კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ტუღუში: „არაერთი სისხლის სამართლის საქმე ტოვებს საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს“

11 იანვარი, 2012

ბელა ზაქაიძე, „ინტერპრესნიუსი“

გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, „ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, 2011 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით როგორ შეაფასებდით; წინა წლებთან შედარებით პროგრესზე რამდენად შეიძლება საუბარი?

- ნაწილი მიმართულებებით პროგრესი, ნაწილი მიმართულებებით ვითარების გაუარესება, ნაწილი მიმართულებებით კი ვითარების უცვლელობა შეიმჩნეოდა.

პროგრესი შეეხებოდა გარკვეულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, ასასრულწლოვან მართლმსაჯულების კუთხით გადადგმულ სერიოზულ პოზიტიურ ნაბიჯებს. რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფრო პროგრესულად დაცვას და რეალიზებას უკავშირდებოდა.

კვლავ რთული იყო წელი პენიტენციალური სისტემის კუთხით, დაწყებული მოპყრობით, დამთავრებული ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფით.

კვლავ დაფიქსირდა პრობლემები იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებთან მიმართებაში. საკმაოდ პრობლემური იყო სიტუაცია სამართლიანი სასამართლოს რეალიზების კუთხით. არაერთი საქმე შევისწავლეთ, სადაც სახეზე იყო კონკრეტული დარღვევები. დაახლოებით 15 ფაქტზე მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით.

განსხვავებით 2010 წლისგან, 2011 წელი გამოირჩეოდა უფლებადარღვევებით, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებს ეხებოდა. 3 იანვრის ვეტერანთა აქციის დაშლის და 26 მაისის მოვლენების დროს კომპლექსურ უფლებადარღვევებთან გვქონდა საქმე. ეს არ იყო დაკავშირებული იმდენად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევასთან, რამდენადაც - უშუალოდ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და დაკავების შემდგომ პირებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან, ასევე მთელი რიგი უფლებების შელახვასთან, რაც მოჰყვა ზოგადად ამ პირთა დაკავებას. პრობლემები დაფიქსირდა ბავშვთა და ქალთა უფლებების კუთხით, ძალადობა ოჯახში, არაერთი განცხადება შემოვიდა წლის განმავლობაში, რომელიც შევისწავლეთ. ასევე ბავშვთა უფლებების მიმართულებით დაფიქსირდა არაერთი სერიოზული დარღვვა. ფაქტობრივად არანაირი პროგრესი არ შეინიშნებოდა უნარშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც ძალიან სამწუხაროა.

- შეკრებების და მანიფესტაციების უფლება რამდენად იყო დაცული 2011 წელს. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ფაქტი მოვიყვანოთ, მათ შორის 26 მაისის, ვეტერანთა 3 იანვრის აქციის, ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და უზენაეს სასამართლოსთან აქციების დაშლის, რომლებიც უფლებების დარღვევად შეფასდა. თუ შეისწავლეთ ეს ფაქტები და რამდენად ჰქონდა ადგილი 2011 წელს შეკრებების და მანიფესტაციების უფლების დარღვევას?

- რაც შეეხება 3 იანვრის ფაქტს, ვეტერანთა აქციის დაშლას, აქციის შეწყვეტის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად უკანონო იყო, თუმცა შეწყვეტას მოჰყვა სხვა უფლებადარღვევებიც - აქციის მონაწილეების ფიზიკური შეურაცხყოფა და რამდენიმე მათგანის დაკავება, დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით. რაც შეეხება 26 მაისს, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას იმ მომენტში ჰქონდა კანონიერი საფუძვლები, მოეთხოვა აქციის შეწყვეტა, დაშლას და დაშლის შემდგომ პერიოდს მოჰყვა სერიოზული უფლებადარღვევები - გადამეტებული ძალის გამოყენება, როდესაც პირებს, რომლებსაც პრაქტიკულად არანაირი წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლოთ და კონტროლის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი, კვლავ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამას ცხადყოფს კადრები და ვიდეომასალები. აგრეთვე, დაკავების შემდგომ პირთა ფიზიკური შეურაცხყოფა. მაგალითად, მურმან დუმბაძის საქმე. დუმბაძე ჯერ „ევრონიუსის“ და სხვა არხების კადრებში ვნახეთ, სადაც იგი გამოჰყავს პოლიციას დაზიანებების გარეშე, მოგვიანებით ჩვენ თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვნახეთ, მძიმე ხასიათის დაზიანებებით.

