კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი ჟურნალისტ ლალი მოროშკინას 15-დღიან პატიმრობას გაასაჩივრებს

12 დეკემბერი, 2011

ჟურნალისტ ლალი მოროშკინას ადვოკატი ირაკლი კაპანაძე გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

„ლალის ამ დრომდე სამართალდამცველ სტრუქტურებთან შეხება არ ჰქონია. გარდა ამისა, ის საზოგადოების აქტიური წევრია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ის ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც მოსამართლემ ლალის წინააღმდეგ გამოიყენა, არაადეკვატურია, რადგან საუბარია მხოლოდ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და არანაირი ჩანგალი, რომელზეც თაკო ფხაკაძე აცხადებს, საქმეში არ ფიგურირებს. ლალის რეაქცია კი ძლიერი აღელვებით იყო გამოწვეული. სწორედ ამას ვწერთ ჩვენს საჩივარშიც“,- განუცხადა „პირველს“ ადვოკატმა.

მისივე თქმით, სარჩელზე მუშაობა უკვე დასრულებულია, მოროშკინა  მას ხელს მოაწერს.

რაც შეეხება მოროშკინას შიმშილობას, როგორც ადვოკატი აცხადებს, აღნიშნულის მოტივაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა არასწორი ინფორმაციები გავრცელდა: „მოროშკინას შიმშილობა მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეხება. ის ამ ფორმით მხოლოდ თაკო ფხაკაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ქცევას აპროტესტებს, მიაჩნია, რომ ყოველივე, რაც მოხდა, წინასწარ იყო დაგეგმილი, რათა მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და მას არაკოლეგიალურად მოჰქცეოდნენ“.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა 10 დეკემბერს დილით საკუთარ სახლში აიყვანეს. პროკურატურამ მას ბრალი წვრილმან ხულიგნობაში დასდო, მოსამართლე კობა გოცირიძემ კი 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოროშკინას წინააღმდეგ საქმე დაზარალებულად ცნობილი თაკო ფხაკაძის განცხადების საფუძველზე აღიძრა. ამავე დროს, ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, რომ „ნანუკას შოუს“ ჩაწერაზე მან „პრაიმ-თაიმის“ დამფუძნებელი თაკო  ფხაკაძე სცემა.

მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ნანუკას შოუდან" მიწვევა სამი დღის წინ მიიღო: „არ მგონია, რომ კოდუების დაფინანსებულ გადაცემაში იყოს ჩემი ადგილი, თუმცა მიწვევა მივიღე, როგორც ჟურნალისტს, დამაინტერესა. როცა ჩაწერაზე მივედი, „პრაიმ ტაიმის“ ხალიჩა დავინახე და მივხვდი, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ დახმარებით ფხაკაძე პროვოკაციას  მიწყობდა“.

მისივე თქმით, საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე მიწვეული სტუმრები  სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით ჯილდოვდებოდნენ, „გადაცემა სავსე იყო პოზიტივით“, თავად მოროშკინა კი  დაასახელეს ნომინაციაში „ყველაზე უგემოვნებოები“.

„ჯილდოს ასაღებად როცა მივდიოდი, თაკო ფხაკაძემ დამცინავად ჩაიცინა. თუმცა, ავიღე ეს ჯილდო. ყველას ლამაზ თოჯინებს ურიგებდნენ, მე კი - შავი, სათვალინია თოჯინა მომცეს. ესეც ავიტანე და ნანუკას ვთხოვე, რომ სიტყვის უფლება მოეცა. ვთქვი, რომ ალბათ თაკო ფხაკაძე ვერ შედგა, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, როგორც პიროვნება და შურს ყველა ქალის, რომელიც თავისით იკვალავს გზას და არა გიგი უგულავას დახმარებით. მომიტივეთ, სხვა გზა არ მქონდა, როცა დავბრუნდი ჩემს ადგილზე და ყურში ჩამესმა თაკოს ქირქილი. მაპატიოს საზოგადოებამ, ეხლავე მივმართავ საზოგადოებას და სამართალდამცველ ორგანოებს - მე ვცემე თაკო ფხაკაძე", - განაცხადა მოროშკინამ და დასძინა, რომ დავა სავარაუდოდ, სასამართლოში გაგრძელდება.

ამ განცხადების შემდეგ სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა დააკავეს. ამჟამად ბრალდებული „მოდულის“ წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები