კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ჩხობაძე: „თრუსოს ხეობა შეიძლება მთლიანად დავკარგოთ“

7 დეკემბერი, 2011

მანანა ქველიაშვილი, ნათია დანელიშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ლარსის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შედეგად, საქართველომ, შესაძლოა, თრუსოს ხეობა მთლიანად დაკარგოს.

ყაზბეგის რაიონში „ლარსიჰესის“ მშენებლობა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მდინარე თერგზე 20 მეგავატიანი ჰესის მშენებლობის პროექტს, რომლის ღირებულება 20 მლნ ლარია, შპს „ენერგია“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, რამდენიმე ობიექტის მშენებლობაა დაგეგმილი, მათ შორის - სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობისა და ჰესის შენობის. კაშხლის სიმაღლე დაახლოებით სამი მეტრი იქნება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსია უკვე გამოქვეყნდა. ანგარიშში წერია, რომ ჰესის მშენებლობა გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას არ მოახდენს.

„ანგარიშის შედეგებიდან გამომდინარე, საკანალიზაციო კოლექტორის, სატუმბო სადგურისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდებში გარემოს არც ერთ ელემენტზე არ აღინიშნება რაიმე სახის ნეგატიური ზემოქმედება და ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაცია არ იწვევს ეკოლოგიური სიტუაციის არავითარ ცვლილებას“, - ნათქვამია „ლარსიჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.

კითხვაზე, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს „ლარსიჰესმა“ საქართველოს ეკონომიკას, შპს „ენერგიას“ ტექნიკური დირექტორი გიორგი გოგავა განმარტავს: „ეკონომიკური ეფექტი ასეთია: ჰესი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, აკმაყოფილებს ელექტროენერგიით ადგილობრივ მოსახლეობას - იმ ზონას, რომელსაც მოიცავს. შესაძლოა, მოხდეს ელექტროენერგიის ექსპორტი და შესაბამისად, გადასახადები შევა ბიუჯეტში“.
 
შპს „ენერგიასთან“ ერთად „ლარსი ჰესის“ მშენებლობაში შპს „ფერიც“ მონაწილეობს. შპს „ფერის“ ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი პარალელურად შპს „დარიალი ენერჯის“ ხელმძღვანელიცაა, რომელიც „დარიალი ჰესს“ აშენებს. ორივე ჰესი მდინარე თერგზე შენდება. ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, „ლარსიჰესის“ მშენებლობაზე 30-მდე ადგილობრივი დასაქმდება და მათი დღიური ანაზღაურება საშუალოდ 20 ლარი იქნება.

შპს „ენერგიას“ ინფორმაციით, „ლარსიჰესის“ მშენებლობა 2013 წლის დეკემბერში დასრულდება.
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობას“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა ტერიტორიების დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ჩხობაძის თქმით, ლარსის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა კანონის დარღვევით დაიწყო და ჰესის მშენებლობის შედეგად, საქართველომ, შესაძლოა, თრუსოს ხეობა მთლიანად დაკარგოს.
 
„ლარსის ჰიდროელექტროსადგური შენდება იმ მონაკვეთზე და იტბორება ის ტერიტორია, რომელიც არის თრუსოს ხეობაში შესასვლელი საქართველოს მხრიდან. ამ გზით შეიძლება ულამაზესი ხეობა დავკარგოთ, რადგან ჰესის აშენების შემდეგ ამ ხეობაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთიდან. მეორე პრობლემა თვითონ დარიალის მდინარეა. ჰესი იმდენ ელექტროენერგიას არ მოგვცემს, რაც შეიძლება ღირდეს ჩრდილოეთის მარშრუტზე ტურისტული პოტენციალის დაკარგვად. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“ 14 ნოემბერს მოითხოვა „ლარსიჰესის“ მშენებლობის ნებართვა, რაც არ ჰქონდათ. სამინისტროდან პასუხი მივიღეთ 29 ნოემბერს, სადაც წერია, რომ 27 ნოემბერს გასცეს ნებართვა. იმის მაგივრად, რომ რეაგირება მოეხდინათ უკანონო მშენებლობაზე, დაჩქარებული ტემპით გასცეს ნებართვა“, - აცხადებს ჩხობაძე.

„ყველაზე დიდი საფრთხე და პრობლემა, რომელიც საქართველოში გამოიკვეთა, ის სტრატეგია და პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს აქვს აღებული. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა გავყიდოთ ელექტროენერგია, რომელსაც გამოვიმუშავებთ ჰიდროელექტროსადგურებით. თითქოს ეს არის ალტერნეტიული ენერგეტიკის წყარო. სინამდვილეში, დიდი, გიგანტური ჰესები საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ საქართველოს კუთხეები იმიტომ, რომ ტენიანობა და დაავადებები მოიმატებს. ადამიანები იქნებიან გადასახლებულები. მარტო ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად 26 ისტორიული ტოპონიმი გაქრება, ხაიში დაიტბორება. მოსახლეობის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ კომპენსაციას მიიღებს. მე ვიცი, რომ ეს არ მოხდება. იმდენ კომპენსაციას მაინც ვერ მისცემენ, რომელიც საქართველოსთვის სვანეთის დაკარგვას აანაზღაურებს. ამიტომ ყველა დიდ ჰესთან და გრანდიოზულ მშენებლობასთან მიმართებაში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობას“ მიაჩნია, რომ ეს შეიძლება საქართველოსთვის დამღუპველი იყოს“, - აღნიშნავს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი.
 
ექსპერტის განმარტებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის შემოღებასა და ენერგოდაზოგვის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაშია.
 
„არსებობს ალტერნატივა - შემოვიღოთ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს არ გააჩნია. თუ სახელმწიფო პოლიტიკა იქნება ენერგოდაზოგვა, ამ შემთხვევაში, გამოვათავისუფლებთ იმდენ ენერგიას, რომლის გაყიდვა ყოველთვის შეიძლება. ძახილი, რომ უშუქოდ მხოლოდ იმიტომ ვიყავით, რომ ხუდონი არ გვქონდა აშენებული, მცდარი აღმოჩნდა. ხუდონი დღესაც არა გვაქვს, მაგრამ შუქი არის“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.
 
თრუსოს ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, უღელტეხილ თრუსოდან სოფ. კობამდე მდებარეობს. ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა (სოფ. კობთან). თრუსოს ხეობა აგებულია ქვედა და შუათურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით, ზედაიურული კარბონატული წყებებით. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). კარგადაა გამოხატული ძველი გამყინვარების ტროგები, ცირკები, მორენები, ვულკანური კონუსები და ლავური ღვარები.

თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში თითქმის არ არის ხეები. ხეობა შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. სოფელ კობამდე მისვლა საქართველოს სამხედრო გზით შეიძლება, იქიდან ხეობაში შედის გრუნტის გზა, რომელზეც გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანით არის შესაძლებელი.

თრუსოს ხეობის სოფლები თითქმის მთლიანად არის დაცლილი. ხეობის პირველ სამ სოფელში ამჟამად ერთადერთი ადამიანი - სიმა ბიდიხოვა ცხოვრობს. მას მხოლოდ ეკლესია ეხმარება.

ფოტოები პორტალიდან www.karavi.ge

ახალი ამბები