კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰერები ჩაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ

8 დეკემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ჰერები საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის გახსნას ითხოვენ. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სამთაწყარო-მუღანლოს ხიდზე მანქანებით გავლა 1 წლის წინ აკრძალა, ხიდის გაუმართაობის მიზეზით. ხიდის გაუმართაობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.

სამთაწყაროში მცხოვრებ ინგილოებს საინგილოში გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ხიდზე ფეხით გავლენ, რაც მათი თქმით, ძალიან მოუხერხებლია და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„საინგილოში ბოლოს ერთი წლის წინ ვიყავი. ადრე კვირაში ხუთჯერ მაინც მივდიოდი. ახლა მანქანით ხიდამდე უნდა მივიდეთ, ხიდზე ფეხით გავიდეთ, ტაქსი გამოვიძახოთ და ასე წვალებით უნდა მივიდეთ იქამდე. საინგილოში ერთი გადასვლა 50 ლარამდე ჯდება. ხიდი პირველად პეტრე ცისკარიშვილი რომ იყო კახეთის გუბერნატორი, მაშინ ჩაკეტეს. მანამდე არანაირი პრობლემა და შეზღუდვა არ იყო საინგილოში გადასვლაზე. თავის დროზე გაფიცვები, აქციები და დიდი ამბები გვქონდა. რამდენჯერმე დაგვარბიეს კიდეც.  ყველა იქ გვყავს, ცოცხლებიც და მკვდრებიც. საფლავზე გვინდა გასვლა და ვერ მივდივართ. ლაგოდეხიდანაც მიდის გზა, მაგრამ შორია და ძვირი ჯდება. 150 კილომეტრი ზედმეტად უნდა გავიაროთ. ხიდის ჩაკეტვა ჯერ კონტრაბანდას დააბრალეს. იმიტომ არ დგანან იქ, რომ კონტრაბანდა არ გამოუშვან? მერე ხიდის ავარიულობა მოიმიზეზეს, მაგრამ არც ეს არის მიზეზი. დაახლოებით 4 წლის წინ, როცა ბადრი ბიწაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო, ამ ხიდზე თქვა, ასეთი მკვიდრად ნაგები ხიდი საქართველოში არ გვაქვსო“, - ამბობს სამთაწყაროში მცხოვრები ინგილო დინა გამხარაშვილი.

„6 თვეზე მეტია საინგილოში არ გადავსულვარ. მშობლები, ძმები, ნათესავები, ყველა იქ მყავს. ჩვენმა დეპუტატმა პარლამენტშიც გაიტანა ხიდის გახსნის საკითხი, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის. შემოვლითი გზით რომ გადავიდეთ საინგილოში, ჯერ წნორში უნდა წავიდეთ, იქიდან ლაგოდეხში, მერე ბელაქანში, შემდეგ ზაქათალაში და ბოლოს კახში უნდა გავიდეთ. ეს კი ძალიან ძვირია. რატომ უნდა ვიწვალოთ ამდენი, როცა 25 წუთში შეიძლება გადავიდეთ საინგილოში?“ - კითხულობს სამთაწყაროს მკვიდრი მაყვალა ტარტარაშვილი.

ჰერების თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის ამორტიზებულობა მისი ჩაკეტვის რეალური მიზეზი არ არის. მათი თქმით, ხიდი სამხედრო დანიშნულების იყო და ჩანგრევის საფრთხე არ ემუქრება. მსუბუქი ავტომობილებისთვის ხიდზე გავლა საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ხიდის ჩაკეტვის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ თითქოს დაზიანებულია, არადა როგორც ჩაკეტეს, რეაბილიტაცია ჩაუტარეს, მოაასფალტეს კიდეც. ეს მიზეზი არ არის. ხომ არ გვეტყვიან, მთავრობა არ გიშვებთო. ახალი ხიდები წყალმა წაიღო და ეს ხიდი არც კი დაზიანდა. სამხედრო ხიდია, სატვირთო მანქანები და ტანკები გადადიოდნენ და მსუბუქი მანქანა რას დააკლებს?“, - აღნიშნა სამთაწყაროში მცხოვრებმა ინგილომ ვაჟა ემრაშვილმა.

სამთაწყაროში მცხოვრებ ჰერებს პრობლემებს ქართველი მებაჟეებიც უქმნიან. „მარტო გადასვლაზე კი არ გვაქვს პრობლემა, ვერაფერი ვერ გადმოგვაქვს. აზერბაიჯანის მხარეს პრობლემა არ აქვს, ტვირთს გვატოვებინებენ და შეგვიძლია რამდენიმე გზად წამოვიღოთ, მაგრამ ქართული მხარე არ გვატანს. პატარა ჩანთით გვიშვებენ, თუ კიდევ რამე გვაქვს საბაჟოზე გვატოვებინებენ. ადრე მსგავსი შეზღუდვები არ იყო. ერთხელ მოხარშული ქათამი მოგვქონდა და გვითხრეს, კიდევ კარგი მოხარშულია, თორემ გადავაგდებდიო. ერთ ქალს 4 კილო თხილი გადმოჰქონდა. იმის დატოვება მოსთხოვეს და გაბრაზებულმა წყალში გადაყარა, არც მე და არც თქვენო,“ - აღნიშნა ინგა საკანელაშვილმა.

სასაზღვრო პოლიციიდან ხიდის გაუმართაობის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოითხოვეთ, მაგრამ ვერ მივიღეთ. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. ხიდის დათვალიერების საშუალება მებაჟეებმა არ მოგვცეს.

„საპატრულოდან უნდა აიღოთ ნებართვა, რომ ხიდამდე მიგიშვათ. ამის გარეშე სხვა რაიონის მაცხოვრებლებს ხიდამდე მისვლის უფლება არ აქვთ,“ - განაცხადა მებაჟე ზაქარია სხრიტლაძემ.

მისივე თქმით, ხიდი სარეაბილიტაციოა და ავტომობილებით გადაადგილების შემთხვევაში მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ხიდზე ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია.

სამთაწყაროს ხიდის გახსნას ინგილოების გარდა დედოფლისწყაროს მაჟორიტარი - დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილიც ითხოვს.

„სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვის გამო აზერბაიჯანში საავტომობილო მიმოსვლა ახლა ლაგოდეხიდან არის შესაძლებელი. ამის გამო მოსახლეობას დამატებით 150 კილომეტრის გავლა უწევს. სამთაწყაროს ხიდი ერთი წლის წინ კონტრაბანდის აღსაკვეთად ჩაიკეტა, მაგრამ ახლა სასაზღვრო პოლიცია მუშაობს და ასეთი საფრთხე აღარ არსებობს. ამიტომ, ხელისუფლებას ვთხოვ, რომ ამ პრობლემას დროული ყურადღება მიაქციოს“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ახალი ამბები