კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორი სოციოლოგიური გამოკითხვა ერთ თემაზე - განსხვავებული შედეგებით

13 დეკემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების განსხვავებულმა შედეგებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ორივე ორგანიზაციამ შედეგები გასულ კვირაში თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა.

კითხვაზე - შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას,  IRI–ს კვლევის მიხედვით, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: 42% - „ნაციონალური მოძრაობა“, 18% - „ბიძინა ივანიშვილის პარტია“ ,  8% - „ქრისტიან–დემოკარტები“ , 3 % -  „ლეიბორისტული პარტია“ .

იგივე კითხვაზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა სრულიად გასხვავებული შედეგები გამოაქვეყნა: 36% - „ნაციონალური მოძრაობა“, 32% - „ბიძინა ივანიშვილის პარტია“ ,  4,3% - „ქრისტიან–დემოკრატები“, 1,6% - „ლეიბორისტული პარტია“ და 1,5% - „თავისუფალი დემოკრატები“.

ყველაზე დიდი ხმაური მოჰყვა IRI–ს კვლევის მონაცემს, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნდობის რეიტინგს. IRI-ს კითხვაზე, როგორია დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ 74% პოზიტიურადაა განწყობილი, 20% ნეგატიურად, ხოლო 6%–მა თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან.

გამოქვეყნებულმა შედეგებმა საზოგადოებაში დიდი დისკუსია გამოიწვია. Humanrights.ge გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას, სადაც ექსპერტები ცდილობენ ახსნან, თუ რატომ არის ასე განსხვავებული ორი კვლევის შედეგები.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევა სასიამოვნო გამონაკლისია უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევებისგან თავისი გამჭვირვალობით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა საჯარო გახადა კვლევის მეთოდოლოგია და წარმოადგინა თავისი ახსნა-განმარტებები კვლევის შედეგად მიღებულ ციფრებთან დაკავშირებით.

„ყველა სხვა შემთხვევაში, სადაც დამკვეთი ამოფარებულია ფირმას და გაუგებარია, ვინ მუშაობს ამ საკითხებზე, უნდა მივიღოთ მკაფიო განმარტებები მათი ავტორებისგან, ვიდრე უსიამოვნო ჭორები გავრცელდება ამ შედეგების თაობაზე“, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი და დასძენს: „კვლევის ავტორი როცა არ გამოდის და არ ასაბუთებს თავის მონაცემებს, პასუხს არ სცემს კოლეგების შეკითხვებს, ასეთი „კვლევების“ შედეგებზე ანალიზისათვის დროის დაკარგვა არ ღირს“.

მისივე თქმით, საინტერესოა, რამდენად იყო დაცული რესპოდენტთა ანონიმურობა, როცა IRI საქართველოს პრეზიდენტისადმი მათ დამოკიდებულებას იკვლევდა. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა კი დეტალურად ახსნა, რამდენი ძალისხმევა იყო დახარჯული კონფიდენციალურ მხარეზე.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც მედიას უცნობმა პირებმა მიაწოდეს, ოფიციალურად არ დადასტურებულა, ანუ არავის აუღია პასუხისმგებლობა გამოქვეყნებული შედეგების სისწორეზე. აქედან გამომდინარე, ხუხაშვილი თავს იკავებს IRI–თვის  შეკითხვების დასმისგან: „ის, რაც საზოგადოებამ მოისმინა, იყო ტელეკომპანია „იმედის“ ინტერპრეტაციები. ოფიციალურად დადასტურება, რომ კვლევისას მართლაც ასეთი შედეგი მიიღო, IRI–გან ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: „რაც შეეხება, ზოგადად, კვლევის შინაარსს, შედეგებზე გავლენა შეიძლება მოახდინოს, როგორც ობიექტურმა ასევე სუბიექტურმა ფაქტორებმა. მაგალითად, ობიექტურ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ როცა IRI–ს კვლევები ტარდებოდა, ოთხი დღე იყო გასული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლიდან. ინსტიტუტის კვლევები კი ჩატარდა ცოტა უფრო გვიან, როცა პოლიტიკაში მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა. შეიძლება გარკვეული ცდომილება ამის გამოც იყოს.

