეთო. სახანძროს დავურეკეთ, მაგრამ დროულად არ მოვიდნენ. გვითხრეს, გზაში მანქანა გაფუჭდა და ამიტომ დავაგვიანეთო. გამოძახებიდან 1 საათში მოვიდნენ,“ - აღნიშნა დაზარალებულის მეზობელმა ნინა სმილენკომ.

სახლში თამაზ თამაზაშვილის მამიდა ლენა თამაზაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. „მეზობლებმა დამიძახეს სახურავიდან ბოლო ამოდისო. მე არც ვიცოდი, თუ ხანძარი იყო. მაშინვე სახანძროში დარეკეს, მაგრამ სახანძრო ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. ჯერ გზაში მანქანა გაუფუჭდათ, მერე აქ მოსულებს წყალი გაუთავდათ. 5 მანქანა მოვიდა მაგრამ ცეცხლი ვერ ჩააქრეს. მთლიანად დაიწვა და განადგურდა ყველაფერი. რა უნდა ვუთხრა ბიჭს რომ ჩამოვა?“ - განაცხადა ლენა თამაზაშვილმა.

ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები 5 საათამდე ცდილობდნენ. დღის ბოლოს კი დამხმარე ძალის გამოძახებაც გახდა საჭირო. საკმარისი წყლის არ ქონის გამო, მეხანძრეები ცეცხლს წყალს ვედროებითაც ასხამდნენ. შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა, მხოლოდ კედლები დარჩა, პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა და სერიოზულად დაზიანდა.

დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის ლევან გოზალიშვილის თქმით, სახანძრო სამსახურის ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან 20 წუთში მივიდა. „მართალია, გზაში მანქანა გაგვიფუჭდა, მაგრამ სერიოზული არაფერი იყო. 10 წუთში შევაკეთეთ და 20 წუთში ადგილზე ვიყავით“, - ამბობს გოზალიშვილი.

სოფელი ლენინოვკა დედოფლისწყაროდან მაქსიმუმ 5 წუთის სავალზეა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია სახლის განზრახ დაწვის ვერსიას გამორიცხავს. „ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი ბუხრიდან გაჩნდა და სახლი დაიწვა. ეს ფაქტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის“, - აღნიშნა ბესელიამ.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი კი ირწმუნება, რომ კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილს სახლი განზრახ დაუწვეს.

„მეზობლებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენამდე სოფელში რამდენიმე უცხო პირი შენიშნეს. ცეცხლი რომ გაჩნდა, ვიდრე მთელ სახლს მოედებოდა, დარეკეს დედოფლისწყაროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში, მაგრამ ბრიგადა გამოძახებაზე ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, როცა სოფელი ლენინოვკა სახანძრო სამსახურის ოფისიდან მაქსიმუმ 5 წუთის სავალზეა. დარწმუნებული ვარ, სახლის დაწვით ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ყველა ის ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს ან აპირებს მხარდაჭერას“, - ამბობს გურაშვილი.

ოპოზიციონერის განცხადებას სისულელეს უწოდებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ემზარ ჯანაშვილი. „სახანძრო ძალიან დაგვიანებით არ მოსულა. 12:45 საათზე იყო გამოძახება და 13:15 საათზე მანქანა აქ იყო. შეგნებულად სახლი არავის დაუწვავს. ხანძარი სავარუდოდ საბუხრედან გაჩნდა“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს.

ახალი ამბები