იყო, ასევე, დაახლოებით 12-მდე მსგავსი ფაქტი, როდესაც პირებმა სახალხო დამცველს მიმართეს განცხადებით, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ სცემეს დაკავების შემდგომ, როდესაც გაიყვანეს რუსთაველის გამზირიდან. გარდა ამისა, დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როდესაც ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა, ჩამოართვეს ფირები, წაშალეს ჩიპი, რომელზეც იყო სურათები. დაახლოებით ასეთი 18 ფაქტი იყო სახალხო დამცველთან შემოსული და ყველა მათგანზე მთავარი პროკუტარურისგან მოვითხოვე რეაგირება. თქვენ გახსოვთ ალბათ შსს-ს განცხადება 14 პოლიციელის დასჯის შესახებ 26 მაისის გამო, სადაც ეწერა, რომ შესრულდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია. მე განვაცხადე, რომ კი ბატონო, შეიძლება ეს ჩავთვალოთ წინგადადგმულ ნაბიჯად, თუმცა ზომა არის არასაკმარისი, ვინაიდან, სახალხო დამცველის აზრით, აშკარა იყო დანაშაულის ნიშნები და ეს პირები უნდა დასჯილიყვნენ სისხლის სამართლის და არა ადმინისტრაციული წესით.
რაც შეეხება დანარჩენ აქციებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არაერთხელ შეიცვალა ბოლო პერიოდში. თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის ერთ-ერთი საკონსტიტუციო სარჩელი სწორედ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობას ეხებოდა. სადაოდ იყო არაერთი მუხლი, რომელიც არეგულირებს ზოგადად ამ მუხლების პრაქტიკაში გამოყენებას.

გარკვეულწილად, კანონი დღეის მდგომარეობით არის შეცვლილი, თუმცა მასში რჩება რამდენიმე პრობლემა, რომელზეც დღემდე მიუთითებს ვენეციის კომისია და მეც აღვნიშნე, რომ არის გარკვეული გარემოებები კანონმდებლობაში, რომელიც დასახვეწია კანონის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, მისი შესაბამისობაში მოყვანა არის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტებთან.

რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, სადაც შეიძლება ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა აქვთ მანიფესტაციებთან მიმართებაში. თუმცა, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც იქიდან აიღო მაგალითი, სადაც შეზღუდვებია დაწესებული, რომლებიც რიგ შემთხვევაში, შეიძლება, მოიაზრებოდეს, როგორც არაპროპორციული. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი, როდესაც ვენეციის კომისიასთან, საქართველოს ხელისუფლებასა და არასამთავრობოებთან ერთად განვიხილავდით სწორედ კანომდებლობაში შეტანილ ცვლილებებს. რაც შეეხება, ზოგადად, აქციების, შეკრებების და მანიფესტაციების გამართვას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დაშვებული შეცდომები და უფლებადარღვევის ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, ზოგიერთ შემთხვევებში კანონის მოთხოვნებს არ იცავენ და ხდება აქციის მონაწილეთა უფლებების დარღვევა. ძალიან ხშირად სასამართლო ეყრდნობოდა მხოლოდ და მხოლოდ პატრულ-ინსპექტორების ახნა-განმარტებებს და იყო შემთხვევები, როდესაც დაცვის მხარეს არანაირად არ ეძლეოდა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი მტკიცებულებები

- რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას და ჟურნალისტურ საქმიანობას, რამდენად დაცული იყო ეს უფლება. ფოტორეპორტიორების საქმე, 26 მაისს ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები, თუ შეისწავლეთ მასალები და როგორია თქვენი დასკვნა?

