კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რედაქტორები შიშობენ, რომ მერიის ინიციატივის გამო, თბილისში დამოუკიდებელი პრესის გავრცელება შეფერხდება

24 ნოემბერი, 2011

გაზეთების ხელმძღვანელთა უმრავლესობა პრესის გავრცელების გადასარჩენად ერთიანობის აუცილებლობას ხედავს. დედაქალაქში არსებული პრესის ჯიხურების დახურვის საფრთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოცემის ხელმძღვანელებს გაზეთი „რეზონანსი“ ესაუბრა.

„ალიას“ რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას პრესის გავრცელების სფეროს მონოპოლიზაცია აქვს განზრახული და ამას თავისუფალმა მედიამ ხელი უნდა შეუშალოს.

„საჭიროა, დამოუკიდებელი მედიის კონსოლიდაცია მოხდეს. ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დამოუკიდებელი პრესის გავრცელებას არ შეექმნას საფრთხე“, - აცხადებს ტიკარაძე.

იმავე საფრთხეს ხედავს გაზეთ „ახალი თაობის“ რედაქტორი სოსო გოგინაშვილიც. „თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, პრესის გავრცელება შეუძლებელი გახდება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საფრთხე ნულამდე დავიყვანოთ. რაც ხდება, ეს არ არის კარგი არც პრესისთვის, არც საზოგადოებისთვის და მათ შორის - არც ხელისუფლებისთვის“, - აღნიშნა გოგინაშვილმა.

„ვერსიის“ რედაქტორი მაია ფურცელაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლებას პრესის გავრცელების კონტროლით უნდა მისი დამორჩილება, რადგან სხვანაირად დამოუკიდებელ მედიას ვერ მოერია.

„თავისუფალი პრესის წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ საფრთხეებს შეაჩერებენ“, - აცხადებს ფურცელაძე.

„კვირის პალიტრის“ დამფუძნებელ ირაკლი თევდორაშვილის აზრით, თბილისის მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების განთავსებასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონი პრესის გავრცელებას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

„მიმაჩნია, რომ ზოგადად ამ პრობლემის მოგვარება საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს, რადგან ბევრი შეტევა გვახსოვს ამ სფეროს მიმართ. კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ვფიქრობ, იმ გამავრცელებლებს, ვისაც მერია ჯიხურების აღებას სთხოვს, უნდა მიეცეთ საშუალება, ფიქსირებულ ფასად მიიღონ მუშაობის გაგრძელების უფლება, თუნდაც მერიამ მათ ახალი ჯიხურების დადგმა მოსთხოვოს, ისეთის, როგორიც თავის საიტზე უდევს. პრესის გამავრცელებელი კომპანია არ უნდა იყოს სასმელის და, თუნდაც შაურმის ბიზნესში ჩართულ პირებთან თანაბარ კონკურენციაში“, - განუცხადა ირაკლი თევდორაშვილმა „რეზონანსს“.

ამასთან, მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში საფრთხეს ვერ ხედავს მხოლოდ გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი პაატა ვეშაპიძე.

„ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ ამაში. რაც მეტი ჯიხური იქნება, მეტი პრესა გაიყიდება. ეს ჯიხურები იდგმება არა პრესის გავრცელებისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა პროდუქტის გასაყიდად, შაურმიდან დაწყებული, ფეხსაცმლით დამთავრებული. ამიტომ, ვერ გეტყვით, რომ აქ რამე საფრთხე არსებობს. შაურმის ჭამა პრესის კითხვას არ უშლის ხელს“, - მიიჩნევს პაატა ვეშაპიძე.

„რეზონანსი“ რეგიონული პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძესაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონით ხელისუფლება თავისუფალი მედიისთვის საარსებო სივრცის გადაკეტვას ცდილობს.

„ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება ხელისუფლებას ეს? იმაში, რომ პრესა არის ნაკლებად კონტროლირებადი. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა პრესის სრულად დამორჩილება“, - აცხადებს მამალაძე.

„რეზონანსის“ ინფორმაციით, მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების შესახებ აუქციონი ძირითადად სწორედ იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები