კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტერაქტებში თანამონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული ჯონი აბულაძის ოჯახი სასამართლოს განაჩენის გაცნობას მოითხოვს

14 დეკემბერი, 2011

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

2010 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ტერაქტებში თანამონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული ჯონი აბულაძის ოჯახის წევრები სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაცნობას მოითხოვენ.

როგორც „პირველს“ აბულაძის ოჯახის წევრებმა აცნობეს, მათ ადვოკატი დაუკავშირდა, რომელსაც თავადაც არ იცნობენ და აცნობა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ოჯახმა ამ დრომდე არაფერი იცის, ვინაიდან ამის შესახებ არც ადვოკატს უცნობებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი ოჯახი აცხადებდა, რომ აბულაძეს ფიზიკური ზეწოლით დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

როგორც მაშინ „პირველს“ აბულაძის ოჯახის წევრებმა აცნობეს, ადვოკატი მათ 10-თვიანი დუმილის შემდეგ პირველად დაუკავშირდა და აცნობა, რომ საქმე აპელაციის წესით იყო გასაჩივრებული და პროცესი 12 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.

„დაგვირეკა ადვოკატმა, რომელსაც არც ვიცნობთ და გვითხრა, რომ ბრალს არც ჯონი და არც მისი მეუღლე მარიამ ნიკოლავა აღიარებდნენ, რის გამოც მათ სასტიკად ექცეოდნენ და ბრალის აღიარებას აიძულებდნენ. ადვოკატმა გვაცნობა ასევე, რომ ჩემი შვილიშვილი, რომელსაც 30 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს, სასჯელს რუსთავის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა და იქ სასტიკად იყო ნაცემი“, - განუცხადა „პირველს“ ჯონი აბულაძის ბებიამ თინა აბულაძემ.

რაც შეეხება მარიამ ნიკოლავას, როგორც ოჯახს ადვოკატმა აცნობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მას თავისუფლების 15 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

ცოტა ხნის წინ „პირველი“ წერდა, რომ აბულაძის ოჯახი შესაბამის უწყებებს ჯონი აბულაძისა და მისი მეუღლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა.

როგორც „პირველს“ მსჯავრდებულის ბებიამ განუცხადა, ოჯახმა აბულაძისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ მხოლოდ მედიასაშუალებებით შეიტყო, ხოლო მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის გარკვევას 10 თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის უცნობმა პირმა გასულ წელს დაფარული ნომრით დაგვირეკა და ჩემი შვილიშვილის დაკავების შესახებ გვამცნო, ვერანაირი ინფორმაციის მიღებას ვერ ვახერხებდით. განაჩენის შესახებაც კი გაზეთით შევიტყვეთ. არ ვიცოდით, სად იყო და რა მდგომარეობაში იყო ჯონი. ვერ ვახერხებდით ვერანაირი ინფორმაციის მიღებას. გასაგებია, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, მაგრამ ოჯახს ხომ გვქონდა უფლება, ის მაინც გვცოდნოდა, ცოცხალი იყო იგი თუ არა?! ასევე არაფერი ვიცოდით მისი მეუღლის შესახებაც“, - აცხადებს თინა აბულაძე.

ანალოგიური მდგომარეობა იყო საქმის ფიგურანტ ლელა ხურცილავასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ოფიციალურ უწყებებში ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არც ოჯახის წევრები ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი ქალბატონი საქალაქო სასამართლოს განაჩენიდანაც გაქრა.

ცნობისთვის, იმის მიუხედავად, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, პატიმრობის შესახებ კოდექსი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ავალდებულებს, მსჯავრდებულის მიღების შემდეგ სამი დღის ვადაში შსს-ს და ოჯახს ამის შესახებ აცნობოს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 დეკემბერს შსს-მ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებული  პირები - გოგიტა არქანია, ჯონი აბულაძე, მარიამ ნიკოლავა, გოჩა ხურცილავა, გოდერძი არქანია და ლელა ხურცილავა დააკავეს.

მოგვიანებით ქართველმა სამართალდამცველებმა ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით მერაბ ყოლბაია, მეტსახელად „კოჭოია“ და კიდევ ერთი თანამონაწილე დავით კეკუტია დააკავეს. კიდევ ერთ ორგანიზატორზე - მურმან ცხადაიაზე კი ძებნა გამოცხადდა.

საქმის მასალების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო შენაერთის სპეცსამსახურის თანამშრომელმა ევგენი ბორისოვმა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მშენებარე სამხედრო ბაზაზე მომუშავე მურმან ცხადაიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობის დაშინების, არეულობის გამოწვევისა და საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესის ხელყოფის მიზნით ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს. ბორისოვმა და ცხადაიამ ტერორისტული დაჯგუფების წევრების ცხადაიას, არქანიას, ყოლბაიას და სხვათა მეშვეობით 2009-2010 წლებში სამეგრელოს რეგიონში და თბილისში არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. კერძოდ, 2010 წლის 28 ნოემბერს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ლეობორისტული პარტიის“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად მოქალაქე ნინო გორდეზიანი გარდაიცვალა.

მოგვიანებით სასამართლომ ძებნაში მყოფ მუხრან ცხადაიას - თავისუფლების უვადოდ აღკვეთა, ხოლო ძებნაში მყოფ ევგენი ბორისოვსა და მელორ ცხადაიას 30-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად განუსაზღვრა. მერაბ ყოლბაიას, გოგიტა არქანიას, ჯონი აბულაძეს, გოჩა ხურცილავას და დავით კეკუტიას კი დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ თავისუფლების 30-30 წლით აღკვეთა განესაზღვრა.   

ახალი ამბები