- 26 მაისის ფაქტი თავიდან ბოლომდე შესწავლილია. ჩვენ შევხვდით ყველა ჟურნალისტს, რომელიც დაზარალდა, რომლის უფლებებიც დაირღვა აქციის დაშლის შემდეგ. ჩვენ მიერ დაფიქსირდა არაერთი სერიოზული უფლებადარღვევა. მსმენია რამდენიმე არგუმენტი, რომ ჟურნალისტებს არ ეცვათ განმასხვავებელი ფორმა, იდგნენ არასწორ ადგილას, მაგრამ ისეთი ჟურნალისტებიც იყვნენ, რომელთაც სპეციალური ჟილეტი ეცვათ, მაგრამ აქციის დაშლის დროს მაინც სერიოზულად დაზარალდნენ. არაერთ ჟურნალისტს დაუზიანდა აპარატურა, რამდენიმე მათგანი მიუთითებდა, რომ მათ ჩამოართვეს ფირი ან ფოტოაპარატიდან ამოიღეს ჩიპი, რომელზეც იყო მასალა.

თუმცა, 26 მაისი არ იყო ერთადერთი ფაქტი, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რეგიონში განხორციელდა გარკვეული ზეწოლა ადგილობრივ ჟურნალისტებზე. მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე ყველა ამ ფაქტზე ძიების დაწყება. რაც მე სახალხო დამცველი ვარ, არ მახსოვს წელი, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონოდა, განსაკუთრებით - რეგიონალ მედიაში. რაც შეეხება ფოტოგრაფების საქმეს, რამდენად იყო მათი დაკავება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლა, ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ შევისწავლეთ კონკრეტულად მათი საქმე გარკვეულ ნაწილში. პირადად შევხვდი ფოტორეპორტიორებს და ვესაუბრე ციხეში. მათი სისხლის სამართლის საქმე ჩვენ არ შეგვისწავლია იქედან გამომდინარე, რომ ამის სურვილი თავად ფოტორეპორტიორებს არ დაუფიქსირებიათ ჩვენთან. როგორც მახსოვს, ბოლოს საპროცესო გარიგებით დამთავრდა მათი საქმე და პირობითი მსჯავრი იქნა გამოყენებული. სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ვერ გეტყვით ვერაფერს, იქედან გამომდინარე, რომ მასალებს გრიფით საიდუმლო ადევს.
სახალხო დამცველს, სამწუხაროდ, შეზღუდვა აქვს საიდუმლო მასალებზე წვდომასთან დაკავშირებით. ეს არაერთხელ გამხდარა პრობლემა ჩემთვის პრაქტიკაში.

მე მოვუწოდე ხელისუფლებას, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო საქმის ნაწილი გაეხადათ საჯარო. საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის - სახალხო დამცველსაც.

- რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით დაკავებებს. წლის განმავლობაში, ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის გააქტიურების პარალელურად, შეინიშნებოდა მათ ირგვლივ დაკავებების ტენდენცია, რასაც საზოგადოების ნაწილი აფასებდა პოლიტიკურ დაკავებად, თქვენ რომელიმე საქმე თუ შეისწავლეთ და მართლაც თუ გამოიკვეთა დარღვევა?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ 2011 წელს სახალხო დამცველისთვის არცთუ ისე ბევრ ადამიანს მოუმართავს მსგავს საქმეებზე, თუმცა არის საქმეები, როდესაც ჩვენ მოგვმართავდნენ. შევხვდით არაერთ დაკავებულ პირს. მათმა დიდმა ნაწილმა არ ისურვა, რაიმე მსვლელობა მისცემოდა მათ სისხლის სამართლის საქმეს, ბევრ მათგანს იმედი ჰქონდა, რომ საპროცესო შეთანხმებით დატოვებდა დაწესებულებას და არ სურდა სახალხო დამცველის მხრიდან კონკრეტული რეაგირება მათ საქმეებზე.