მე მაქვს კითხვები არა IRI–სთან, არამედ მასთან, ვინც ავრცელებს მკვლევარის მიერ დაუდასტურებელ ინფორმაციას. ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის პარტია არც არსებობს. შესაბამისად, მნიშვნელობა აქვს ჩვენ მის პარტიაზე ვილაპარაკებთ თუ პირადად მასზე. აქედან გამომდინარე, ეს კვლევა თავისთავად არის წინააღმდეგობრივი, რადგან ერთ კითხვაზე - ხვალ რომ საპრეზინდეტო არ ჩევნები ჩატარდეს ვის მისცემდით ხმას, ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატს 32% აქვს, ხოლო ივანიშვილს 27%. მეორე კითხვაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხება, 42% აქვს ნაციონალურ მოძრაობას და  18 % - ბიძინა ივანიშვილის პარტიას.  აქედან გამომდინარე, მიჩნდება ძალიან ლოგიკური კითხვა: როგორ შეიძლება რესპოდენტების პასუხებიდან გამომდინარე, 27% მხარს უჭერდეს ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობას, ხოლო მის პარტიას - მხოლოდ 18%. აქედან გამომდინარე, თვითონ ეს ციფრები, რაც გამოქვეყნდა, ძალიან არალოგიკურია“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სანდოობას მისი პოლიტიზებულობის გამო.

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „საერთოდ, ეს ორგანიზაცია - IRI, არის ძალიან საეჭვო ორგანიზაცია. ასეთი რამ ახლა პირველად არ ხდება. აქამდეც გვინახავს რეალობისგან სრულიად შორს მყოფი მათი გამოკვლევები, რის საფუძველზეც მე მიჩნდება ეჭვი, რომ IRI ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას. მით უფრო, რომ მსგავსი საეჭვო მონაცემების ასეთი „სკანდალური“ გამოქვეყნება პირველი შემთხვევა არ არის და უკვე წლებია, გრძელდება.

ჩემი ინფორმაციით, IRI დაკავშირებულია აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ცნობილ ფიგურასთან, ჯონ მაკეინთან, რომელიც გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებასთან განსაკუთრებულად „თბილი“ ურთიერთობით. ამიტომ მე ეჭქვეშ ვაყენებ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების სანდოობას. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც ეს ორგანიზაცია ასრულებს. საზოგადოებისთვის სრულიად გაურკვეველია, ვინ წარმოადგენს ამ ორგანიზაციას საქართველოში და კონკრეტულად, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მის კვლევებზე. ისიც გაუგებარია, რა მეთოდოლოოგიით ატარებენ კვლევებს“.
 
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ძნელი სათქმელია, რა განსხვავება იყო ამ ორ კვლევას შორის და საერთოდ იყო თუ არა, რადგან IRI–ის კვლევების შედეგები მედიაში კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო წარმოდგენილი: „დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცოდეთ, როგორ იყო კითხვა დასმული, რა კონტექსტში დაისვა და როგორ იყო წარდგენა. ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ რესპოდენტის პასუხი გულახდილი იყოს. სერიოზული გამოკითხვებისთვის საჭიროა წინასწარი მომზადება. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა სპეციალური პროცედურებიც ჩაატარა იმისათვის, რომ საზოგადოებას მის კითხვაზე უფრო გულახდილად ეპასუხა. ასეთი დეტალები IRI–ის კვლევაში არ ჩანს. საინტერესოა, ვინ დგას IRI–ის უკან... გამოკითხვისას ხელისუფლების შიშის ფაქტორი თუ არ მოიხსნა, სოციოლოგიას აზრი ეკარგება“.

ახალი ამბები