კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოდან ხალხი გარბის და ამ პროცესში ნორვეგიასაც მიუძღვის წვლილი

17 ნოემბერი, 2011

რაგნარ სკრე
www.aftenposten.no 

2004 წელს ბუნდევიკის მეორე მთავრობამ საქართველოში ექსპერტები გამოგზავნა, რომლებიც ქვეყანას სასამართლო სისტემის მოწესრიგებაში უნდა დახმარებოდნენ. მათი უმთავრესი მიზანი იყო, აეგოთ და დაემკვიდრებინათ ის, რასაც „კანონის უზენაესობას“ (rule of Law) ვუწოდებთ.

ეს კი ნიშნავს, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება სახელმწიფო კანონებს უნდა ემორჩილებოდეს და ამ კანონების დარღვევის შემთხვევაში, თავს ყველას წინაშე ანგარიშვალდებულად თვლიდეს. თუმცაღა, ამ ყველაფრის პრაქტიკულად განხორციელება მათთვის რთული აღმოჩნდა. ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ სირთულეებს წააწყდნენ.
 
მიუხედავად იმისა, რომ დასახული მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს, ის ხომ მაინც შეიძლება ითქვას, რამდენად შორს გაიკაფეს გზა. თუმცა, ზემოთხსენებული ნორვეგიული პროექტი, რომელსაც NorLag ჰქვია და რომლის შენახვაც ნორვეგიის მთავრობას წელიწადში ათი მილიონი კრონი უჯდება, არც შესაბამის კვლევით ღონისძიებებს ატარებს  და არც საკუთარი მიღწევების გეგმა (პროგრამა) გააჩნია.
 
დამაბნეველი მტკიცებულება

მათსავე შეფასებებსა და მოხსენებებს თუ დავეყრდნობით, საქმე ბრწყინვალედ მიდის. თუმცა, რეალური სურათი საკმაოდ დამაბნეველია. 2009 წელს, Scanteam-ის მიერ სემინარებზე წარდგენილი ანგარიში ქვეყანაში არსებულ სინამდვილეს საგრძნობლად ემიჯნება. მაშ, როგორია დღევანდელი სიტუაცია? ეჭვმიტანილად თუ მიგიჩნიეს, ან აუცილებლად აღიარებითი ჩვენების მიცემა მოგიწევს, ანდა გასამართლება არ აგცდება. გამართლებულთა რიცხვი ქვეყანაში მხოლოდ 0,1 პროცენტს შეადგენს. მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქების მიზნით, უმეტესობა იძულებულია, აღიარებითი ჩვენება მისცეს. ხშირად საქმის პროვოცირებას თავად პოლიცია ახდენს და უმრავლეს შემთხვევაში, ეს საქმეები იმ ძირითად მტკიცებულებებს ეყრდნობა, რაც ფიზიკური თუ ფსიქიური ზეწოლის შედეგად მიღწეული აღიარებითი ჩვენების საფუძველზე ვლინდება. საქმე ისეთ დიდ და მნიშვნელოვან დანაშაულს თუ შეეხება, როგორიცაა მაგალითად, მკვლელობა და ორგანიზებული თაღლითობა, მაშინ ეჭვმიტანილთა აღიარებით ჩვენებას პოლიცია ფირზე აღბეჭდავს და იმავე საღამოს ტელეეთერით უჩვენებს.

ანუ, ეს ყველაფერი მანამ ხდება, სანამ დაკვებულები თავიანთ ადვოკატებს შეხვდებიან. ის 0,1 პროცენტი, რომლებიც გამართლებულად სცნეს, აღნიშნავენ, რომ მოსამართლეებს დამოუკიდებლად მოქმედება არ შეეძლოთ. ნორვეგიული პროექტის წარუმატებლობაც სწორედ ესაა. აშკარაა, რომ მათ დასახული მიზნის განხორციელება ვერ შეძლეს. სოციალური გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ხალხი სასამართლო სისტემას გაცილებით უფრო ნაკლებად ენდობა, ვიდრე პოლიტიკოსებსა და მედიას. თუმცა, ყველაფერი პირიქით უნდა იყოს.
 
პოლიტიკური პატიმრები

2009 წელს თბილისში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის წევრები ჩავიდნენ და სავარაუდო პოლიტიკურ პატიმართა შესახებ რვა საქმე გამოიძიეს. საბოლოო დასკვნის შედეგად, ყველა ეს პატიმარი მართლაც პოლიტიკური პატიმრები აღმოჩნდნენ. ნორვეგიელ მრჩეველთა ჩამოსვლის მიუხედავად, საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, სადაც პატიმართა რიცხვი პროცენტულად საკმაოდ გაიზარდა. ნორვეგიელმა ექსპერტებმა არაერთი კარგი საქმე გააკეთეს. მათი წყალობით, ბევრი პატიმარი სასჯელს ციხის გარეთ იხდის, მაგრამ ეს სიტუაციას დიდად არ  ცვლის.
 
წამება

ასევე, ცნობილია, რომ ქართულ ციხეში პატიმრებს აწამებენ. ამ ფაქტების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამრთლოს უამრავმა პატიმარმა წერილობით აცნობა. ახალი კანონი, რომელიც პატიმრებისთვის „ცუდი საქციელის“ სანაცვლოდ ყველანაირი წერილის გაგზავნასა და მნახველთა ვიზიტების 3 თვით აკრძალვას გულისხმობს, უკვე დამტკიცებულია. ბევრის აზრით, ეს კანონი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მსჯავრდებულებმა ევროპის სასამართლოში წერილების გაგზავნაზე უარი თქვან. ამ კანონის ამოქმედებამდე კი მსგავსი წერილების გასაგზავნად უჩვეულოდ მაღალი საფოსტო ტარიფი (ათასი კრონი) იყო დაწესებული. ზოგიერთ პატიმარს კი ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. პატიმართა ერთმა ჯგუფმა, რომლებმაც შარშან სექტემბერში სტრასბურგის სასამართლოში წერილი გააგზავნეს, განაცხადა, რომ სწორედ ამის გამო სასტიკად სცემეს.
 
ორი წლის წინ დანიშნული მინისტრი, რომელიც ამ ყველაფერზე რეალურად თუ არა, ფორმალურად მაინც არის პასუხისმგებელი, ჩვენმა ელჩმა აქო და ადიდა. შარშან სექტემბერში, ნორვეგიაში ვიზიტისას, ქართველი ძალოვანის დეპარტამენტმა ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის, კნუტ სტურბერგეტის წარმომადგენლებს წერილი მისწერა, რათა გაერკვია თუ ვინ „იზრუნებდა“ იმ ქართველ ჟურნალისტებზე, რომლებიც ნორვეგიაში მყოფ დელეგაციას ახლდნენ თან. სახელმწიფო მედიას ასეთი პატივით ექცევიან. აქ, თბილისში კი, თითქმის ერთი წელიწადია, რაც მინისტრი ჩემთან ინტერვიუზე უარს აცხადებს. ასევე უარს ამბობს სხვა ჟურნალისტებთან საუბარზეც, თუ არ გავითვალისწინებთ რამდენიმე გამონაკლის შემთხვევას. ერთ-ერთი ტელეარხი, რომელმაც ქვეყანაში არსებული პრობლემები გააჟღერა, მინისტრმა სასტიკად გამოლანძღა, რადგან მიიჩნია, რომ ეს არხი „მის წინააღმდეგ“ იყო განწყობილი.
 
კოლონიზაცია და ძარცვა

„კანონის უზენაესობასთნ“ მიახლოება ხალხის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეს პროცესი ხშირად ქვეყნის კოლონიზაციისა და ძარცვის პირველ ფაზას წარმოადგენს. ანთროპოლოგი ლაურა ნადერი და იურისტი უგო მატეი თავიანთ ახლადგამოცემულ წიგნში სწორედ ამ მოვლენაზე მიგვანიშნებენ. ამ პროცესში მთავარი მიზანი უცხოური ინვესტიციების დაცვაა და არა მოსახლეობის უსაფრთხოება.
 
გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც რეალური ძალაუფლება კლანსა და პარტიას შორის მოქცეულ სახელისუფლებო აპარატს წარმოადგენს, მსგავსი მეთოდი ვერ იმოქმედებს. სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთ დადგენილებაში, რომელიც ამ წლის მაისში გამოქვეყნდა, წერია - სასამართლო გაოგნებული დარჩა იმ ფაქტით, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, რათა მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი შეუშალონ. ამ შემთხვევაშიც ლაპარაკია შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პროკურატურაზე, სასჯელაღსრულების აპარატზე, მოსამართლეებზე, პრეზიდენტზე და ასე შემდეგ.

სწორედ სიღარიბე და დემოკრატიის დეფიციტია მიზეზი იმისა, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გარბის. ეს ერთი პარტიის სახელმწიფოა და ამ პარტიასთან დაპირისპირებისა ყველას ეშინია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სამსახური დაკარგო, ანდა ციხეში აღმოჩნდე. ბიზნესმენები ოპოზიციის დაფინანსებას ვერ ბედავენ.
 
და ჩვენ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? უპირველეს ყოვლისა, ამ რეჟიმის წარმომადგენლები უნდა გვემხილა. ნორვეგიელ მრჩეველებს ხომ სააკაშვილის შიდა წრეებთან უწევთ ურთიერთობა. ამას გარდა, შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების დახმარების გამოყენებაც შეიძლებოდა. ამა წლის გაზაფხულზე გაეროს მიერ გამართულ ადამიანის უფლებათა დამცველ საბჭოზე საქართველო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ნორვეგიაც იყო. ორმოცდათოთხმეტი ქვეყნიდან ათმა აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მუშაობის არასწორ მეთოდებს იყენებს, ცხრა ქვეყანამ კი ქართულ ციხეებში არსებული პირობები  გააკრიტიკა.  ნორვეგია ამ ქვეყნებს შორის არ აღმოჩნდა.
 
კიდევ რა? უშუალო დიპლომატიის გამოყენებაც არ იქნებოდა ურიგო. როდესაც ანონიმურად მოღვაწე მეცენატი - ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი სულ ცოტა ხნის წინ დღის სინათლეზე გამოჩნდა და ოპოზიციური კამპანია წამოიწყო, ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვეს (ამგვარად ქართულ პოლიტიკაში მისი ჩარევა უკანონოდ ჩაითვლება), შემდეგ კი მის ბანკს ფულის გათეთრება დასწამეს. ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ ივანიშვილის გაბანკროტება და საქმის ძიება წამოიწყო. უფრო ადრე ზუსტად იგივე ბედი ეწია სხვა ბიზნესმენსაც, რომელმაც გაბედა და სააკაშვილს დაუპირისპირდა.
 
თუმცა, ნორვეგიის ელჩი ერლინგ შონსბერგი იმ ყველაფრის მიმართ, რაზეც მრავალი ქვეყანა რეაგირებს და უდიდეს აღშფოთებას გამოხატავს, აშკარად პასიურად არის განწყობილი.

საბედისწერო წვლილი

ამ რეჟიმის ჩამოყალიბებაში თავისი საბედისწერო წვლილი ნორვეგიამაც შეიტანა. ქვეყანაში არსებულ ძალადობაზე თვალის დახუჭვაც მხოლოდ ამ მიზეზით უნდა აიხსნას. მეორე მიზეზად კი შეიძლება ის მივიჩნიოთ რომ არჩევანის გაკეთება პოლიტიკური ხაზით მოხდა და ნორვეგიამ სააკაშვილის რეჟიმის სრული მხარდაჭერა არჩია. ესეც, ალბათ, გეოსტრატეგიული შეფასებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუმცა მთავარი კითხვა ის არის,ვართ თუ არა მზად იმისთვის რომ იმ დანაშაულების გამო, რომლის თანამონაწილენი ჩვენც აღმოვჩნდით, პასუხისმგებლობა ვიკისროთ.

სტატიის ქართული თარგმანი გამოქვეყნდა „ფეისბუკზე“,
ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე

ორიგინალი

ახალი ამბები