წარსული გამოცდილებიდანაც მინდა გითხრათ, რომ არაერთი სისხლის სამართლის საქმე ტოვებს საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს. თქვენ გახსოვთ ალბათ, ვსაუბრობდი შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე რიგი პირების მიმართ, განსაკუთრებით 2009 წელს გამოვყოფ, როდესაც არაერთი საქმე შევისწავლეთ ამ კუთხით და შემდგომ ისინი აისახა სახალხო დამცველის ანგარიშში. თუმცა, რაც შეეხება იმავე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას, მაგალითად 26 მაისამდე და 26 მაისის შემდგომ პერიოდში, საკმაოდ დიდი ოდენობით იყო ასეთი საქმეები, იქაც არაერთი საქმე იყო საკმაოდ საეჭვო. ციხეში შევხვდით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს 26 მაისის შემდგომ. მათ განაცხადეს, რომ მათი უფლებები დარღვეული არ იყო. ვერ გეტყვით, მათი ნებით იყო ეს განცხადება გაკეთებული, თუ არა, თუმცა მათ აბსოლუტური საშუალება ჰქონდათ, სახალხო დამცველს მათი საქმეები შეესწავლა. მათმა ადვოკატებმაც არ ისურვეს, რომ ჩვენ ეს საქმეები შეგვესწავლა. ძალიან გამიჭირდება, დეტალები მოგაწოდოთ, თუმცა ჩემი აზრით, არაერთი დაკავების ფაქტი საკმაო ეჭვებს ბადებდა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ჩვენ თავად გვქონდა სურვილი, მათი საქმეები გვენახა.

- ჩვენ ვისაუბრეთ, უფლებადარღვევის ფაქტებზე. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი და თავისუფალი. წინა ანგარიშში საუბრობდით დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე. 2011 წელს როგორი ვითარებაა ამ კუთხით?

- სასამართლოს საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. წარმოუდგენელია, სასამართლოს გარეშე აღადგინო დარღვეული უფლება. გავიმეორებ - დაუსაბუთებლობის პრობლემა კვლავ შეიმჩნეოდა 2011 წელსაც და სხვათა შორის, ეს ტენდენცია 2010-დან გადმოყოლილი, გარკვეულწილად, შენარჩუნდა. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მკვეთრად გაუმჯობესდა, კომუნიკაციის ხარისხი ამაღლდა, გაცილებით ადვილია სასამართლოსთან კომუნიკაცია, სხვადასხვა დოკუმენტების მოპოვება, გაუმჯობესებულია სასამართლო მომსახურება იმ კუთხით, რომ საქმეები დიდი დროის მანძილზე არ განიხილება, შემცირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების რაოდენობა, თუმცა სახალხო დამცველისთვის კვლავ ამოსავალია სამართლიანი სასამართლოს უფლება, იქ არსებული პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. კვლავ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ამაღლდეს და გამყარდეს. ამ კუთხით ძალიან ბევრია ჯერ კიდევ ქვეყანაში გასაკეთებელი. განსაკუთრებით რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, აქ არაერთი კითხვის ნიშანი რჩება, რომელზეც სახალხო დამცველი გააგრძელებს მუშაობას. უმეტესობა საქმეები, რაც შევისწავლეთ, იყო სისხლის სამართლის კუთხით. 15 საქმეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართე მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ, სახალხო დამცველის აზრით, მოსამართლეს დარღვეული ჰქონდა კანონი სისიხლის სამართლის საქმის განხილვისას. არაადეკვატური რეაგირება იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. უმეტეს საქმეებზე დაიწყო წარმოება და შეწყდა.

- საკუთრების უფლებაზეც მინდა გკითხოთ. წინა სახალხო დამცველი საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე აქტიურად საუბრობდა, ახლა ნაკლებად არის საუბარი. გამოსწორდა ვითარება ამ კუთხით?

- ჩემს წინამორბედს სახალხო დამცველობა მოუწია იმ პერიოდში, როდესაც საკუთრების ხელყოფის ფაქტები იყო საკმაოდ ხშირი და საკმაოდ საჯარო. ძალიან ხშირი იყო, როდესაც ადამიანები მიუთითებდნენ, რომ ხელყოფილ იქნა მათი საკუთრების უფლება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს მასალები, გონიოს ე.წ. მიწების ექსპროპრიაციაზე და ვაანალიზებთ თავიდან ბოლომდე, რადგან ეს იყო გარკვეულწილად მასობრივი ქმედება ხელისუფლების მხრიდან, როდესაც მოხდა გარკვეული მიწის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა. ვაპირებთ, შევაფასოთ, რამდენად სამართლიანი და კანონშესაბამისია სახელმწიფოს ქმედებები. რაც შეეხება საკუთრების ხელყოფის ინდივიდუალურ ფაქტებს, სულ რამდენიმე განცხადება იყო წლის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ ვსწავლობდით. რამდენიმე მათგანი ეხებოდა საკუთრების აღიარების კომისიის საქმიანობას, თუ არ ვცდები, მე მახსენდება ერთი თუ ორი საქმე, რომელიც დაკავშირებული იყო უშუალოდ საკუთრების ჩამორთმევასთან. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მასობრივი მომართვიანობა ამ მიმართულებით ნამდვილად არ ყოფილა არც 2011 წელს.

