კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, ხელისუფლება საფრთხეს უქმნის არა მარტო „ბანკ ქართუს“, არამედ მთელ საბანკო სისტემას და ეკონომიკას

22 დეკემბერი, 2011

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

„ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, „ქართუს“ კლიენტურის მიერ ბანკში გირაოდ ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების პროცესი გრძელდება.

ნოდარ ჯავახიშვილი: „გასულ კვირას 5,2 მლნ აშშ დოლარის ქონება კიდევ ორ ბიზნეს-ჯგუფს დაუყადაღდა, რის გამოც არაუზრუნველყოფილი და შედეგად კიდევ 3 მლნ აშშ დოლარის საერთო მოცულობის სესხები პრაქტიკულად უპერსპექტივო გახდა. პარალელურად, დაიწყო  დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანა. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში აუქციონზე 19 მლნ ლარის ღირებულების 26 ობიექტი საბაზრო ფასის 50%-ად არის გატანილი. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრაქტიკულად არც ერთი ქონება არ გაყიდულა და დიდი ალბათობით, არც გაიყიდება. მათ ნატურით ეკონომიკის სამინისტრო დაისაკუთრებს გარკვეული სქემით - ახლო მომავალში თავდაპირველი მფლობელებისთვის უკან დაბრუნების მიზნით. ეს ჩვენს ეჭვებს აძლიერებს და ვხედავთ, რისთვის გამოეყო წლის მიწურულს ეკონომიკის სამინისტროს 160 მლნ ლარის დამატებითი ასიგნებები (ამ თანხიდან 40 მლნ აშშ დოლარი, ანუ 66 მლნ. ლარი ებრაელ ბიზნესმენებთან გარიგების საფასურია) – სწორედ ამ ქონების საფასურის ბიუჯეტში გადასახდელად, ამ უკანასკნელის მიერვე წინა თვეში გამოყოფილი თანხების ხარჯზე?! დარჩენილი 94 მლნ ლარი „ბანკი ქართუს“ თავზე დამოკლეს მახვილივითაა დაკიდებული და ამ თანხის ათვისებას პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის გზით, ზემოთ აღნიშნული სქემითა და ბიუჯეტური სახსრებით მანიპულირების მეშვეობით ქართული საბანკო სისტემის მხრიდან დანაშაულებრივი დუმილის ფონზე წლის ბოლომდე უთუოდ მოახერხებენ.

აქვე გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც ასე „ეფექტურად“ და მხოლოდ „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ იყენებენ, საქართველოს საბანკო სისტემასა და მთლიანად ქართულ ეკონომიკას გაცილებით მეტ საშიშროებას უქმნის. გირაოს არსისა და პირველი რიგის იპოთეკარის სტატუსის ნიველირება, მიუხედავად იმისა, მას ხელისუფლება მიზანმიმართულად გამოიყენებს თუ არა, ამა თუ იმ კლიენტისა და შესაბამისად, მის კრედიტორ ბანკთან მიმართებაში სესხების უზრუნველყოფის ხარისხის მნიშვნელოვან შემცირებას ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს. ყოველივე ეს კი ახალი სესხების გაცემის შესაძლებლობებს დრამატულად შეამცირებს და საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის.

ასევე ავტომატურად გაიზრდება ქვეყანასთან დაკავშირებული რისკები, რაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების მიღებას გაართულებს და გააძვირებს, უკვე გამოყოფილ საკრედიტო რესურსებზე კი საპროცენტო განაკვეთების ზრდას გამოიწვევს. ქართული ბანკების ერთმა ნაწილმა შექმნილ სიტუაციაზე გარკვეული რეაგირება უკვე მოახდინა – მსხვილი კრედიტების გაცემის საკითხების  განხილვა შეაჩერა ან შეამცირა. ეს პროცესი უთუოდ გაგრძელდება და გაღრმავდება.

აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ბანკი ქართუს“ ე.წ. შემოწმება კიდევ ორი თვით გააგრძელა. მეორეს მხრივ, „ბანკი ქართუს“ დამფუძნებელ „ქართუ ჯგუფზე“ უფრო ინტენსიური ზეწოლა ხდება. სულ ორიოდე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობა „ქართუ ჯგუფის“ განმეორებითი კამერალური შემოწმების ჩატარების თაობაზე.

„ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი ტვირთების გამიზნული და ტოტალური დაზიანებების პროცესიც გრძელდება, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემდეგ დაიწყო. ა.წ. 17 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული და ჩვენთვის განკუთვნილი ყველა ტექნიკა, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დაზიანებული და გამოსაყენებლად უვარგისია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტვირთის მომწოდებლები მსოფლიოში აღიარებული ბრენდები არიან, გამორიცხული არ არის, საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო სკანდალში გაეხვიოს“, - აცხადებს ჯავახიშვილი და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან „ქართუ ჯგუფის“ სამეურნეო სუბიექტებზე, მათ შორის „ბანკ ქართუზე“ უსამართლო ზეწოლა შეაჩეროს, მით უმეტეს, რომ საფრთხე მთლიანად ქართულ ეკონომიკასა და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს ექმნება“.

ახალი ამბები