კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნდობის ჯგუფი“ ნდობას კარგავს

27 დეკემბერი, 2011

კობა ლიკლიკაძე, რადიო „თავისუფლება“

საქართველოს პარლამენტში შექმნილმა „ნდობის ჯგუფმა“ - ძალოვანი უწყებების საპარლამენტო მაკონტროლებელმა ორგანომ -  წლის ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა სამხედრო უწყების ხელმძღვანელობის ანგარიშის მოსმენა.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის შინაარსი რადიო თავისუფლებას გააცნო „ჯგუფის“ ერთადერთმა ოპოზიციონერმა წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელიც აღიარებს, რომ „საქართველოს პარლამენტის „ნდობის ჯგუფს“, არსებული სახით, არ შესწევს უნარი ჯეროვანი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებასა და კონტროლში“.

ენდე, თანაც არ შეამოწმო

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის იდეა პარლამენტის „ნდობის ჯგუფში“ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნოემბრის ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ 45 მილიონი ლარით გაზარდა სამხედრო უწყების დაფინანსება. ამგვარი შეხვედრის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“, რომელმაც 26 ნოემბრის სხდომაზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრისაგან ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე, თუ რით არის განპირობებული სამხედრო ხარჯების გაზრდა.

23 დეკემბერს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტში შეკრებილმა „ნდობის ჯგუფის“ წევრებმა და პირადად გიორგი თარგამაძემ მინისტრ ბაჩო ახალაიას დაუსვეს ის შეკითხვები, რომლებიც მათ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, სტუმრისგან კი მიიღეს ისეთი პასუხი, რომლის შემდგომ დაზუსტებას უკვე აზრი ეკარგება მისი უდიდებულესობა „სახელმწიფო საიდუმლოების“ გამო: „ზოგადად ინფორმაცია, რომელიც ამ შემთხვევაში მე შემიძლია ღიად და საჯაროდ ვთქვა, ამ თანხების აბსოლუტური უმრავლესობა და მთლიანად, შეიძლება ითქვას, წარიმართება და წარმართულია უკვე შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესაძენად.“

როგორც ზემოთ ითქვა, ის, თუ რომელი ქვეყნებიდან და რა სახის შეიარაღება და ტექნიკა შეიძინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. საქართველოში სამხედრო შესყიდვების კანონიერებას კი შეიძლება იმ შემთხვევაში აეხადოს ფარდა, თუკი მინისტრი,  ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად,  ოპოზიციაში გადასვლას გადაწყვეტს. მაგრამ იბადება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა, ჰყავს თუ არა საქართველოს არმიას სათანადო სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაცია?

ქართულ ბეჭდურ მედიას და სოციალურ ქსელებს თუ დავუჯერებთ, 2011 წლის განმავლობაში სამხედრო უწყებიდან გრძელდებოდა გამოცდილი და პროფესიონალი ოფიცრების დათხოვნის პროცესი, რასაც საქართველოს პარლამენტის „ნდობის ჯგუფის“ ერთადერთი ოპოზიციონერი წევრი, გიორგი თარგამაძეც ადასტურებს: „თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხები მდგომარეობს იმაში, რომ მათ ან არ აკმაყოფილებდათ კვალიფიკაცია ამ ადამიანების, ან აქვთ გარკვეული შეკითხვები მათ სამუშაო წარსულთან. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სრულიად არასერიოზულ სახეს იძენს, რადგან მე მახსოვს, რომ ძველი ხელმძღვანელობის დროს თუკი „ცუდ გადმონაშთად“ და „წარსულად“ ითვლებოდა ის, რომ ოფიცერთა გარკვეულ ნაწილს განათლება მიღებული ჰქონდა რუსულ სამხედრო სასწავლებლებში ანდა პოსტსაბჭოური სივრცის რომელიმე სამხედრო სასწავლებლებში, ბოლო ხანებში გათავისუფლებული ადამიანების უმრავლესობას, პირიქით, დასავლეთის სამხედრო სასწავლებლებში ჰქონდა მიღებული“.

ხუთკაციანი საპარლამენტო „ნდობის ჯგუფის“ და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების 23 დეკემბრის შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა აგრეთვე ქართული პოლიტიკის ისეთ კანონიკურ საკითხებს, როგორიც არის ნატოს მაისის ჩიკაგოს სამიტი და მასზე სასურველი მეპის (ანუ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მიღების პერსპექტივა და ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში გაღებული ქართული კონტრიბუციის მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის. სხვათა შორის, გასულ კვირას, 23 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც საქართველოს მთავარ საფრთხეებსა და გამოწვევებს შორის დასახელებულია „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი“ და „ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები“.

პარლამენტის ხუთკაციანმა „ნდობის ჯგუფმა“ 2011 წელს თავდაცვის მინისტრთან დახურული სხდომა სულ ორჯერ გამართა. რა იქნება მომავალში და რამდენად ინტენსიური იქნება ასეთი შეხვედრები, ძნელი სათქმელია. გიორგი თარგამაძე არ უარყოფს, რომ „ნდობის ჯგუფი“, ისევე როგორც მთელი პარლამენტი, ერთპარტიული მმართველობის პირობებში ვერ ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს და სულ უფრო კარგავს საზოგადოების ნდობას.


ორიგინალი - სრული ვერსია

ახალი ამბები