კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიების დაფინანსების კანონპროექტის ხარვეზებს აპროტესტებენ

23 დეკემბერი, 2011

პარტიების დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) შენიშვნები გაავრცელეს.

განცხადების მიხედვით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების ნაწილი დადებითია და ეხმიანება საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. თუმცა მასში არის ხარვეზები და ბუნდოვანებები, რომელთა დაზუსტება და შეცვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

განცხადების მიხედვით, განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების საკითხი. მათი განმარტებით, ამ სიახლის თანახმად, პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი ფინანსური შეზღუდვები და ანგარიშგების ვალდებულებები ვრცელდება პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებზე, მათ შორის - არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირებზე. მსგავსი შეზღუდვები დაწესებულია იურიდიულ პირზეც, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე. მაგალითად: კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ მოწოდებას გააჟღერებს, შეუწყდეს უფლება, მიიღოს შემოწირულობა ნებისმიერი იურიდიული პირისაგან.

„მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია არა მარტო ბუნდოვანია, არამედ გარკვეულ ნაწილში მიუღებელიცაა და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების პრინციპს. ასეთი შეზღუდვა მით უფრო აბსურდულია მაშინ, როცა საჯარო მოხელეებიც კი არ იზღუდებიან წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისაგან, თუ უშუალოდ არ ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. გარდა ამისა, ასეთი დებულებების არსებობა, საჭიროების შემთხვევაში, მათი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

პარტიების საქმიანობის მონიტორინგის მიზნით კანონპროექტი მუდმივმოქმედი მარეგულირებელი ორგანოს შექმნას გვთავაზობს. თავის მხრივ, ასეთი ინოვაცია სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც ერთხმად მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის პალატა პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაში იყოს მიუკერძოებელი. მის მიერ მიღებული პარტიების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები იყოს ნათელი, ადვილად შესრულებადი და განჭვრეტადი, რათა ზედმეტად ამკრძალავმა წესებმა არ შექმნას ხელოვნური ბარიერები პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობაში. პროექტით შემოთავაზებულმა ცვლილებებმა თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყონ პოლიტიკური პარტიებისათვის. ამასთან რეგულაციები იმდენად ოპტიმალური უნდა იყოს, რომ მათ შემოვლითი გზების მოძიების სურვილი არ გაუჩნდეთ, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები კი ადმინისტრირებას შერჩევითად არ უნდა ახორციელებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, 19 დეკემბერს პროექტი წამყვან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით ისე მიიღეს, რომ კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, რითაც უხეშად დაირღვა კანონი.

2011 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები