11:18, Sunday, 15.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ შემუშავებული „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი

21.12.2011

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების წესით წარუდგენს კოალიციის მიერ შემუშავებული „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს - ხუთ ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

კოალიცია იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინიციატივა როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაინტერესებას გამოიწვევს და ის „საარჩევნო კოდექსში“ აისახება. აგრეთვე, იმედი გვაქვს, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას.

კოალიციის მიერ შემუშავებული ინიციატივათა პაკეტი ითვალისწინებს „საარჩევნო კოდექსში“ ისეთი ცვლილებების შეტანას, რაც უზრუნველყოფს არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების ქმედით მექანიზმებს.

ინიციატივა, აგრეთვე, ეხება საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობის გამჭვირვალობას. კოალიციის მიერ შემუშავებული წინადადებები ხელს შეუწყობს საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების გამჭვირვალობას და მოქალაქეთა მაქსიმალურ ინფორმირებას მათი საქმიანობის შესახებ.

კოალიციის ინიციატივა კონკრეტულად ითვალისწინებს შემდეგ წინადადებებს:

1. კენჭისყრის დღეს ხმის მიცემის ვადები

არჩევნების დღეს კენჭისყრის გამართვის დრო განისაზღვროს დღის 8 საათიდან 18 საათამდე 

სხვადასხვა ქვეყანაში ხმის მიცემის (კენჭისყრის) დრო და ვადები სხვადასხვანაირად არის განსაზღვრული. საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დამკვიდრდა, რომ არჩევენების დღეს კენჭისყრა მიმდინარეობს დღის 8 საათიდან 20 საათამდე. ამ მიზეზით არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესი (კენჭისყრის მომზადება, კენჭისყრა და შედეგების შეჯამება) 16-18 საათი გრძელდება, ხოლო არჩევნების შედეგების შეჯამება მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციისა და დამკვირვებლების უკიდურესი დაღლილობის ფონზე, რაც ზრდის მათი მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობას. გარდა ამისა, საკმაოდ გვიან ხდება არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება, რაც  ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას. 

კანონპროექტის მიზანია, კენჭისყრის დასრულების დროის 20 საათიდან 18 საათამდე გადმოტანით, საარჩევნო ადმინისტრაციას და დამკვირვებლებს შეექმნათ უკეთესი პირობები არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის. ამით ხმების დათვლისას და დოკუმენტაციის შედგენისას დარღვევების რაოდენობა შემცირდება, დროულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება არჩევნების წინასწარი შედეგების თაობაზე.

2. ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

კანონპროექტის არსია, მოხდეს ცესკოს სხდომების პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლირება, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლირება არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე.

მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნორმისა, რომ საარჩევნო კომისიების სხდომები საჯაროა და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რეალურად, ამ უფლების რეალიზება საკმაოდ რთულია, თუნდაც იმიტომ, რომ შეზღუდულია ცესკოს და საოლქო კომისიების შენობებში სხდომების დროს ყველა მსურველის ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობა.

კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ სრული ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

3. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ურნების გახსნამდე მოსულ ამომარჩეველთა რაოდენობის დადგენა

კანონპროექტის მიზანია, არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთების გახსნამდე, ანუ კენჭისყრის შედეგების დადგენამდე, მოხდეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის დოკუმენტურად დაფიქსირება და ამ მონაცემთა მიწოდება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

ცვლილების მიზანია, შეუძლებელი გახდეს არჩევნების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობისა და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის გადასალახავად აუცილებელი ხმების რაოდენობის  ხელოვნურად გაზრდა.

4. საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ბიულეტენების სკანირება

საარჩევნო ყუთების გახსნისა და კონვერტების დათვლის შემდეგ საარჩევნო უბანზე მოხდება ბიულეტენების სკანირება. სკანირებული ბიულეტენების ფაილი ცალკე შეინახება საუბნო საარჩევნო კომისიის კომპიუტერის მეხსიერებაში, ხოლო მისი ასლი გადაეცემა ყველა მსურველ საარჩევნო სუბიექტისა და დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ დაიწყება ხმების დათვლა.

საქართველოში არჩევნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირია დარღვევები ხმების დათვლის დროს. ეუთოს 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნის მიხედვით, უბნების 20%-ზე მეტი ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა ცუდად ან ძალიან ცუდად. ამ კანონპროექტის მიღების მიზეზია, საარჩევნო უბნებზე მოხდეს ხმის დათვლის პროცედურის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრა.

კანონპროექტის მიზანია, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ხმების დათვლის დაწყებამდე დოკუმენტურად დაფიქსირდება ამომრჩეველთა მიერ დაფიქსირებული არჩევანი და მათი ასლი გადაეცემა დამკვირვებელებსა და კომისიებში პარტიების წარმომადგენელებს, რაც, ფაქტობრივად, აზრს დაუკარგავს  უბანზე ხმის დათვლის პროცედურის გაყალბებას.

5. საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება

კანონპროექტში დეტალურად არის გაწერილი საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული ოქმების და სხვა დოკუმენტაციის მიღების, მათი დოკუმენტირების, ოლქში არჩევნების შედეგების წინასწარი შეჯამების წესი. ამ პროცედურებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფების,  სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობა.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციით მნიშვნელოვნად იზრდება საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციები არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში. მაგრამ, ამასთან, კანონპროექტის 75-ე მუხლში - ”კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში” (და არც სხვა მუხლებში) არსად არის დაფიქსირებული ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობას.

კანონპროექტის მიზანია, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო უბნებიდან ოქმების მიღების, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, ამ პროცესში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მონაწილეობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. აგრეთვე, საარჩევნო ოლქში ხმების დათვლისა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის დადგენამდე მოსულ ამომრჩეველთა რიცხვის დადგენა, დოკუმენტურად დაფიქსირება და ამ მონაცემთა მიწოდება პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისა და  დამკვირვებლებისათვის, რათა შეუძლებელი გახდეს არჩევნების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობისა და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის გადასალახავად აუცილებელი ხმების რაოდენობის  ხელოვნურად გაზრდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC