კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ გადაძვრა ეროსი ღობეზე?

30 ნოემბერი, 2011

ალეკო ცქიტიშვილი

30 ნოემბერს დილით „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ეროსი კიწმარიშვილი 10 თანმხლებ პირთან ერთად ტელეკომპანია „მაესტროს“ ეზოს ღობეზე გადაძვრა და ტელეკომპანიის მუშაობა შეაჩერა. სამუშაო პროცესის პარალიზების გამო „მაესტროს“ ეთერიც გაითიშა.

შემთხვევის ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, „მაესტროს“ დამფუძნებლებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა დილით ტელევიზიის შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან იქ ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირთან ერთად გამაგრდა და თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ მისცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიასთან უცნობ პირთან ერთად 07:15 საათზე მივიდა, ისინი ღობეზე გადაძვრნენ და მას შემდეგ სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს. აღნიშნული ფაქტის გამო ტელეკომპანიის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავები ვითარების გასარკვევად „მაესტროს“ ოფისში შევიდნენ.

„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილი „რუსთავის მართვის კომპანია“ ტელეკომპანია „მაესტროს“ 2009 წლიდან მართავს. „ჩვენ ვართ „მაესტროში“ და „მაესტრო“ გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა და იქნება თავისუფალი პრესის ციტადელი საქართველოში“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კიწმარიშვილმა და დასძინა, რომ იგი ტელეკომპანია „მაესტროს“ დატოვებას არ აპირებს . 

„მე მოვედი, როგორც მედიის მართვის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მართავს „მაესტროს“. მოვედით ჩვენს მართვის ქვეშ არსებულ კომპანიაში. კომპანიაში დაგვხვდა ადამიანი, რომელმაც გამოუძახა პატრულს, არ მოგვცა კომპანიაში შესვლის საშუალება. პოლიციას შეატყობინა ვინმე ილია კიკაბიძემ, რომელიც მართვის კომპანიის გუშინდელი ბრძანებით გათავისუფლებულია თანამდებობიდან. ამ დროისთვის პატრული და ეს ადამიანი ახორციელებენ საპროცესო მოქმედებას“, - განაცხადა კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, იგი აგრძელებს მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის საქმიანობას. თუმცა, ამაში ხელს უშლიან „მაესტროს" დამფუძნებლები, რადგან ისინი არ აძლევენ საშუალებას ჟურნალისტებს და თანამშრომლებს, მათი კუთვნილი ტერიტორია დაიკავონ.

მართვის კომპანიის ხელმძღვანელის ქმედებებმა და განცხადებებმა ტელეკომპანიის დამფუძნებლები მწარე ხუმრობის ხასიათზე დააყენა. „როგორ არ ვიცი, მაგრამ ეროსი კიწმარიშვილმა მოხსნა ტელევიზიის გენერალური დირექტორი, მომხსნა მეც, ოღონდ - საიდან მომხსნა, არ ვიცი. დამიზუსტებს, ალბათ. თანამდებობიდან მოხსნა კიდევ რამდენიმე ადამიანი და ახლა გამაგრებულია ტელევიზიაში საპატრულო პოლიციასთან ერთად“, - განაცხადა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა რადიო „პალიტრის“ ეთერში.

„ურთიერთობების გარკვევისთვის ტელეკომპანიის დაპატიმრება და დაპყრობა აუცილებელი არ არის“, - განაცხადა „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეკა აკობიამ განუცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის ყოველთვის არსებობდა საშუალება, რომ ურთიერთობები საუბრით გარკვეულიყო და არა ტელეკომპანიის დაპყრობით.

როგორც აკობიამ აღნიშნა, მისთვის და სხვა თანამშრომლებისთვის დაუჯერებელიცაა ეროსი კიწმარიშვილის ქმედება, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროში“ დილით ადრე 10 უცნობ პირთან ერთად მივიდა, ღობეზე გადაძვრა, ტელეკომპანიის ეზოში შეაღწია და „მაესტროს“ თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ მისცა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება არ აქვს. ეს ტელეკომპანიის დამფუძნებლების პრეროგატივაა.

კიკაბიძის თქმით, იგი დანიშნულია კრების ოქმის საფუძველზე დამფუძნებლების მიერ. „მაესტროს“ ცალმხრივად შეუძლია კონტრაქტის შეწყვეტა მმართველ კომპანიასთან, რომელსაც კიწმარიშვილი წარმოადგენს.

მოგვიანებით ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის ტერიტორიაზე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები შეუშვა და განცხადება გააკეთა.

მისივე თქმით, დილით ადრე მივიდა „მაესტროში“, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა. ამის შემდეგ გამოიყენა თავისი „ალპინისტური გამოცდილება“ და ტელეკომპანიის ეზოში ღობეზე გადაძრომით მოხვდა.

