კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალი დემოკრატები“ თანაგუნდელის დაკავებას აპროტესტებენ

24 ნოემბერი, 2011

„თავისუფალი დემოკრატები“ სენაკის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის, რევაზ ხულორდავას დაკავებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა 23 ნოემბერს, პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. მისი თქმით, ხულორდავა პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული.

წულუკიანის ცნობით, ხულორდავა 2011 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დააკავეს, შემდეგ კი გადაიყვანეს ზუგდიდში, სადაც 22 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„რევაზ ხულორდავას ბრალი, რომ თითქოსდა დაჭრა კაცი იქ და იმ დროს, სადაც და რა დროსაც იგი არ იმყოფებოდა. დაზარალებული დავით მგალობლიშვილი დაჭრილია 2011 წლის 15 სექტემბერს სენაკის მკვიდრ ვინმე ბერულავას ოჯახში, საიდანაც რევაზ ხულორდავა 20:30 საათისთვის წავიდა კიდევ ერთ სტუმარ რობერტ შალამბერიძესთან ერთად. მგალობლიშვილის დაჭრეს 22:00 საათის შემდეგ, რადგან სასწრაფო გამოძახებულია 22.30 საათზე. ბერულავას ოჯახიდან გამოსული რევაზ ხულორდავა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას შეხვდა და ესაუბრა ჯერ იზოლდა ჭითავას, შემდეგ გია ხოშტარიას, სუპერმარკეტის გამყიდველის, რევაზ ზარანდიას მეუღლეს, ხოლო შემდეგ წავიდა შინ და გზად შეიძინა საკვები დალი ჭითავას მაღაზიაში. შინ მისულ რევაზ ხულორდავას სახლში დახვდა მეუღლე და ძმისშვილი ანანო. მეორე დილით, წავიდა სამსახურში და სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ ახლა, ორი თვის შემდეგ გაახსენდათ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე თურმე ხულორდავა ყოფილა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ბერულავას ოჯახი ხულორდავას საწინააღმდეგო ჩვენებებს არ იძლევა. საქმეში ფიგურირებს ბერულავას სიძე, თემურ ლუტიძე, რომელსაც აფხაზეთში უნდოდა გადასვლა და შესაძლოა, უკვე აფხაზეთს აფარებდეს თავს.

წულუკიანის მტკიცებით, მოცემული საქმე არის პოლიტიკური ანგარიშსწორება რევაზ ხულორდავასადმი, რადგან იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული კრიტიკით ადგილობრივი ხელისუფლებისადმი კორუფციისა და სახსრების არაპრიორიტეტული ხარჯვის საკითხში.

როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, ხულორდავას „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ ჩამოშორება დიდი ხანია, ადგილობრივი ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა, რადგან მისი განზე გადგომა „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის დაშლას და კიდევ ერთი კრიტიკული აზრის ჩახშობას ნიშნავს.

წულუკიანი მოუწოდებს სენაკის მკვიდრს, მასპინძელ ბერულავას, მის სტუმარს - ბატონ წულეისკირს, გამოვიდნენ, როგორც თვითმხილველები და თქვან, ვინ დაჭრა დავით მგალობლიშვილი. „ასევე მინდა, მოვუწოდო გამომძიებელ ნინო კვარაცხელიას და მისთვის ინსტრუქციების მიმცემ როლანდ ახალაიას, დაინტერესდნენ, სად არის მიმალული თემურ ლუტიძე, რომელიც მასპინძლის სიძეა და სავარაუდოდ, უნდა იყოს მგალობლიშვილის დამჭრელი. ახალაია, აგრეთვე, უნდა დაინტერესდეს, რატომ სცემეს ბერულავა და წულეისკირი დაკითხვისას მოთხოვნით, „ჩაეშვათ“ ხულორდავა. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს და ტყუილი არ იკადრეს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა მკაცრად გააკრიტიკა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავა და მას „თავისუფალ დემოკრატებში“ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის უფასო კურსები შესთავაზა. მისი თქმით, ირაკლი აბშილავამ სხვა ბრალდებულის საქმიდან ამოიღო გადაწყვეტილება, უბრალოდ, შეცვალა ხელით ბრალდებულის გვარი ხულორდავას გვარით და ასე დაადგინა, რომ აუცილებელი იყო ხულორდავას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.

ვიდეო

 პალიტრა.ტვ

ახალი ამბები