კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აჯანყებული გურული“ ნაგავსაყრელზე მოისროლეს

18 ნოემბერი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

17 ნოემბერს ლანჩხუთში გვიან ღამით კვარცხლბეკიდან „აჯანყებული გურულის“ ძეგლი მოხსნეს. მანამდე მოსახლეობაში გავრცელდა ჭორი, თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თქვა - თუკი ხალხს ასე უნდა, გურულის ძეგლი ადგილზე დარჩესო. 

აჯანყებული გურულის დემონტაჟის შესახებ ექსკლუზიური კადრები „გურია ნიუსმა“ გაავრცელა. გამოცემის ჟურნალისტები ძეგლის დემონტაჟისას შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ და რეპორტაჟიც მოამზადეს. მათი ინფორმაციით, მოსახლეობა დემონტაჟის წინააღმდეგი იყო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ საქმისთვის გვიანი ღამე იმიტომ შეარჩია. ძეგლთან ჟურნალისტების მისვლიდან რამდენიმე წუთში იქვე პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ავტომობილები გამოჩნდნენ.

„გურია ნიუსმა“ ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ აღმოაჩინა სპეცტექნიკა - ამწე და ღია ტიპის სატვირთო ავტომობილი. მათ მიერ ფოტოების გადაღებისას ერთ-ერთი ავტომობილიდან მძღოლი გადმოვიდა.

- რას უღებთ სურათს, რა ხდება? - იკითხა მან.

- მანქანებს გადავუღეთ. თქვენია?

- დიახ.

- ფოტოები გადავიღე მხოლოდ.

- რატომ?

- ჟურნალისტი ვარ.

- ჩვენ რა შუაში ვართ?

- არაფერში, რაიმე დაგაბრალეთ?

- აბა, რატომ გადაიღეთ? ჩვენ არაფერს ვაშავებთ!

- კარგია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, არც თუ კარგ საქმეზე უნდა იყოთ.

ამ დროს მძღოლი მანქანისკენ წავიდა და ჟურნალისტებმა ბოლო კითხვა გზაში მიაწიეს: „საიდან ხართ?“ „ფოთიდან“, - იყო პასუხი.

ამის შემდეგ „გურია ნიუსმა“ ძეგლის დემონტაჟის პროცესი სრულად გადაიღო და ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა. მომდევნო დღეს კი გამოცემის ჟურნალისტებმა ქალაქის ცენტრიდან აღებული „აჯანყებული გურულის“ ძეგლი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე აღმოაჩინეს!

ძეგლის თავით ღორღის გროვაზე იდო, „უხერხულ ადგილზე“ კი ბრეზენტი ჰქონდა შემოფარებული.

ახალი ამბები