კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ექსპერტიზის ჩატარების რეგულაციების შეცვლას ითხოვს

26 დეკემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს გადაიხედოს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს. ომბუდსმენი მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანას ითხოვს იმ მიზნით, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
 
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, 2011 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვექტორის“ დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ. შპს „ვექტორი“ ახორციელებს ექსპერტიზებს სხვადასხვა პროფილით, მათ შორის - სასამართლო-სამედიცინო განხრით.
 
განცხადებაშია აღნიშნული, რომ შპს „ვექტორი“ 2005 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 წლის მაისში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მან მოიპოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საქმიანობის ლიცენზია. მოგვიანებით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად გაუქმდა მოთხოვნა აღნიშნული სფეროს ლიცენზირებაზე.
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს N245/ნ ბრძანების პირველი მუხლით განისაზღვრა სამედიცინო ექსპერტიზაში შემავალ საქმიანობათა ნუსხა, რომლის მიხედვითაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოიცავს: გვამების ექსპერტიზას ნაძალადები სიკვდილის შემთხვევაში; გვამების ექსპერტიზას ძალადობაზე ეჭვის ან სხვა გარემოებების არსებობისას, რომლებიც განაპირობებენ სასამართლო სამედიცინო წესით გამოკვლევის აუცილებლობას; დაზარალებულის, ბრალდებულის ან სხვა პირთა ექსპერტიზებს, ასევე მოქალაქეთა სასამართლო სამედიცინო შემოწმებას, სხეულის დაზიანების ხასიათსა და სიმძიმეს, ასაკს, სქესობრივ მდგომარეობას და სხვა საკითხებს; ექსპერტიზას სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით; ექსპერტიზას სამედიცინო დოკუმენტაციით.

2010 წლის 17 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N385 დადგენილებით საექსპერტო საქმიანობა კვლავ დაექვემდებარა ლიცენზირებას და ლიცენზირების ახალი პირობები განისაზღვრა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა სალიცენზიო პირობები, რომელთა შესაბამისადაც, ლიცენზიის მისაღებად კერძო დაწესებულებას მფლობელობაში უნდა გააჩნდეს ფართი, აღჭურვილი გვამების გამოკვლევისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით (სამაცივრო დანადგარები, ტრანსპორტის საშუალებები, სასექციო მაგიდები, საკაცეები და სხვა). დაწესებულების მიერ ამ ფართის მფლობელობა უნდა დასტურდებოდეს მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით.
 
„ლიცენზიის მისაღებად აღნიშნული მოთხოვნის დაწესება შეიძლება გამართლებულად იქნას მიჩნეული 2007 წლის 21 აგვისტოს ბრძანების მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (გვამების ექსპერტიზას ნაძალადები სიკვდილის შემთხვევაში და გვამების ექსპერტიზას ძალადობაზე ეჭვის ან სხვა გარემოებების არსებობისას, რომლებიც განაპირობებენ სასამართლო სამედიცინო წესით გამოკვლევის აუცილებლობას). რაც შეეხება დანარჩენ 3 შემთხვევას (დაზარალებულის, ბრალდებულის ან სხვა პირთა ექსპერტიზებს, ასევე მოქალაქეთა სასამართლო სამედიცინო შემოწმებას, სხეულის დაზიანების ხასიათსა და სიმძიმეს, ასაკს, სქესობრივ მდგომარეობას და სხვა საკითხებს, ექსპერტიზას სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით და ექსპერტიზას სამედიცინო დოკუმენტაციით), ბუნებრივია მათ ჩატარებას არ ესაჭიროება გვამების გამოკვლევისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ფართი“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, მთავრობის დადგენილების დანაწესი ქმნის მდგომარეობას, როდესაც კერძო დაწესებულება მოკლებულია ყველანაირ შესაძლებლობას აწარმოოს, როგორც ცოცხალ პირთა ექსპერტიზა, ასევე ექსპერტიზა სამედიცინო დოკუმენტაციით, თუ მას მფლობელობაში არ აქვს სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული ფართი და საჭირო ინვენტარი, რომლის მოთხოვნაც რელევანტურია გვამების ექსპერტიზისათვის.
 
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მართებულია ლიცენზირებას ექვემდებარებოდეს საექსპერტო საქმიანობის ყველა არსებული მიმართულება, მაგრამ მიზანშეწონილი იქნება, თუ ლიცენზიის მოსაპოვებლად თითოეული მიმართულებისადმი დაწესდება შესაბამისი და აუცილებელი პირობები, რომლებიც ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების მეშვეობით უზრუნველყოფს ხარისხიანი შედეგის მიღწევას.

ახალი ამბები