კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სფეროში 2011 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა

30 დეკემბერი, 2011

შორენა ლათათია, www.humanrightshouse.org

2011 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დაახლოებით 400-მდე საკანონმდებლო აქტი. ცვლილებები შევიდა კანონებში: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პატიმრობის შესახებ, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ და სხვა. 

უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკიდან გარკვეულწილად შეიცვალა ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკისკენ, თუმცა წლის განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ხშირად საპირისპიროს მეტყველებს. უფლებადამცველთა შეფასებით, არსებული კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, 2011 წელს კიდევ უფრო გაუარესდა.

საქართველოს კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“

კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ პარლამენტმა 2011 წლის 28 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე მე-3 მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება საკმაოდ მოულოდნელი იყო, ვინაიდან მისი განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სესიების დღის წესრიგში გათვალისწინებული არ ყოფილა.

პერსონალური მონაცემების დაცვაზე ზრუნვა თავისთავად წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა, რომ არა კანონის ზოგიერთი სადავო დებულება. კერძოდ, კანონი ითვალისწინებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას (მათ შორის გაცემას და გავრცელებას) როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების მიერ. ასეთ მონაცემებად კი ითვლება: „პერსონალური მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლეობასთან. ასევე, ბიომეტრული მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული მახასიათებელი ნიშნებით პირის იდენტფიკაცია“. 

უფლებადამცველთა განცხადებით, არსებული რედაქციის ზოგიერთი მუხლი ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფის სერიოზულ საფრთხეს.

ამ კანონის საფუძველზე, სპეციალურად ამ მიმართულებით მომუშავე ინსპექტორს ყველა ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თავისი თანამშრომლების შესახებ. დაწესებულებას შეუძლია, დაამუშავოს და მათ შორის, გასცეს პირის სქესობრივ ცხოვრებასთან, რელიგიურ და პოლიტიკურ მრწამსთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე.

უფლებადამცველების აზრით, მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ამძიმებს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მდგომარეობას აქამდე არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულებას არათუ შეუძლია სხვა პირებზე გასცეს პირის შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, არამედ ეკრძალება მისი შეგროვება, დამუშავება და შენახვაც კი.

კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

2011 წლის დეკემბრის ბოლოს  ცვლილებები ასევე შევიდა კანონში „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, რომელიც ძალოვან უწყებებს კავშირგაბმულობის სისტემაში არსებულ მონაცემთა ბაზების კოპირების უფლებას ანიჭებს. ექსპერტთა განცხადებით, ეს ავტორიტარული რეჟიმის ტოტალიტარულ რეჟიმად გადაქცევის მაჩვენებელია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტს დაემატა მუხლი, რომლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება მიეცათ, ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, განახორციელონ კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების კოპირება.

ასეთ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკიდან სასამართლოს ნებართვით. თუმცა, ფორსმაჟორულ სიტუაციაში მისი სასამართლოს გვერდის ავლით განხორციელებაც დაშვებულია. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება კანონპროექტში, რომელიც სულ სხვა ცვლილებებს ითვალისწინებდა, მესამე მოსმენის წინ ჩაემატა, რაც პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევაა, რადგან მესამე მოსმენისთვის კანონპროექტში მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანა შეიძლება.

უნდა აღინიშნოს, რომ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონში“  ცვლილებები 2010 წლის სექტემბერში შევიდა, რომლითაც დაკანონდა მოსამართლის ბრძანებით კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნა, ფიქსაცია და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია.

ექსპერტები ამ ცვლილებებს პოლიციისთვის საქმის გამარტივებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ამით ძალოვანი უწყებები უფრო მარტივად გააკეთებენ იმ უკანონობას, რომელსაც აქამდეც აკეთებდნენ. თანაც, უკვე იტყვიან, რომ ამით არანაირი კანონი არ ირღვევა.

ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში

2011 წლის ნოემბერში „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს“ ახალი მუხლი დაემატა,  რომლის მიხედვითაც, პროკურატურას საბანკო ანგარიშის მონიტორინგის უფლება მიეცა.

კერძოდ, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, პროკურორს შეუძლია, შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს და საბანკო ანგარიშის მონიტორინგი მოითხოვოს. სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში კი, ბანკი ვალდებული იქნება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას ინფორმაცია საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ამგვარად, ბანკები ვალდებულნი არიან, პოლიციას მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტული პირის ფინანსური გადარიცხვების შესახებ. საბანკო ანგარიშის მონიტორინგი შეიძლება მიმდინარეობდეს იმ ვადაში, რა ვადაც საკმარისია სისხლის სამართლის მტკიცებულების მოსაპოვებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან ზოგადი ჩანაწერია და უფლებადამცველთა აზრით, ლახავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

სისხლის სამართლის კანონმდებლობისთვის კიდევ ერთ სიახლეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შემოღება წარმოადგენს. პროგრამა გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან  სრულად გათავისუფლებას - მათ წინააღმდეგ  საქმის არაღძვრას, ან დაწყებული პროცესის შეჩერებას.  პროგრამაში ჩართულმა არარსულწლოვანმა  ჩადენილი დანაშული  უნდა აღიაროს და დაზარალებულისთვის ან სახელმწიფოსთვის, ჩადენილი ქმედებით მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს.

ანაზღაურების მინიმალურ თანხას 500 ლარი წარმოადგენს, მაქსიმალური - არ არის განსაზღვრული. ექსპერტთა მოსაზრებით, აღნიშნული პირობა, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას, აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ამით პროკურორს ეძლევა შესაძლებლობა, აუნაზღაურებელი დატოვოს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა არასრულწლოვან პირებთან მიმართებით უფრო მკაცრია, ვიდრე სრულწლოვანებთან მიმართებით. კერძოდ, არასრულწლოვანი პირისთვის განრიდება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი, სრულწლოვნებთან მიმართებით კი კანონში ეს დათქმა არ არის. ამასთან, არასრულწლოვნის მიმართ განრიდება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ის პირველად ჩადის დანაშაულს. სრულწლოვნის მიმართ კი მსგავსი დათქმა არ არსებობს. ე.ი. სახელმწიფო არის არათანმიმდევრული. როგორც წესი, არასრულწლოვნის მიმართ უფრო ლიბერალური პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს.

2011 წელს ასევე შეიქმნა ინსტიტუტი, რომელსაც დაეკისრა მსჯავრდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობისა და სახის განსაზღვრა. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სისხლის სამართლის ძველ კოდექსშიც იყო გათვალისწინებული. თუმცა, მას მკვდარ ნორმად მიიჩნევდნენ, ვინაიდან პრაქტიკაში არ მოქმედებდა. 

პრობლემატურია ის საკითხი, რომ მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას ვერ ფარავს შრომის კოდექსი, ვინაიდან ის მხოლოდ ანაზღაურებად ურთიერთობებს შეეხება. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს არავითარი საკანონმდებლო გარანტია, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი  უსაფრთხო შრომითი პირობები.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები უკანონო ფორმირებებთან დაკავშირებით. ბოლო რედაქციით, „ფორმირება“ გულისხმობს ნებსიმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლსადენი, რადიოაქტიური, ნევრულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწავლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად“. უფლებადამცვეთა მოსაზრებით, „ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი“ ზოგადი ფორმულირებაა, რაც პრაქტიკაში ძალოვან სტრუქტურებს ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, აქცენტი გაკეთებულიყო საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ანუ შეუძლია თუ არა ასეთ ფორმირებას საზოგადოებას შეუქმნას საფრთხეს. თუმცა ეს რეკომენდაცია პარლამენტმა არ გაიზიარა. შედეგად, პრაქტიკაში შეიძლება შეიქმნას ისეთი კომიკური სიტუაციაც, როცა უკანონო ფორმირებად შეიძლოება ჩაითვალოს მეგობრები, რომლებსაც ხელში ჯოხები უჭირავთ.

ახალ კოდექსში სიტყვა „შეიარაღებული“ ჩაანაცვლა სიტყვამ „უკანონო“. ანუ შესაძლებელია, ნებისმიერი ფორმირების შექმნა და მასში გაწევრიანება იყოს დასჯადი. პარტიული ან ნებისმიერი გაერთიანება, რომელსაც აქვს ორგანიზებული ხასიათი, ამ კანონის საფუძველზე, შეიძლება მიჩნეულ იქნეს უკანონო ფორმირებად, თუკი ეს ვიღაცას დასჭირდება. ადრინდელ კანონში ჩამოთვლილი იყო, რისი გამოყენება შეიძლებოდა, ჩათვლილიყო კანონსაწინააღმდეგოდ. დღეს ამ ჩამონათვალს დაემატა „ცივი იარაღი და სხვა ნივთები, რომელსაც შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება.“ ეს შეიძლება იყოს მობილური ტელეფონიც, წიგნიც და სხვა ნებისმიერი ნივთი, რითაც შესაძლებელია ადამიანისთვის ტრავმის მიყენება.