„სამი წლის განმავლობაში ტელეკომპანია “მაესტროს” ასაღორძინებლად ოთხმილიონნახევარი დოლარი მოვიზიდე და არხი რეიტინგული გავხადე. უფლება მაქვს, ჩავერიო ტელეკომპანიის მართვაში და, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, არხიდან დამეთხოვა „მაესტროს“ პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, აგრეთვე – ლევან ჩიკვაიძე“, - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პირებს გარკვეული წილები აქვთ ტელეკომპანია „მაესტროში“. ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ, როგორც თანამშრომლები და არა – როგორც მეწილეები.

ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, მას უნდოდა საეთერო სტუდიაში შესვლა, თუმცა ლევან ჩიკვაიძემ ტელეკომპანიის ყველა კარი ჩაკეტა და გასაღები გადააგდო: „გუშინ ვაპირებდი მისვლას ტელეკომპანია „მაესტროში“, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო საღამოს ეთერში ბიძინა ივანიშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. გუშინდელი გადაცემის შემდეგ კი, დილით ადრე მივედი „მაესტროში“ და დავიწყე კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელება“.

როგორც კიწმარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მაუწყებლობა შეწყვეტილია ტელეკომპანიის დამფუძნებლების მიზეზით, რომლებიც „მაესტროს“ თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. „ვეცდები, თანამშრომლებთან ერთად, მაქსიმალურად მოკლე დროში აღვადგინო მაუწყებლობა“, - თქვა მან.

კონფლიქტის სათავე

ეროსი კიწმარიშვილსა და ტელეკომპანია „მაესტროს“ დაფუძნებლებს შორის არსებული კონფლიქტი 29 ნოემბერს გახმაურდა. ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა კიწრამიშვილი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში დააადანაშაულეს.
 
დამფუძნებლების მიერ 29 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის მფლობელებსა და დირექციასთან შეუთანხმებლად ჟურნალისტებთან და პროდიუსერებთან თათბირის გამართვა მოისუვა. „ვთვლით, რომ ეს ქმედება არის „მაესტროს" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტის თქმით, აღნიშნული ქმედება შესაძლოა „რუსთავის მართვის კომპანიასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გახდეს.

„დირექციასთან შეუთანხმებლად თანამშრომლებთან თათბირის გამართვის უფლება არა აქვს არათუ ეროსი კიწმარიშვილს, არამედ დამფუძნებლებსაც, მასთან ურთიერთობის გაწყვეტის  ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს გახდეს“, - თქვა ღლონტმა „მაესტროს“ ეთერში.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ილია (ბაჩო) კიკაბიძეც ადასტურებს, რომ „რუსთავის მართვის კომპანიასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე მსჯელობას დაიწყებენ.

„არ ვიცი, რა თემაზე სურდა კიწმარიშვილს თათბირის გამართვა. იგი ჩემი გვერდის ავლით ჟურნალისტებს ვერ შეხვდება. თუ საქმე აქვს - მე დამელაპარაკოს. ხელმძღვანელები გადავწყვეტთ,  როგორ გაგრძელდება მასთან ურთიერთობა,“ - უთხრა Media.Ge-ს ილია კიკაბიძემ.

დამფუძნებლების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მმართველ კომპანიას დაგროვილი აქვს დავალიანება ტელეკომპანიის რამდენიმე პარტნიორთან, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის „მაესტროს“ ნორმალურ ფუნქციონირებას.

„რუსთავის მართვის კომპანიას“ ტელეკომპანიის მართვის უფლება 2009 წელს სამი წლის ვადით გადაეცა. „მაესტროს“ დამფუძნებლები ფინანსური პრობლემების  მოუგვარებლობის გამო კიწმარიშვილს ხელშეკრულების გაწყვეტით 2010 წელსაც დაემუქრნენ. მაშინ ხელმძღვანელები კიწმარიშვილს ხელშეკრულების იმ პირობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ, რომლის მიხედვითაც „რუსთავის მართვის კომპანიას“ ტელეკომპანია ფინანსურად უნდა უზრუნველეყო.

მამუკა ღლონტი ეროსი კიწმარიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე კიდევ ერთხელ მიმდინარე წლის ოქტომბერში ალაპარაკდა. მაშინ კიწმარიშვილმა ასევე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად პოლიტიკაში წასულ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს „მაესტროს“ მართვის უფლების ერთ ლარად მიყიდვა შესთავაზა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს კოწმარიშვილისგან გამიჯვნა ურჩია.

შეფასებები

ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის თქმით, „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტელეკომპანიასთან პოლიტიკოსის გაკარება არ შეიძლება.

„წლებია, ამას ვამბობ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პოლიტიკოსის გაკარება ტელევიზიასთან არ შეიძლება. სასაცილოა პოსტულატი - „ყველასგან ავიღებთ ფულს, ოღონდ არაფერი მოგთხოვონ“. ფულს ტყუილად არავინ იძლევა, მით უმეტეს - პოლიტიკოსები. მე ეს ყოველთვის ვიცოდი და თუ მამუკა ღლონტმა არ იცოდა და ახლა აღმოაჩინა, მით უარესი მისთვის“, - განუცხადა ჯანგირაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

მისივე განმარტებით, კიწმარიშვილის „მაესტროში“ შესვლის ფაქტი მიუღებელია, მაგრამ ფიქრობს, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ რაც ხდება, ყველაფერში დამნაშავე სწორედ მამუკა ღლონტია.

„სამართლებრივ საკითხებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალისტებს არა აქვთ მუშაობის საშუალება და ეს არის ჩემთვის მთავარი.   ტელეკომპანიებს „კავკასიას“ და „მაესტროს“ საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან ხალხს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ყველა, ვინც ამ პროცესს უშლის ხელს, ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია, იქნება ეს მამუკა ღლონტი თუ ეროსი კიწმარიშვილი. რასაც კიწმარიშვილი აკეთებს, წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია ის, რომ კიწმარიშვილს თავიდანვე მიეცა ამის გაკეთების საშუალება. მე ამაში ვადანაშაულებ მამუკა ღლონტს“, - აღნიშნა ჯანგირაშვილმა.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე ეჭვობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი სახელისუფლებო ინტერესებისგან დისტანცირებული არ არის.

„ვფიქრობ, არავის აქვს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის უფლება. აქედან გამომდინარე, ვგმობ ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან ტელევიზიაში შეჭრის ფაქტს. მაშინ, როცა ტელეკომპანია ძალიან საინტერესოა და მოვლენების ავაგარდში დგას, ასეთი ქმედება იწვევს ეჭვებს, რომ კიწმარიშვილი არ არის დისტანცირებული სახელისუფლებო ინტერესებისგან, რის შესახებაც, ის ბოლო სამი წლის განმავლობაში გვარწმუნებდა“, - განუცხადა ჩაფიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ტელეკომპანიის შენობასთან „მაესტროს“ თანამშრომლებთან ერთად იდგა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რომელმაც რადიო „პალიტრის“ ეთერში ჩართვისას საბოლოოდ დაადასტურა პარტიიდან წასვლის შესახებ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია. 

მისი თქმით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია. თუმცა, „მაესტროს“ გარშემო განვითარებული მოვლენების იურიდიული კვალიფიკაციისგან თავი შეიკავა.

უკანასკნელი ცნობები

დაახლოებით 11:00 საათისთვის „მაესტროს“ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა ტელეკომპანიის დიდი ჭიშკრის გაღება შეძლო, საიდანაც შენობაში შესვლა მოახერხა ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ნაწილმა. თუმცა, რამდენიმე წუთში საქმეში ჩაერთო საპატრულო პოლიცია, რომელმაც ჭიშკარი ჩაკეტა და სხვა ადამიანებს შენობაში შესვლის საშუალება აღარ მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიცია „მაესტროს“ დამფუძნებლებმა გამოიძახეს, პატრულმა არაფერი იღონა შენობის ტერიტორიიდან მისი და სხვა სრულიად უცხო პირების გასაძევებლად. პატრული შენობაში არ უშვებდა ტელევიზიის დამფუძნებლებს და თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან საკითხზე გავრცელებულ განცხადებაში მოკლე და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოსულ იქნა შეტყობინება ტელეკომპანია „მაესტროდან“, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი. საპატრულო პოლიციის ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა“.

საახლოებით 13:00 საათისთვის „მაესტრომ“ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. მაუწყებლობა განხორციელდა ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის ნაწილის საშუალებით, რომლებმაც შენობაში შესვლა მოახერხეს.

მამუკა ღლონტმა ყველა დამფუძნებლის სახელით, „რუსთავის მართვის კომპანიასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

„დამფუძნებელთა 100%-ის სახელით ჩვენ ვწყვეტთ ხელშეკრულებას ეროსი კიწმარიშვილის კომპანიასთან, რადგან მან ძალა იხმარა ტელეკომპანიის თანამშრომლებზე და შეწყვიტა საწარმოო პროცესი. მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ნათელია, ამ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ მზადდება სპეცოპერაცია „იმედი 2“. დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მაესტროს“ დაკეტვის საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

ამის მიუხედავად, ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის ეზოს დატოვებას არ აპირებს. „ტელეკომპანია „მაესტროს“ 2012 წლის 30 ნოემბრის შემდეგ დავტოვებ. მმართველ კომპანიას კონტრაქტი სწორედ ამ დროს ეწურება“, - განაცხადა მან.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლების ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს. მისი თქმით, პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის მუხლით.

ინტერპრესნიუსის ფოტო

ახალი ამბები