კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში სოფლის რწმუნებულების წმენდა უფრო ფართო მასშტაბით გაგრძელდება

20 დეკემბერი, 2011

ოზურგეთის გამგებელი „გურია ნიუსს“ წყაროს შეცვლას ურჩევს

ჟანა მეგრელიშვილი, გურია ნიუსი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი ტერიტორიული ერთეულის _ ლაითურის, ნასაკირალის, ლიხაურისა და ბოხვაურის რწმუნებულები, 8 დეკემბერს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციას მათი გათავისუფლების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე უარყოფს და აღნიშნავს, რომ მათ თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები თავიანთი ნებით დაწერეს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოფლის რწმუნებულები იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათ სოფლებში ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ხელწერები შეგროვდა. როგორც ვაშაყმაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რწმუნებულების გათავისუფლება კვლავ გაგრძელდება და ფართომასშტაბიანიც იქნება. ჯერჯერობით, გათავისუფლებული რწმუნებულების მოვალეობას შესაბამის სოფლების სპეციალისტები ასრულებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს ესაუბრა.

- ბატონო ილო, რამდენი სოფლის რწმუნებული გაათავისუფლეთ და რა მიზეზით?

- რამდენიმე სოფლის რწმუნებული გავუშვი. უფრო სწორად, კი არ გავუშვი, თავად დაწერეს განცხადებები. არ გქონიათ სწორი ინფორმაცია, არავინ გაგვითავისუფლებია, თავად გადაწყვიტეს ასე.

- დღევანდელ დღეს, როცა სამსახური სანთლით საძებარია, არ გვგონია, ადამიანებმა საკუთარი ნება-სურვილით გადაწყვიტონ სახლში წასვლა, თანაც ოთხივემ ერთად.

- დაგარწმუნებთ ახლავე. თქვენ, ალბათ, გახსოვთ ჩემი პირველი განცხადება, როცა ყველას მივეცი დრო იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინათ. ძალიან დატვირთული მუშაობა ელოდათ, მე კიდევ დამატებით რაღაც სამუშაოები მივეცი ყველა რწმუნებულს.

- რა იგულისხმება დამატებით სამუშაოებში? არჩევნებისთვის მობილიზება?

- არა, არა, ჯერ რა დროს არჩევნებია.

- თუმცა, ხელისუფლებამ ამისთვის მზადება უკვე დაიწყო და თანაც ძალიან აქტიურად.

- ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ამისთვის.

- იმაზე რას იტყვით. რომ სოფლის მხარდამჭერ პროგრამებს უმეტეს სოფლებში მოსახლეობა არც კი იცნობს. უფრო მეტიც, სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა ვერც კი დაგისახლებთ თავიან სოფელში განხორციელებულ სამუშაოს. თუნდაც, ურეკის მაგალითი ავიღოთ.

- ყველა სოფლის რწმუნებული მოსახლეობაში კარდაკარ უნდა დადიოდეს. ის რწმუნებულები, რომლებიც ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ სამუშაოებს, მიმაჩნია, რომ უნდა წავიდნენ. მე სოფლის რწმუნებული მჭირდება ისეთი, რომელსაც, პირველ რიგში, ეყვარება სოფელი და ეყვარება სოფელს. შერჩევა ძალიან რთული იქნება - ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები ნაკლებად არიან დღეს სოფელში. თუმცა, მე მყავს კარგი რწმუნებულებიც.

- ვინ არის გამორჩეული?

- გეტყვით, როცა ამის დრო იქნება, ამჯერად შევინახავ ამ საიდუმლოს.

- რომელი სოფლის რწმუნებულები გაათავისუფლეთ და რა არ მოგეწონათ ამ სოფლებში?

- მე არ გამითავისუფლებია. თვითონ რწმუნებულების აზრი გავითვალისწინეთ - თავისი ნებით წავიდნენ და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ რომ ეს დაიწყო ჩემი სოფლით - ლიხაურით. უნდა აღვნიშნო, მე თავად ლიხაურელი ვარ და სოფლის ყველა მცხოვრების აზრი ვიცი. დანარჩენი სოფლებია ბოხვაური, ნასაკირალი და ლაითური.

- ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თქვენ ის რწმუნებულები გაათავისუფლეთ, რომელთა სოფელშიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

- ვერ დაადასტურებ მაგ ინფორმაციას, თქვენც შეგიძლიათ გადაამოწმოთ რწმუნებულებთან. ეს არის აბსურდი. შეცვალეთ წყარო.

- როგორც ვიცი რწმუნებულების წმენდა კვლავ გაგრძელდება.

- კი, ნამდვილად გაგრძელდება და საკმაოდ ფართომასშტაბიანი იქნება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის გათავისუფლებული რწმუნებული „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი არ იცის: „არ ვიცი, რა მოხდა, შვებულებაში ვიყავი, თუმცა, ალტერნატივა მაქვს და სხვაგან დამასაქმებენ“, - გვითხრა მან.

ახალი ამბები