სისხლის სამართლის ახალი კოდექსით, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-20 წლამდე ან უვადოდ. ადრე მოქმედი კოდექსი ნებისმიერი პროფესიის ადამიანს დაცვის ერთნაირ გარანტიებს სთავაზობდა. ამ ცვლილებით კი მოხდა პოლიციელისა და „ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის“ გამოცალკევება დანარჩენი საზოგადოებისგან.


კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შესახებ

2009 წელს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა შეკრება-მანიფესტაციების მარეგულირებელ აქტებში. ამის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები დასკვნისთვის გადაუგზავნა ვენეციის კომისიას. შესაბამისად მომზადდა ვენეციის კომისიის კომოენტარები აღნიშნულ ცვლილებებზე, რომელმაც დაადასტურა, რომ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას გარკვეული ხარვეზები აქვს. ე.წ. „20 მეტრის“ წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ აკრძალვა გადაჭარბებულია და ის ხშირ შემთხვევაში აზრს უკარგავდა აქციის გამართვას, რადგანაც მჭიდროდ ათვისებულ გარემოში, სახელმწიფო დაწესებულებებიდან 20 მეტრის დაშორებით მსგავსი უფლების განხორციელება პრაქტიკულად შუძლებელია.

2010 წლის მარტში კომისიას გადაეგზავნა კანონის ცვლილებების პროექტი, რომელიც მთელი რიგი ხარვეზების გამოსწორებას ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, კანონში დღემდე არაერთი ხარვეზი არსებობს. 2010 წელს სახალხო დამცველმა არსებული ყველა სადავო ნორმის შესახებ კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა კანონის ცალკეული ნორმები. მათ შორის - დებულება, რომელიც შეიცავდა ბლანკეტურ აკრძალვას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ აქციის ორგანიზებაზე და ჩანაწერი რომელიც ერთ პირს ართმევდა უფლებას, ყოფილიყო აქციის ორგანიზატორი. თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ 2011 წლის 13 ივნისს ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც ეწინააღმდეგება.  

ექსპერტთა შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების სრულად ან ნაწილობრივ ხელახლა კანონმდებლობაში დაბრუნება წარმოადგენს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მნიშვნელობის უგულვებელყოფას და ყოვლად დაუშვებლია.

ცვლილებები და დამატებები „პატიმრობის  კოდექსში“

2011 წელს პატიმრობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, როგორც წამახალისებელ, ასევე შემზღუდველ ნორმებს.

წამახალისებელ ნორმათაგან აღსანიშნავია პატიმრებისთვის ერთის მაგივრად წელიწადში ორი დამატებითი ხანგრძლივი პაემნისა და თვეში ერთი დამატებითი სატელეფონო საუბარის უფლების მინიჭება.

შემზღუდველი ნორმების თანახმად კი, დისციპლინური სახდელის სახით პატიმარს შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბარი და პირადი ხასიათის კორესპონდენციის წარმოების უფლება 3 თვემდე ვადით. პატიმარს ექნება კორესპონდენციის წარმოების შესაძლებლობა სახალხო დამცველთან. თუმცა, უფლებადაცვითი ორგანიზაციების მოთხოვნა იყო, რომ მათაც შესძლებოდათ კორესპოდენციის წარმოება, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

ასევე, პატიმარს შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლება 3 თვემდე ვადით. აღნიშნულმა შესაძლოა, გააუარესოს კვების პირობები, განსაკუთრებით იმ პატიმრებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური საჭიროებები, რაც გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება არაგონივრული და არაპროპორციულია,  რადგან საპატიმრო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკის პირობებში, პატიმრის დაცვის ერთ-ერთ გარანტად სწორედ სატელეფონო საუბარი და კორესპონდენციებზე ხელმისაწვდომობაა წარმოადგენს. 

უფლებადამცველები შიშობენ, რომ სახდელის სახით პატიმრების შეზღუდვა გამოიწვევს მათ სრულ იზოლაციაში მოქცევას და თავად ადვოკატთან ურთიერთობის აკრძალვასაც კი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის რეკომენდაციას საქართველოს მიმართ. 

ორიგინალი : http://humanrightshouse.org/Articles/17457.html

ახალი ამბები