კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავღანეთში მეთორმეტე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

10 იანვარი, 2012
სივილ ჯორჯია

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 6 იანვარს განაცხადა.

„კაპრალი ფაილოძე თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.


ფაილოძეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008  წლიდან ირიცხებოდა, სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.

მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში უკვე მეორედ იმყოფება.

ბატალიონმა, 2010 წელს მისი ავღანეთში პირველი ექვსთვიანი ყოფნის დროს ხუთი ჯარისკაცი დაკარგა. ბოლო ორი ფატალური შემთხვევით კი ბატალიონის საერთო მსხვერპლი ავღანეთში შვიდამდე გაიზარდა.

დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას ავღანეთში ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის თაობაზე, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი, 1 685 სამხედრო ეყოლება ავღანეთში.

საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით გაიგზავნა გერმანული სარდლობის ფარგლებში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი გაგზავნა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ.

2011 წლის დასაწყისში საქართველომ 11 სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნა ყანდაარში ფრანგული სარდლობის ქვეშ.

მიესალმა რა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ნოემბერში თბილისში ვიზიტის დროს, რომ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობასა და ნატოს წევრობას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

„საქართველოს წვლილი ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში ასევე ეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობას... მაგრამ გარდა ამისა, მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ოპერაციაში წვლილსა და ნატოს მომავალ წევრობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს; ეს ერთი ფაქტორია, თუმცა ბევრი ელემენტი არსებობს, რომელთა შესრულებაცაა საჭირო გაწევრიანებამდე“, – განაცხადა რასმუსენმა 9 ნოემბერს.

Civil.ge-ს ფოტო: 2011 წლის ივლისის ნატოს სატელევიზიო არხის სიუჟეტიდან, სადაც ნაჩვენებია საქართველოს 32–ე ქვეითთა ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებიც ჰელმანდის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე მუსა ქალეჰში პატრულირებენ. ერთ–ერთი ქართული ბანაკი მუსა ქალეჰში იმ ადგილასაა განთავსებული, სადაც 80–იან წლებში საბჭოთა ქვეითთა ბატალიონი იყო დისლოცირებული. მაშინ ქართველებიც იმყოფებოდნენ საბჭოთა ჯარში. ავღანეთში მიმდინარე ათწლიან ომში სულ 5 000 ქართველი იბრძოდა, რომლის დროსაც სულ ცოტა, 125 ქართველი დაიღუპა, ხოლო ათასზე მეტი დაიჭრა. 

ახალი ამბები