კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ განცხადება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით

10 იანვარი, 2012
2011 წლის ბოლო დღეებში პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით გვსურს, ხაზი გავუსვათ რამდენიმე გარემოებას: 

1) „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის დროს პარლამენტმა დაარღვია რეგლამენტით დადგენილი პროცედურა. კერძოდ: ამ კანონის მე-2 მუხლი ტექსტში გაჩნდა მე-2 მოსმენის გვერდის ავლით, კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაა; 

2) საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით ისე მიიღო, რომ პარლამენტის წევრებს ამ მუხლზე არც რედაქციული და არც შინაარსობრივი შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მიუხედავად ამისა, „საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი,  („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ  კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან, აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“) არ ემეთხვევა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიღებული ტექსტის რედაქციას, რომელშიც ვკითხულობდით: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით...“   

3) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების   რედაქცია  პარტიების მიერ წინა წლის განმავლობაში კანონიერი გზით მიღებულ  შემოწირულობებს უკანონოდ აცხადებდა. აღასანიშნავია პარლამენტის მიერ ახალი წლის წინა დღეებში კანონში ახალი მუხლის ნაჩქარევი გაჩენის ფაქტი. აღნიშნული მუხლის ინიცირება ზეპირსიტყვიერად მოხდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე კანონპროექტის განსახილველად მიწვეულები ვიყავით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები.  კომიტეტს ამ საკითხზე არ უმსჯელია და, მით უმეტეს, ამ წინადადებისთვის კენჭი არ უყრია. აღნიშნული საკითხი ადრე არც კი განხილულა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარე კონსულტაციებზე, რომელიც თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ნაჩქარევი ცვლილება პირდაპირ უკავშირდებოდა 2011 წელს საქართველოს იურიდიული პირების მიერ რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის კანონიერად გაკეთებული ფინანსური შემოწირულობების ჩამორთმევის სურვილს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ აშკარად ანტიკონსტიტუციური აქტის მიღებამ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა დიპლომატიური კორპუსის შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე ჩასწორებული რედაქცია გაჩნდა;

4) ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში - 3 იანვარს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უფლებამოსილი გახდა, განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომის ან შეცდომების გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. ეს ცვლილება 29 დეკემბერს შევიდა ძალაში. ამ ფაქტმა ირიბად დაადასტურა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ქართული არასამთავრობოებისა და დიპლომატების პროტესტის საპასუხოდ, უკვე კენჭისყრის შემდეგ ჩასწორდა. 

ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, კანონიერი სახე მისცეს მის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებს, ამ შესწორებით გაამართლოს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ტექსტის განსხვავება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტთან.  სინამდვილეში კი, აქამდე ჩადენილ უკანონო ქმედებებს კიდევ ერთ უკანონობას უმატებს, რადგანაც გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრმა თავისი ბრძანებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - „საკანონმდებლო მაცნეს” საკანონმდებლო საქმიანობაში მიანიჭა ის უფლება, რაც აქამდე მხოლოდ პარლამენტს კანონის მესამე წაკითხვისას ჰქონდა. 

„საკანონმდებლო მაცნემ“ უკვე 4 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ „საკანონმდებლო მაცნეს“ აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება საქართველოს კანონების ტექსტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე. პარლამენტის მიერ მიღებული აქტების მომზადების, განხილვისა და მიღების, ისევე, როგორც მათი გამოქვეყნების წესი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია“. 

ბუნებრივია, რომ ეს განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. ანუ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული 2011 წლის N 157 ბრძანების მე-5 პუნქტი („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება...“) აშკარად ითვალისწინებს სწორედ „საკანონმდებლო მაცნესთვის“ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში  ცვლილებების შეტანის უფლებას. 

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, მოიყვანონ იუსტიციის მინისტრის 2011 წლის N157 ბრძანება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ამასთან, ვიზიარებთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომ უნდა გაგრძელდეს საარჩევნო გარემოს დახვეწის პროცესი. ამ მიზნით, კოალიცია ამზადებს სამართლებრივ დასკვნას როგორც ამ კანონზე, ასევე  პარლამენტის  მიერ მიღებულ სხვა აქტებზე, რომლის საფუძველზეც მომზადდება საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენად. ინიციატივა შეეხება როგორც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, აგრეთვე, იმ საკანონმდებლო აქტების მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი გამონახავს საშუალებას აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“
06.01.12.

ახალი ამბები