კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შანტაჟისტი პოლიციელი ნაპოვნია

22 ნოემბერი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

გაზეთმა „ბათუმელებმა“ მიაკვლია იმ პირს, ვინც გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს, თედო ჯორბენაძეს 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, შანტაჟის გზით, აიძულებდა სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. გაზეთი „ბათუმელები“ მის პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს.

1971 წელს დაბადებული დავით დევნოზაშვილი თბილისში, დოლიძის 26-ე კორპუსში ცხოვრობს.  მისი ამოცნობა გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შეძლო, რომელმაც დევნოზაშვილს სახლში შპს „ბათუმელების“ თანამშრომლებთან ერთად, 20 ნოემბერს მიაკითხა.

მზია ამაღლობელი, გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი: „კარი თვითონ გაგვიხსნა. შევახსენე თავი, რომ ჩვენ შევხვედრილვართ ბათუმში, ყოფილი უშიშროების შენობაში. ვუთხარი, რომ ინტერვიუ მინდოდა 2009 წლის 25 ნოემბერს თედო ჯორბენაძის დააშანტაჟების ფაქტზე. ისიც ვუთხარი, რომ პროკურატურა ეძებს დამნაშავეს, რომელიც თვითონ იყო. მან კარები დაგვიხურა. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ჩვენ ამოვიცანით, რადგან თედო ჯორბენაძესთან ერთად ვიყავით იმ დროს ყოფილი უშიშროების შენობაში.

შემდგომ ჩვენ გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, რათა მომხდარიყო ფაქტის ოქმში დაფიქსირება, რომ დავით დევნოზაშვილი არის სწორედ ის პირი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებით აშანტაჟებდა ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეს. საპატრულო პოლიცია ერთი საათი მსჯელობდა, შიგადაშიგ სატელეფონო კონსულტაციებს გადიოდნენ“.

როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა მასთან და განუცხადა, რომ ხელმძღვანელობას ესაუბრნენ, დაადასტურეს, რომ გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს აღნიშნულ ბინაზე თვალთვალი. „საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არ გააფორმა სათანადო აქტი და მიატოვა გამოძახების ადგილი“. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის უფროსი კაპიტანი ხვიჩა კირვალიძე იყო.

გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2009 წლის 26 ნოემბერს მიმართა პროკურატურას საქმის აღძვრის მოთხოვნით. ორი წლის მანძილზე საქმე არ გახსნილა და „ბათუმელები“ პროკურატურისგან პასუხს ვერ იღებდა: „პროკურატურამ ვერ მოახერხა იმ პირების პოვნა, რომლებმაც 25 ნოემბერს თედო ჯორბენაძე ბათუმში, გრიბოედოვის ქ.#4-ში დაიბარეს და დააშანტაჟეს. კერძოდ, დევნოზაშვილის ჯორბენაძეს ეუბნებოდა, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, გაავრცელებდნენ მის „მაკომპრომეტირებელ ფოტოებს“. ამ დროს თედო ჯორბენაძესთან ერთად ვიყავით გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და მე, გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი”, - აცხადებს მზია ამაღლობელი.

2009 წლის დეკემბერში გამოძიებამ თედო ჯორბენაძეს, მზია ამაღლობელსა და ეთერ თურაძეს ამოსაცნობად წარუდგინა ფოტოები, თუმცა მათ შორის არ იყო ვინმე „ბატონი დავითის“ ფოტო. ორწლიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად „ბათუმელებმა“ მიაგნო  „ვინმე დავითს“ - დავით დევნოზაშვილს.

„ჩვენი პროკურატურას რამდენჯერმე გავუგზავნეთ წერილი და მოვითხოვეთ გარკვევა, თუ რა ხდებოდა აღნიშნული შანტაჟის ფაქტის გამოგამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხად მხოლოდ იმას ვუღებდით, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, ვერ მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას. დღეს დილით კი პროკურატურას ჩავაბარეთ განცხადება ამ პირის - დავით დევნოზაშვილის  ამოცნობის შესახებ“, აცხადებს მზია ამაღლობელი.

განცხადებაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსაც გაეგზავნა, გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი მოითხოვს: „1. დაუყოვნებლივ მოგვაწოდეთ ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ინფორმაცია), რომელიც არის რეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში 2011 წლის 20 ნოემბერს გაზეთ “ბათუმელების” მიერ გაკეთებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით. 2. დაგვიბარეთ და დეტალურად გაარკვიეთ იმ დღეს მომხდარი ფაქტები; 3. გამოავლინოთ დამრღვევი პოლიციის თანამშრომლები და დარღვევის სიმძიმის მიხედვით მისცეთ პასუხისმგებლობაში.

მაშინ, როცა გამოძიება ვინმე დავითს “უშედეგოდ” ეძებდა, საქართველოს პრეზიდენტმა  2011 წლის 11 ივლისის #11/07/02 განკარგულებით, დავით დევნოზაშვილს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის #36-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 67,17 კვადრატული მეტრი ბინა 1 ლარად კერძო საკუთრებაში გადასცა.

ინფორმაციითვის, 2009 წლის 25 ნოემბერს ქ. ბათუმში გაურკვეველმა პირებმა გააჩერეს „გაზეთ ბათუმელების“ თანამშრომელი – თედო ჯორბენაძე. მათივე თქმით, ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ჟურნალისტს მოსთხოვეს განყოფილებაში (ბათუმი, გრიბოედოვის ქ.#4) გაყოლა. აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდნენ გაზეთ „ბათუმელების“ ხელმძღვანელები - მზია ამაღლობელი, ეთერ თურაძე და თედო ჯორბენაძე. თუმცა, მოშორებით გიყვანეს მხოლოდ თედო ჯორბენაძე და მის მიმართ განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა; შანტაჟის და იძულების გზით (აღნიშნული პირები ემუქრებოდნენ, რომ გაუხმაურებდნენ თედო ჯორბენაძის პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომლის გავრცელების შემთხვევაში საზოგადოება მას ზურგს შეაქცევდა და სამსახურსაც დაკარგავდა). ისინი ცდილობდნენ მის დათანხმებას მათთან თანამშრომლობაზე.

ნეტგაზეთის ფოტოები: 1) კაპიტანი ხვიჩა კირვალიძე და მზია ამაღლობელი,2) დავით დევნოზაშვილი

ნეტგაზეთის სტატია იგივე თემაზე 

ახალი ამბები