კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციებს „პოლიტიკასთან ირიბი კავშირის“ გამო გრანტის მიღება აეკრძალებათ

23 დეკემბერი, 2011

ხელისუფლება დრაკონულ კანონპროექტს კიდევ უფრო ამკაცრებს!

ექსპერტები და ოპოზიცია შეშფოთებით ხვდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების ახალი წესების დადგენას ითვალისწინებს.

„თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მოამზადებს, მაგალითად რამე კანონპროექტს და შემდეგ ამ პროექტით რომელიმე პოლიტიკური პარტია ისარგებლებს, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ვეღარც იურიდიული პირებისგან მიიღებს დაფინანსებას და ვეღარც გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ასევე თუ რომელიმე საზოგადოება რამე ღონისძიებას მოაწყობს, რომელსაც ირიბად დაუკავშირებენ პოლიტიკურ პარტიას, მათაც იგივე ბედი ელით, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს“ - აცხადებენ ექსპერტები გაზეთ „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „არასამთავრობოებს „პოლიტიკასთან ირიბი კავშირის“ გამო გრანტის მიღება აეკრძალებათ“.

„ზოგადად, ამ კანონპროექტის თანახმად, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ; მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში; ფიზიკური პირების შემოწირულობების ზღვარი გაორმაგდება 60 000 ლარამდე; პარტიების საწევრო შენატანები წელიწადში 1 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს; პარტიების წლიური ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 0,2%-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების ჩათვლით - ანუ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, თითოეული პარტიის დაფინანსება 2012 წელს 53 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ნამატი კი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს; ყველა ფინანსური ტრანსაქცია უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს; პარტიებსა და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა; პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს კონტროლის პალატა გასწევს ცესკო-ს ნაცვლად“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ეს ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ გახმიანდა, რაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა. ამის გამო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სწორედ ივანიშვილის ფაქტორს დაუკავშირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მიზანს არც ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციები მალავენ. არასამთავრობო სექტორის მეორე ნაწილი კი ამ ცვლილებებს მისი გახმიანებისთანავე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მთელი საქართველო პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ხდება და მათთვის განსაზღვრული სანქციები დაწესდება - საქმე ის არის, რომ კანონს ორი მუხლი ემატება, რომელიც ამ მანიპულაციის საშუალებას იძლევა“, - დასძენს გამოცემა.

ეს მუხლებია: „პარტიას ეკრძალება - კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით“ და კიდევ: „ამ თავით პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ; ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების თაობაზე. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან“.

ამ ჩანაწერის ამოქმედება, როგორც ექსპერტები აცხადებენ, პრობლემებს შეუქმნის ხელოვნებისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებსაც.

„მინდა მივმართო მთავრობას, რადგან მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მწერლები, მსახიობები, სიმფონიური ორკესტრის წევრები, მომღერლები, სპორტსმენები“, - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ კანონპროექტის განხილვისას. მას აინტერესებს რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ამ ადამიანების ყოველდღიური სოციალური მდგომარეობა არ გაუარესდეს.

ხელისუფლება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შემუშავების მოტივად ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტ „გრეკოს“, ასევე ადგილობრივი არასამთავრობოების რეკომენდაციებს ასახელებს. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ რეკომენდაციებში მსგავსი რამ არ არსებობს!“ - აღნიშნავს „რეზონანსის“ სტატიის ავტორი.

„მე ეს რეკომენდაციები საგანგებოდ გადავამოწმე და მსგავსი რამ არსად წერია. იქ არის ერთადერთი წინადადება, რომ „შესაძლებელია, განსაზღვრული შეზღუდვები დაწესდეს“ და ამის შემდეგ ჩამოთვლილია, რაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები, სადაც ერთ-ერთია იურიდიული პირის შემოწირულობა. მაგრამ აქ საუბარია შეზღუდვაზე და არა აკრძალვაზე, შეზღუდვა კი დღესაც მოქმედებს. ამასთან, ეს არის არა რეკომინდაცია, არამედ თეორიული შესაძლებლობა. რეკომენდაციად კი პირდაპირ წერია ის, რომ უნდა აიკრძალოს შემოწირულობის გაკეთება ისეთი იურიდიული პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვებში. ასევე, ისეთი იურიდიული პირებისთვის, რომელშიც წილი აქვს სახელმწიფოს, რასაც ოპოზიცია სისტემატურად ითხოვდა. ასევე წერია ის, რომ შეიძლება შეიზღუდოს პარტიის მიერ გაწეული ხარჯი არჩევნების დროს. მაგრამ ამას არ ითვალისწინებენ და კიდევ ბევრი რამ სწერია, რასაც არ ითვალისწინებენ“, - აცხადებს „რეზონანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.

„ძალიან პრობლემურად ჩანს ის, რაც ეხება ე.წ. არასამთავრობოებს, ანუ ნებისმიერ არაპარტიულ იურიდიულ პირს - ჩანაწერი ძალიან ორაზროვანია და მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საინტერესოა ჩანაწერები - „პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული“ და „იურიდიული პირის წარმომადგენელი ან სხვა პირი“. „ირიბად დაკავშირებული“ განმარტებულია, რომ ეს ნიშნავს იმას, თუ იგი თავის რესურსებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ახმარს პარტიას - ეს „არაპირდაპირ“ კი იძლევა მრავალგვარი წაკითხვის საშუალებას, ასევე როგორც „იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა პირი“... ეს „სხვა პირი“ ვინ არის? იურიდიულად ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი - იურიდიული პირის ბიძაშვილი, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ამ იურიდიულ პირთან და ა.შ. ამით მოხდა ის, რომ იურიდიულ პირს პირდაპირ მიაბამენ პარტიას და მასზე გავრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რაც დადგენილია პარტიისთვის“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

მისივე განმარტებით, ასეთი იურიდიული პირი ვერ მიიღებს გრანტს, ფიზიკური პირისგან ვერ მიიღებს შემოწირულობას, რომელიც აღემატება დადგენილ ზღვარს. იმავდროულად იგი ვალდებული იქნება, ისეთივე ანგარიშგება განახორციელოს თავისი ხარჯებისა, როგორიც ეს დადგენილია პარტიისთვის: „ეს უკანასკნელი ნორმები კი, ამავე კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიებისთვის საკმაოდ მკაცრდება. ასეთი სტანდარტები პარტიასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად მისაღებია, რადგან პარტიის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ სრულიად მიუღებელია ამ იურიდიული პირებისთვის. ამასთან, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია მიაბეს პოლიტიკურ პარტიას, მაშინ ის ვეღარც შემოწირულობას მიიღებს რომელიმე იურიდიული პირისგან, რადგან ეს პარტიას ეკრძალება და ვეღარც გრანტს, რადგან პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ გრანტის მიღება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირებისგან. ამიტომ ჩნდება კითხვა, როგორღა მიიღებენ ეს არასამთავრობოები გრანტებს სხვადასხვა ორგანიზაციებისგან?“

„საინტერესო კი ის არის, რომ ამ კანონპროექტს პირველი მოსმენისთვის დაემატა კიდევ ერთი ჩანაწერი, რაც ამ წესებს უფრო ამკაცრებს - იმ ჩამონათვალს, ვისზეც ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული აკრძალვა, კანონპროექტში დაემატა: „ისეთი პირის ოჯახის წევრები და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირებიც, რომელთაც გაცხადებული აქვთ საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები“, - წერს გამოცემა.

ინტერპრესნიუსის პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები