კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

15 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს

1 დეკემბერი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

თხუთმეტი ქართველი და სამი თურქი მეზღვაურის ბედი წელიწადზე მეტია, გაურკვეველია. ისინი რომ ცოცხლები არიან, ამას ადასტურებს ორი ფოტო, რომლებიც 30 ოქტომბერს სომალელმა მეკობრეებმა ინტერნეტით გაავრცელეს. ორივე ფოტოსურათი დატყვევებული ტანკერის, „ოლიბ ჯის“ ბაქანზეა გადაღებული და მასზე შეიარაღებული და ნიღბიანი მეკობრეებიც ჩანან.

თემურ ბედინაძე, დავით დევაძე, მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, თემურ მახარაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ჯიმშერ ასანიძე, ასლან დემურაძე, ანზორ ფარტენაძე, ირაკლი ჯიქიძე, ნუკრი ჯიჯავაძე, თემურ ვარშანიძე, გენადი ტიმოფეევი – ეს იმ ქართველ მეზღვაურთა სახელ-გვარებია, რომლებიც 450 დღეა, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებიან. მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „ოლიბ ჯი“ სომალელ მეკობრეებს 2010 წლის 7 სექტემბერს ადენის ყურეში ჩაუვარდათ ხელში.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენიმე დატყვევებული მეზღვაურის ოჯახის წევრს დაუკავშირდა კომენტარისთვის. თუმცა, მეზღვაურთა ნათესავები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბარი მათ აუკრძალეს. ნაწილი კი ამბობს, რომ მედიასთან ურთიერთობა მათ მეზღვაურთა უცხოელმა ადვოკატებმაც აუკრძალეს, რათა საკითხის ფართოდ განხილვამ მეკობრეები ზედმეტად არ გააღიზიანოს.

ნაირა ხალვაშის მეუღლე თემურ ბედინაძე 35 წელია, უფროსი მექანიკოსია. ცოლს იგი ბოლოს 8 თვის წინ დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში ბედინაძე შველას ითხოვდა.

ნაირა ხალვაში ამბობს, რომ ერთი კვირის წინ დატყვევებული მეზღვაურების ნათესავები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ მათ რაიმე სიახლე არ უცნობებიათ: „ჩვენ ვხდებით მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის წარმომადგენელს ზურაბ ბერიძეს. თვითონ ვარშალომიძე არ გვხდება - ხან საქმე აქვს, ხან სტუმრები ჰყავს, როგორც გვეუბნებიან. მთავრობა შეიძლება რაიმეს საიდუმლოდ აკეთებს მათ დასასხნელად, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჩანს. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობას შეუძლია გადაიხადოს ეს თანხა, მაგრამ რატომ არ იხდის, არ ვიცი. მე შველას ვითხოვ და იქნებ, პრეზიდენტს იგივე შეკითხვა დაუსვათ: რატომ არ იხდის მთავრობა ამ ადამიანების სიცოცხლისთვის გამოსასყიდ თანხას, მაშინ, როცა კონცერტებსა და ქანდაკებების გახსნაში მილიონები იხარჯება? თემურის ათას ფოტოსურათს მირჩევნია, ერთხელ მისი ხმა გამაგონონ. მე ვითხოვ, ერთხელ ჩემმა მეუღლემ დამირეკოს. ჩემი მეუღლე რომ მირეკავდა, მეუბნებოდა: არ გაჩერდეო, წვიმასა თუ თოვლში მთავრობა შეაწუხე და აქედან როგორმე ცოცხალი გამიყვანეო“.

ერთი წელიწადია და მესამე თვეა მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობაში არიან. დატყვევებული 15 მეზღვაურის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მათი გათავისუფლებისა და დახმარების მოთხოვნით აჭარის მთავრობის წინ რამდენჯერმე აქციაც გამართეს. ძირითადად, აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ თავმჯდომარის რეზიდენციიდან არავინ გამოდის.

თუ რა ზომებს იღებს საქართველოს ხელისუფლება მეზღვაურთა დასახსნელად, ეს კითხვა TV25 არხის ჟურნალისტმა ნათია როყვამ საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე წლის 25 იანვარს, სატელევიზიო ტელეხიდის დროს დაუსვა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა ამაზე საჯაროდ საუბარი არ ისურვა.

დატყვევებული მეზღვაურების დასახმარებლად „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე ხალხის მიერ შეტანილმა თანხამ 50 000 ლარი შეადგინა. როგორც მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარე ანატოლი ჯიჯავაძე აცხადებს, სოლიდარობის ფონდში ჩარიხული თანხა ტყვეობიდან დახსნის შემდეგ მეზღვაურთა რეაბილიტაციას მოხმარდება: „მეზღვაურთა გადასარჩენად შეგროვილი თანხა კვლავ ანგარიშზე დევს და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, იგი მათ რეაბილიტაციას მოხმარდება. ხოლო დატყვევებულთა შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ცნობებს ადვოკატები არ მაწვდიან“.

არაოფიციალური ინფორმაციით, სომალელი მეკობრეების მოთხოვნა თანდათან იზრდება. პირველად გამოსასყიდის სახით 1 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. ახლა კი მათი მოთხოვნა 9 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.

ახალი ამბები