კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები

9 იანვარი, 2012

დარეჯან პაატაშვილი „ინტერპრესნიუსი“

პოლიტიკურ პარტიებს ახალი რეგულაციები უკვე დაუწესდათ. საკმაოდ მცირე დროში განხილული ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ 81 ხმით 8-ის წინააღმდეგ 28 დეკემბერს დამტკიცდა. არასამთავრობო სექტორის ჩართულობით კანონპროექტის განხილვა, „სიურპრიზით“ დასრულდა. კანონს უკუძალა მისცეს – კანონში არ ჩაიწერა, რომ მას „უკუძალა“ აქვს, თუმცა, ჩაიწერა ისეთი რეგულაცია, რაც უკუძალას ნიშნავს.

ორ კვირაში განხილული და დამტკიცებული კანონის შედეგად, პარტიებს უახლოეს დღეებში, ახალი თამაშის წესებით მოუწევთ თამაში, თუმცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარტიებს, თამაშის წესები, საერთოდ ჩამოართვეს. ახალი თამაშის წესების შედეგები კი, ასევე, ოპოზიციის აზრით, „მასობრივი დაჭერები“ იქნება.

კანონპროექტი ვენეციის კომისიაშიც იყო გადაგზავნილი, თუმცა, მასში ვენეციის კომისიის მიერ მისი მოწონების შემდეგაც გაჩნდა ახალი რეგულაციები. მასობრივი დაჭერების თუ პარტიების შეზღუდული საქმიანობის საფუძველი კი, შემდეგი ცვლილებებია: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში გაჩნდა ახალი მუხლი – 5/1, რომელიც განსაზღვრავს მთელ რიგ ჩამონათვალს, თუ რა ეკრძალება პარტიას. პარტიას ეკრძალება - კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (გარდა პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა - მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები), შეღავათიან ფასად საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა, აგრეთვე მომსახურების (მათ შორის ფიქტიური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების), მიწოდებით ან ასეთის დაპირებით (გარდა დაპირებისა, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას).

შემდეგი ცვლილება, პარტიის ქონებას შეეხო. აქამდე, შესაძლებელი იყო პარტიის ქონება იურიდიული პირის მიერ გაკეთებული შემოწირულობაც ყოფილიყო, ცვლილებით კი, პარტიებს იურიდიული პირებისგან შემოწირულობის მიღება აეკრძალათ. შესაბამისად, ახალი ნორმით, პარტიის ქონებას ქმნის: ა) საწევრო შენატანები; შემოწირულობები; კანონით დადგენილ შემთხვევებში - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;

ამას გარდა, პარტიის ქონებაა პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, პარტიის მიერ ლექციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს. აგრეთვე, საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები. თუმცა, კანონმდებლებმა აქედან მიღებული საერთო შემოსავლების ლიმიტიც დააწესეს და განსაზღვრეს, რომ საერთო შემოსავლები არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს წლის განმავლობაში.
ახალი რეგულაციით, პარტიებს, სესხის აღება შეეძლებათ, თუმცა, მხოლოდ კომერციული ბანკებისგან. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ პარტიას მხოლოდ 100 000 ლარის ოდენობის სესხის აღების შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა, საბოლოო და უკვე დამტკიცებულ ვარიანტში, ეს ციფრი მილიონ ლარამდე გაიზრდა. ლიმიტის გაზრდას წინ განხილვაც უძღოდა, სადაც ითქვა, რომ თუ პარტიას სახელმწიფო არჩევნების შემდეგ აძლევს მილიონ ლარს, მაშინ სესხის აღებაც სწორედ ამ ოდენობით უნდა შეეძლოთ. უმრავლესობამ კი ეს შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა, იქვე დაამატა, რომ სესხის აღება, არა უბრალოდ პარტიას, არამედ საარჩევნო სუბიექტს შეეძლება და ისიც მხოლოდ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდეგ. შესაბამისად, თუ წინასაარჩევნოდ რეგისტრაცია საარჩევნო ბლოკმა გაიარა, ისიც მიუხედავად მასში შემავალი პარტიების ოდენობისა, მაინც მილიონი ლარის ოდენობის კრედიტის აღებას შეძლებს.

საერთო შემოსავლები და ხარჯები

ახალი რეგულაციებით დაწესდა პარტიის საერთო ხარჯების და საერთო შემოსავლების ლიმიტი. დადგინდა, რომ პარტიის და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 %-ს, ხოლო ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. პარტია ვალდებულია ამ ზღვარს გადაჭარბებით მიღებული თანხები საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

პარტიის საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის 10%-ს.

მესამე მოსმენამდე, პროექტს დაემატა, რომ პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების ნივთები, არა უმეტეს 5000 ლარის საერთო ოდენობით.

ასევე, პროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე გადაწყდა, რომ დარეგულირებულიყო ასეთი ლიმიტები საარჩევნო ბლოკთან მიმართებაშიც და გადაწყდა, რომ საარჩევნო ბლოკში შემავალი სუბიექტების ხარჯებისა და შემოსავლების საერთო ოდენობები არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. კერძოდ, თუ პარტიებს არანაირი კანონდარღვევა არ აქვთ, ლიმიტებში ჯდებიან, დაბლოკებას ვერ შეძლებენ, თუ დაბლოკების მსურველი პარტიების საერთო შემოსავალმა და ხარჯმა ჯამში, აღნიშნულ 0,2%-ს გადააჭარბა. ამ რეგულაციების მიხედვით წელი ნიშნავს დროს 2001 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2012 წლის 1-ელ ნოემბრამდე.

რაც შეეხება პარტიის მიერ მისაღები შემოწირულობების დეტალებს. აქამდე, პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა წელიწადში არ უნდა ყოფილიყო თითოეული ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარზე მეტი, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარზე მეტი. გადარიცხვები აქამდე საბანკო ანგარიშით უნდა მომხდარიყო, თუმცა, თუ პირის მიერ გაცემული შემოწირულობა 300 ლარს არ აღემატება, შესაძლებელი იყო პარტიას ფული „ხელზე“ მიეღო.

ახალი რეგულაციის მიხედვით კი დადგინდა, რომ პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს თითოეული მოქალაქისგან (იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღება აიკრძალა). საწევროს წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს პარტიის თითოეული წევრისგან. ასევე, ნოვაციაა იმის დადგენაც, რომ შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15-%-ზე მეტს წარმოადგენს მის ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები. მოქალაქეს შეეძლება შემოწირულობა გააკეთოს წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ შემოწირულობათა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 60 000 ლარს.

ლიმიტები ვრცელდება ყველა სახის შემოწირულებაზე, მათ შორის, პარტიის მიზნებისათვის და მისი სახელით გაწეულ მომსახურებაზე. პარტიის მიერ მიღებული საწევროები, აგრეთვე მოქალაქეებისგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. კანონპროექტში აქამდე არ ყოფილა და, შესაბამისად, არც ვენეციის კომისიას გადაგზავნია შემდეგ რეგულაცია - შემოწირულობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში არსებული შემომწირველის კუთვნილი ანგარიშებიდან. ეს დეტალი კანონპროექტში, მესამე მოსმენის დროს გაჩნდა.
ასევე, მესამე მოსმენის დროს გაჩნდა შემდეგი ვალდებულებებიც: შემოწირულობის განხორციელება სხვა პირთა მეშვეობით, კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით, გამოიწვევს შემოწირულობის მიმართვას სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სამართალდამრღვევ პირებს დაეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. ხოლო, თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირები ან მათთან დაკავშირებული პირები), მაშინ მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულობათა საერთო ოდენობა ერთი საარჩევნო სუბიექტის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ოღონდ თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულობის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.

ახალი კანონით, პარტიებს კდიევ ახალი ვალდებულება აქვთ. აქამდე მსგავსი ნორმა არ არსებობდა. ცვლილებით პარტიას დაევალა, რომ შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია პარტიამ 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას. თუ შემოწირულობის მიღებით ირღვევა კანონით გათვალისწინებული რეგულირებები, პარტია ვალდებულია თანხის პარტიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში უკან დაუბრუნოს შემოწირულობა შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. პარტიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება, რომელიც უკვე ცალკე მუხლშია გაწერილი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა გამარტივდა, განსხვავებით პროექტის იმ ვარიანტისა, რომელიც ვენეციის კომისიაში იქნა გაგზავნილი და რომელიც, მეორე მოსმენით იყო დამტკიცებული. კერძოდ, ადრე არსებობდა ნორმა, რომ პარტია თუ 7 დღის ვადაში უკან არ დაუბრუნებდა დარღვევით მიღებულ შემოწირულობას შემომწირველს, მხოლოდ ამის შემდეგ მიიმართებოდა ბიუჯეტში. დამტკიცებული ვარიანტით კი 7 დღის ვალდებულება ამოღებულია და ზოგადი ჩანაწერია გაკეთებული.

მესამე მოსმენის დროს გაჩენილი კიდევ ერთი ნოვაცია: აქამდე, სპეციალური ფონდიდან თანხის გაცემა პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხდებოდა მხოლოდ კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებებისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების მიზნით. დამტკიცებული ახალი რეგულაციით კი ამ მიზნებს, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსებაც დაემატა. ხოლო თუ ამ ფონდიდან აქამდე, ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასაცემი თანხა არ უნდა აღმატებოდა არასამთავრობო სექტორზე გასანაწილებელი თანხის 5%-ს, დღეს დამტკიცებული ნორმებით, 5%-იანი ლიმიტი 10%-მდე გაიზარდა.

პარტიებს ახალი ვალდებულებები აქვთ მათი ფინანსური გამჭვირვალობის მიზნითაც და საფინანსო დეკლარაციაში მათთან კავშირში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯების ასახვაც დაევალათ. კერძოდ, პარტია ყოველი წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს კონტროლის პალატას უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის შესაბამისად, ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების და შემოწირულობების ოდენობა, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულობის განმახორციელებელი მოქალაქეების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე საგამომცემლო და პარტიის მიერ სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებაზე, მივლინებაზე და სხვა გაწეული ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).
არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შემოსავალ-გასავალი დეკლარაციაში ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები.

კონტროლის პალატა ვალდებულია პარტიის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს აღნიშნული დეკლარაციის შესაბამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

პარტია ვალდებულია თავის საფინანსო დეკლარაციაში ასახოს მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ან სხვაგვარად მის კონტროლს ქვეშ მყოფი იურიდიული პირების ხარჯები. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას და აუდიტის სტანდარტებს ადგენს საქართველოს კონტროლის პალატა. პარტია ვალდებულია შეინახოს საფინანსო დეკლარაცია და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი 6 წლის განმავლობაში, ასევე, დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო დოკუმენტების წარმოებასა და შენახვასთან.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების ნოვაციაა ის ფაქტიც, რომ არჩევნების გამოცხადების დღიდან სამ კვირაში ერთხელ ყველა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, ვალდებულია საქართველოს კონტროლის პალატას წარუდგინოს ფინანსური ანგარიში კონტროლის პალატის მიერ დადგენილი ფორმით. ამ კანონით გათვალისწინებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების საფინანსო მდგომარეობასთან და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის წესს ადგენს საქართველოს კონტროლის პალატა.
ასევე, თუ აქამდე პარტიას შეეძლო ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით ნებისმიერი დამოუკიდებელი აუდიტორისთვის მიემართა, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარტიის ფინანსური აუდიტის ჩატარება მხოლოდ იმ აუდიტორს შეეძლება, რომელიც კონტროლის პალატის მიერ დადგენილ სტანდარტებს ადგენს.

პარტიების შეღავათი

აქამდე, თუ პარტია დროულად არ გამოაქვეყნებდა საფინანსო დეკლარაციას, იგი კარგავდა სახელმწიფო დაფინანსების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. ახალი რეგულაციით კი, პარტიას დამატებითი დროის მიღების შესაძლებლობა ექნება. კერძოდ, თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საქართველოს კონტროლის პალატას საფინანსო დეკლარაციას, კონტროლის პალატამ უნდა გააფრთხილოს წერილობით და მოსთხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა 5 დღის განმავლობაში. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საქართველოს კონტროლის პალატას, იგი კარგავს სახელმწიფო დაფინანსების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიების მაკონტროლებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად, კონტროლის პალატა იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებებით დადგინდა, რომ პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა. საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია: ა) შეიმუშავოს საფინანსო დეკლარაციის ფორმა; ბ) განსაზღვროს პარტიათა დაფინანსების აუდიტის შესაბამისი სტანდარტი; გ) შეამოწმოს საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება; დ) ჩაატაროს საფინანსო საქმიანობის აუდიტი; ე)უზრუნველყოს პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობა; ვ)საჭიროების შემთხვევაში პარტიებიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით; ზ) საჭიროების შემთხვევაში პირებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის და 261 მუხლით განსაზღვრული პირებისთვის გაცემული ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ; თ) კონსულტაცია გაუწიოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების საკითხებზე დაინტერესებულ პირებს; ი) პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე მოახდინოს რეაგირება და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები; კ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს.
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ირღვევა ამ კანონის მოთხოვნები, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან საქართველოს კონტროლის პალატას.

სანქციები

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს დაემეტა სანქციების ნაწილიც. შესაბამისი მუხლის – 34/2 მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულობის მიღება ან დამალვა - გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.

ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისათვის საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განხორციელება - გამოიწვევს აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განმხორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.
პირის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა, გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

კონტროლის პალატის მოთხოვნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევა, გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარით.
ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეიძლება პირს დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან ექვსი წლის განმავლობაში. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმების არაერთგზის დარღვევის, ან კონტროლის პალატის კანონიერ მოთხოვნათა განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან თუ სამართალდარღვევამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს კონტროლის პალატის წარდგინების საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტს შეუჩეროს საარჩევნო რეგისტრაცია, თუ დარღვევები უკავშირდება არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს.

კონტროლის პალატა ადებს ყადაღას პოლიტიკური გაერთიანების, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ქონებას (მათ შორის საბანკო ანგარიშებს), რომელიც შემდგომში შეიძლება გასაჩივრდეს სამართალდარღვევის თაობაზე გამოცემულ დადგენილებასთან ერთად სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას.

კონტროლის პალატა ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადგენს ოქმს და იღებს დადგენილებას შესაბამისი სახდელის შეფარდების თაობაზე. ამ საქმეების მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესები.

27 დეკემბერს გაჟღერებული და 28 დეკემბერს დამტკიცებული „უკუძალა“

27 დეკემბერს, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, უმრავლესობის წევრმა კობა ხაბაზმა კანონისთვის უკუძალის მინიჭება მოითხოვა. დღის მეორე ნახევარში კი გაკეთდა განცხადებები, რომ „უკუძალა“ ვერ მიენიჭებოდა, რადგან კონსტიტუციით არ შეიძლება გამკაცრებულ ნორმებს უკუძალა მიენიჭოს. თუმცა, 28 დეკემბერს უკვე მესამე მოსმენით განხილვისას კანონს „უკუძალა“ მიენიჭა. თუმცა, სიტყვა „უკუძალა“ არ ჩაიწერა და მხოლოდ ის წესი ჩაიწერა, რაც კანონისთვის უკუძალის მინიჭებას შეიძლება მოჰყოლოდა.

28 დეკემბრის ნოვაციაა ის, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

რაც შეეხება ზემოთ, რამდენჯერმე ნახსენებ 26/1 მუხლს და ნოვაციას, რომელიც არა მარტო კრიტიკის საგანი, არამედ ბევრისთვის, შეიძლება „თავის ტკივილადაც იქცეს“. კანონპროექტის 26/1 მუხლის შინაარსი ასეთია: „პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ ან გააჩნია გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების თაობაზე; გ) პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირებზე, აგრეთვე მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებზე. ამ უკანასკნელ ქვეპუნქტში, თავდაპირველად მითითებული იყო „ოჯახის წევრები“. თუმცა, საბოლოოდ, „ოჯახის წევრები“ „მასთან დაკავშირებული პირებით“ შეიცვალა, რაც თავის თავში ოჯახის წევრებსაც გულისხმობს და სხვებსაც.

გარდა ამისა, განმარტებულია, თუ რას ნიშნავს პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული იურიდიული პირები - იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან.

კანონის ძალაში შესვლა

პარლამენტმა ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით, „გაუგებრობა“ დაამტკიცა. დამტკიცებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული 34/2 მუხლის პირველი-მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული 34/2 მუხლის პირველი-მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს“.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონის 34/2 მუხლი, პროექტის პირველი მუხლის მე-15 პუნქტში არ შედის და ის პროექტის მე-17 პუნქტს წარმოადგენს. თუმცა, ფაქტია, რომ მთელი კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, გარდა აღნიშნული პუნქტებისა, რომელშიც პარტიებისთვის სანქციები ახლებურად არის განსაზღვრული.

28 დეკემბერს პარლამენტმა ასევე ცვლილება შეიტანა „სისხლის სამართლის კოდექში“  და „ამომრჩევლის მოსყიდვას“ მიკუთვნებული ქმედებები განავრცო და სასჯელიც გაამკაცრა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამომრჩევლის მოსყიდვა არის, პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების, ან/და სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება (გარდა დაპირებისა, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას), გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება, აგრეთვე მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით.

ქონებაში არ ჩაითვლება პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები - მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მასგავსი ნივთები.

ამომრჩევლის მოსყიდვისთვის კი სასჯელი ერთწლიანი პატიმრობის ნაცვლად, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე ან/და ჯარიმით. ასეთი სასჯელი კი ვრცელდება არა მხოლოდ პარტიებსა თუ პოლიტიკოსებზე, არამედ რიგით მოქალაქეებზეც, რომლებიც „პოლიტიკური მიზნით“, რაიმე საჩუქარს და ღირებულს მიიღებენ.

ახალი ამბები