26 მაისის მოვლენებისას დაზარალებული ჟურნალისტების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა გაიმართა.
როგორც „პირველს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელის 2/3 სამართლიანად სცნო.
„შსს-მ სარჩელი ჟურნალისტების ჯანმრთელობის დაზიანების ნაწილში სამართლიანად სცნო, ასევე ნაწილობრივ აპარატურის დაზიანების ნაწილშიც. სადავო დარჩა ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის ტელეფონის დაკარგვის გამო მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხი და რადიოცენტრ „პლიუსის“ სარჩელი, რომელიც 19 მაისის მოვლენას ეხებოდა“, - განაცხადა კორძაიამ.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 26 დეკემბერს გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შვიდმა განმცხადებელმა - „ნეტგაზეთმა“, გაზეთმა „გურია ნიუსმა“, შპს „გაზეთმა ბათუმელებმა“, შპს „ჩოხატაურის მაცნემ“, შპს „ახალმა ამბებმა“ და შპს „რადიოცენტრმა პლიუსმა“ შეიტანეს.
ჟურნალისტები და მედიასაშუალებები შს სამინისტროსგან ჯანმრთელობის ზიანის, ასევე ტექნიკის დაკარგვით მიღებული ზარალის (5 500 ლარი) ანაზღაურებას მოითხოვენ.
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“