15:04, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შორენა ხანგოშვილის საქმე სასამართლო განხილვის გარეშე დასრულდა

29.11.2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

პროკურატურამ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ყოფილ ჟურნალისტთან შორენა (ასმათ) ხანგოშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ხანგოშვილმა შეთანხმების სანაცვლოდ ბრალდება აღიარა. პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვაში ადანაშაულებდა.

ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც 2007 წლიდან როდი სკოტის ფონდის თანამშრომელია და პანკისის ხეობაში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის, სამართალდამცავებმა 2011 წლის 16 სექტემბერს, ახმეტაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შორენა ხანგოშვილი პანკისიდან ახმეტაში საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად იყო ჩასული. როდი სკოტის ფონდის ხელშეწყობით, იგი უცხოეთში სტაჟირებაზე წასვლას ფიქრობდა.

დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციები გაიმართა. სოფელ დუისის მაცხოვრებლები დაკავებულის დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავდნენ. აქციის ზოგიერთი მონაწილე შორენა ხანგოშვილის დაკავებას მის ძებნილ ძმას მუსლიმ ხანგოშვილს უკავშირებდა. „პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენას დაკავების შემდეგ მუსლიმ ხანგოშვილი მათ ჩაბარდება“, - ვარაუდობდნენ აქციის მონაწილეები.

ხანგოშვილის ახლობლები დაკავების მიზეზად შურისძიებასაც განიხილავდნენ. მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ, პანკისში ერთი ქალი მოკლეს. მკვლელობას შორენას ძმას მუსლიმ ხანგოშვილს აბრალებდნენ, რომელიც მაშინ პანკისში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტთან შოთა ჭიჭიაშვილთან მეგობრობდა. ჭიჭიაშვილი და ხანგოშვილების ოჯახი ერთმანეთის ნათესავები არიან. მუსლიმ ხანგოშვილზე ძებნა სწორედ ჭიჭიაშვილის დაკავების შემდეგ გამოცხადდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად სოდ-ის თანამშრომლის მეუღლეა. დაკავებულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შურისძიების მიზნით, შორენას დაკავება შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. „ჩვენთან, შური შესაძლოა 20-30 წლის შემდეგაც იძიონ, არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი“, - აღნიშნეს დუისის მაცხოვრებლებმა.

პანკისის ხეობის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ შორენა (ასმათ) ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმავე საღამოს როდი სკოტის ფონდმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელობა გამორიცხავდა, რომ შორენა (ასმათ) ხანგოშვილი ნარკოდანაშაულის მონაწილე ყოფილიყო. როდი სკოტი ახალგაზრდა ინგლისელი ჟურნალისტი იყო, რომელიც ჩეჩნეთში მოკლეს. მისი სახელობის ფონდი კერძო შეწირულობებით დაარსდა. ფონდის ხელშეწყობით პანკისის ხეობაში 4 წლის განმავლობაში 160 სტუდენტს ინგლისური ენა და კომპიუტერთან მუშაობა შეასწავლეს. ფონდის ხელმძღვანელების შეფასებით, შორენა ხანგოშვილი მათი ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელია.

ოფიციალური ინფორმაციით, შორენა ხანგოშვილს ბრალად ედებოდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გაგზავნა ან გასაღება). დანაშაული შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

19 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შორენა ხანგოშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება, 5000-ლარიანი გირაოთი შეცვალა. შორენა ხანგოშვილი პატიმრობიდან გვიან ღამით გაათავისუფლეს. იგი დანაშაულს არ აღიარებდა.

„როდი სკოტის“ ფონდის მიმართვის საფუძველზე და მედიით გავრცელებული მასალებით საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ. ოქტომბრის ბოლო რიცხვებში პანკისის ხეობაში საქართველოში ესტონეთის ელჩი, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ. დიპლომატები შორენა ხანგოშვილს პირადად შეხვდნენ და ისაუბრეს.

საქმის განხილვა სასამართლოში 10 ნოემბერს იყო დანიშნული. თუმცა, შორენა ხანგოშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ნოემბერს დაიბარეს. პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ შორენა ხანგოშვილს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა, რაზედაც ბრალდებული დათანხმდა. გარიგების თანახმად, შორენა ხანგოშვილმა დანაშაული აღიარა.

„დავთანხმდი აბა რა მექნა? მე ქალი ვარ, გოგონა მყავს. სხვა რა გზა მქონდა?! ახლა თავისუფალი ვარ, სახლში ვარ და სკოლაშიც ვაგრძელებ მუშაობას“, - აღნიშნა შორენა ხანგოშვილმა. მას 6-თვიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმის სახით 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. საქმე სასამართლო განხილვის გარეშე დასრულდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC