Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

„კამპანია ბოდიში“ – ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი დოკუმენტური ფილმი

December 20, 2011

„თუ დავიბრუნებთ აფხაზ ხალხს, ტერიტორიასაც დავიბრუნებთ, მარტო ტერიტორიის დაბრუნებით კი ვერაფერს მივაღწევთ“

მარიამ ხურციძე

16 დეკემბერს ჰაინრიხ ბიოლის ფონდში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „კამპანია ბოდიში“  პრეზენტაცია გაიმართა. ფილმის რეჟისორია გიორგი ჯანელიძე.

„კამპანია ბოდიში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2007 წელს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე აქცია, გამოიცა გაზეთები ქართულ-აფხაზურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე. კამპანიას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი - http://apsni.org . ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის საიტზე აიტვირთა აფხაზი კლასიკოსის ბაგრატ შინკუბას ცნობილი რომანის, „უკანასკნელი უბიხის“ ქართული თარგმანი , რომელიც არის ამ რომანის პირველი ელექტრონული ვერსია საქართველოში. ასევე გამოქვეყნდა ინტერვიუ მთარგმნელთან - თამარ ჩიჯავაძესთან.

„კამპანია ბოდიშის“ მთავარი მიზანია ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა. კამპანია ცდილობს ყველა დააფიქროს ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რაც კონფლიქტის ორივე მხარემ დაუშვა. ამავე დროს, საჭიროა, ქართველებმა და აფხაზებმა ურთიერთობის აღდგენაზე ფიქრი დაიწყონ.

ფილმი - „კამპანია ბოდიში“ 40 წუთის ხანგრძლივობისაა. მოქალაქეები, ყოფილი თუ ახლანდელი პოლიტიკური ლიდერები, ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, ომის მონაწილეები საუბრობენ აფხაზეთის ომის გამომწვევ მიზეზებზე, ორივე მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. ფილმში ლაპარაკია სინანულზე, ბოდიშის მოხდაზე, შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაზე.

„კამპანია ბოდიშს“ თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა ვერ გაიგო თუ რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში. ზოგმა ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ ამ ჟესტის წინააღმდეგია.

კამპანიას აგრესიულად შეხვდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2007 წელს დევნილებთან შეხვედრისას ეს წამოწყება მწვავედ გააკრიტიკა. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა არის ის, რომ  ვიღაცამ გამოგვყარა სახლებიდან, ჩასახლდა ამ სახლში და შემდეგ თურმე ჩვენ ბოდიშები უნდა ვუხადოთ იქით, როგორც იყო შეგროვეული უთავმოყვარეო მანიფესტები, რომ „ბოდიში მეორე მხარეს“. ბოდიში რისთვის?!.. რომ თავები რომ დაგვაჭრეს და გამოგვყარეს! ბოდიში რისთვის?!.. რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს!.. ბოდიში რისთვის?!.. რომ  პატარა ბავშვები გაყინეს უღელტეხილზე და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს! ბოდიში რისთვის?! ჩვენ უნდა ვიხადოთ კიდე ბოდიში?! რისთვის?!.. და რა ხალხია, რა გრანტი მიიღეს ისეთი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან?!.. მე კარგად მესმის, რომ არი საერთაშორისო რაღაც ჯგუფები, ეს არ არი მთავრობების წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები, რომლებიც ამაში იხდიან ფულს, რომ გრანტი აიღო და ასეთი სისულელე წერონ... მაგრამ ეს არ არის მარტო „ბოდიში“. ეს არის იურიდიული საფუძვლის შექმნა იმისათვის, რომ თქვენ იქ დაბრუნების უფლება აღარ გქონდეთ“, - ამ სიტყვებით მიმართა დევნილებს სააკაშვილმა (სტილი დაცულია).

„კამპანია ბოდიშისადმი“ დამოკიდებულება დრესაც არაერთვაროვანია. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ  ვითარდება: „2008 წლის ომის შემდეგ ხალხი მიხვდა, რომ მილიტარისტული ისტერიით და იარაღის ჟღარუნით შეუძლებელია კონფლიქტების მოგვარება. ადრე თუ ხშირად ისმოდა, რომ ჩვენ გვინდა აფხაზეთის დაბრუნება, ახლა ბევრი ამბობს, რომ ჩვენ აფხაზები უნდა დავიბრუნოთ ანუ პირველ რიგში, არა ტერიტორია, არამედ – აფხაზი ხალხი“.

ფილმში ხშირად მოისმენთ ამაღელვებელ ფრაზებს: „გულით ვნანობ“, „კაცობრიობა შეიცვალა მაშინ, როცა ადამიანმა პირველად თქვა ბოდიში“, „დავიწყოთ ჩვენ და პირველებმა ვთქვათ ბოდიში“, „მე პირველი ვიტყვი ბოდიშს“, „მე მართლა გულით ვიხდი ბოდიშს“, „ორივე მხარემ უნდა მოვიხადოთ ბოდიში“.

დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობს ეთნიკურად აფხაზი მოქალაქე რუსუდან მარშანია, რომელიც 18 წელია თბილისში ცხოვრობს, მაგრამ აქტიური კავშირი აქვს აფხაზეთთან, სადაც წელიწადში 4 ჯერ მაინც ჩადის. მისი თქმით ამბობს, „კამპანია ბოდიში“ აფხაზებმა სერიოზულ მოძრაობად ვერ მიიღეს: „ისინი თვლიან, რომ  სანამ ამ კამპანიის უკან მხოლოდ ცალკეული ადამიანების სურვილია, სიტუაცია დიდად არ შეიცვლება. მათთვის მნიშვნელოვანია სიტყვა „ბოდიშის“ უკან რეალური ქმედებაც იყოს და მეორე მხრივ, ეს ხელისუფლების მხრიდანაც უნდა ითქვას. ამის შემდეგ კი რეალური იქნება საუბრის დაწყება. პრობლემას სიტყვა ბოდიშის არასწორი აღქმა ართულებს. ზოგისთვის ეს ასოცირდება მუხლებზე დადგომასთან, რაც არასწორია. ბოდიში – ეს ნიშნავს, რომ შენ წილ პასუხისმგებლობას იაზრებ“.

„კამპანია ბოდიშის“ რეჟისორმა გიორგი ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ფილმის მთავარი არსი და მიზანი იყო ის, ერთ ფილმში შემდგარიყო დისკუსია სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანებს შორის. ეს დისკუსია შედგა და ეს მართლა წინ გადადგმული ნაბიჯია: „მე ვეცადე, გადმომეცა ამ ადამიანების სათქმელი. თუ რა გამოვიდა, ეს მაყურებელმა შეაფასოს. ვთვლი, რომ პირველი ფილმით რისი თქმაც შეიძლებოდა, ვთქვით. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, რომელსაც შეუძლია, შეუერთდეს კამპანიას“.
 
ფილმის ჩვენების შემდეგ, ბიოლის ფონდში შეკრებილმა ხალხმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ფილმის შესახებ. „humanrights.ge“ გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

შალვა ბაკურაძე, სოხუმიდან დევნილი პოეტი: „ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე ამ ფილმში, რომლის დანახვაც არ მინდოდა. არც ერთი მხრიდან არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ბოდიშს მოუხდის არძინბას ან შევარძნაძეს. ამ ფილმში ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოდიშს იხდიდნენ, რაც ჩემი აზრით იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ამ ნაწილმა გააცნობიერა ქვეყნის დანაშაული და პირველ რიგში, საკუთარ თავს მოუხადა ბოდიში. ყველაზე დიდი ბოდიში იქნება ის, რომ ჩვენ პატივი ვცეთ აფხაზების გადაწყვეტილებას და ისე ვესაუბროთ მათ. პატივისცემის გარეშე ურთიერთობას ვერ ავაწყობთ“.

ალექსანდრე კუხიანიძე, პოლიტოლოგი, თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:  „კონფლიქტის მიზეზი ორივე მხარეს უნდა ვეძებოთ. შესაბამისად, ორივე მხარეს აქვს თავისი წილი დანაშაული. ბოდიშის მოხდით კონფლიქტი ვერ მოგვარდება, მაგრამ ეს უნდა იყოს გათვიცნობიერებული ერის დონეზე. ძალიან კარგია, რომ მოიძებნა ორგანიზაცია, რომელმაც ითავა ეს ინიციატივა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერ იქნებოდა უმტკივნეულო, რადგან საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ბევრს აქვს წყენა, ძლიერია ნაციონალიზმი და მილიტარიზმი. ზოგადად კი, თუ დავიბრუნებთ აფხაზ ხალხს, ტერიტორიასაც დავიბრუნებთ, მარტო ტერიტორიის დაბრუნებით კი ვერაფერს მივაღწევთ. შავი ლაქა სამუდამოდ იქნება ჩვენი ერის  ისტორიაში. ეს ინიციატივა, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მას ჭირდება გავრცელება, გაფართოება“.
 
ნანა ჯანაშია, ჟურნალისტი, ავტორი წიგნისა „მზეში შობილი სევდა“: „ეს ფილმი არის ჩემთვის კარგი მოულოდნელობა. თვითონ ის ადამიანები ვინც ბოდიშს იხდიან, ფილმში სხვა კუთხით დავინახე. ბოდიშს რაც შეეხება, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, თითქოსდა მართლაც რისთვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში, რომ ახლობლები მოგვიკლეს, გვაწამეს, გამოგვყარეს... პრეზიდენტის სიტყვებში არის რაღაც სიმართლე, მაგრამ მარტო მედლის ერთი მხრიდან ჩანს ასე. საჭიროა მედალს მეორე მხრიდანაც შევხედოთ. აფხაზები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათაც ისევე დაუშვეს შეცდომა, როგორც ჩვენ. თუკი ჩვენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე დავფიქრდებით და ჩვენ წილ შეცდომებს გავაცნობიერებთ, აფხაზებიც სხვანაირად დაფიქრდებიან“.
 
უჩა ნანუაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს ფილმის მეორე ნაწილის გადაღებას, სადაც აფხაზური მხარე უკეთ იქნება წარმოდგენილი. ამავე დროს, ფილმის მეორე ნაწილში ნაკლები ადგილი დაეთმობა პოლიტიკოსებს და უფრო მეტად, სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები იქნება გაშუქებული. ფილმის პირველი ნაწილი უკვე ატვირთულია ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალზე, სადაც შეგიძლიათ მისი ნახვა და შეფასება.

News