- რამდენად სრულდება თქვენი რეკომენდაციები და რომელ სახელმწიფო უწყებებს გამოყოფდით ამ მხრივ?

- რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას; წელს იქნება წარმოდგენილი სრული ანალიზი, პროცენტული მაჩვენებლები, თუ რამდენი უწყების მიმართ შემოვიდა საჩივარი, რამდენზე გაიგზავნა რეკომენდაცია, რომელი შესრულდა, რომელი არ შესრულდა, რომლის შესრულება ჯერ კიდევ პროცესშია. თუმცა, ზოგადმა მაჩვენებელმა მოიმატა. მე როცა დავიწყე მუშაობა, თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ეს მაჩვენებელი არის 7, 10 პროცენტი. დღეს ჩვენ გავცდით 30 პროცენტს რეკომენდაციების შესრულების კუთხით, რაც არ არის ცუდი მიღწევა.

თუმცა, მივიჩნევ, რომ ეს მაჩვენებელი სადღაც 50 პროცენტამდე მაინც უნდა ავიდეს. 100%-იანი მაჩვენებელი არც ერთ ომბუდსმენს არ აქვს. ჩემს წინა ანგარიშში 308 რეკომენდაცია იყო. მინდა, აღვნიშნო, რომ არაერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნა ჯანდაცვის უწყებების, მათ შორის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ. რეკომენდაციების ნაწილი გაიზიარეს პროკურატურამ და შსს-მ, თუმცა ძალიან არასრულად. კვლავ იყო პრობლემები იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან.

წინა წლისგან განსხვავებით, კობა სუბელიანის სამინისტრო წელს გვპასუხობს. ჩემს საჯარო კრიტიკას მოჰყვა ადეკვატური რეაგირება, გარკვეულ წერილებზე პასუხები მოვიდა, თუმცა - არასრული.

რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში ტენდენცია შეინიშნება - როდესაც პასუხი არ აქვთ ომბუდსმენის კითხვაზე ან რეკომენდაციაზე, წინასწარ იციან, რომ ვერ შეასრულებენ, დუმილს ამჯობინებენ, ანუ ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები კონფრონტაცია მოჰყვეს ომბუდსმენის რეკომენდაციას.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებას, პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოეხმაურა ჩემს რამდენიმე განცხადებას, მაგალითად, იყო ბოლოს ორი განცხადება, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთ გარდაცვლილ პატიმარს და მეორე ფაქტი ეხებოდა ერთ-ერთი პატიმრის ცემას მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. პასუხი იყო, რომ ისინი ამას გამოიძიებდნენ, თუმცა განცხადების ძალიან დიდი ნაწილი დაეთმო იმას, თუ რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს აღნიშნული პირები, რაც, მე თუ მკითხავთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია იყო იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ ვითხოვდით არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას.

სამინისტრომ ასევე უპასუხა ჩემს შუალედურ ანგარიშს. ჩამოთვლილი იყო გარკვეული მიღწევები, რომლებიც არ არის აღნიშნული სახალხო დამცველის ანგარიშში.

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, სახალხო დამცველი კონსტუტუციით და კანონით უფლებამოსილია, შეისწავლოს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. ჩემი მოვალეობა არ არის, ვიარო და ყველგან აღვწერო, რამდენი კედელი შეიღება, რამდენი სკამი დაიდგა და შემდეგ ანგარიში ამაზე ავაგო. პირველ რიგში ჩემთვის პრიორიტეტია, იდენტიფიცირება მოვახდინო უფლებადარღვევების და ხელისუფლებას მივცე რეკომენდაცია, როგორ გამოასწოროს სიტუაცია, აღადგინონ დარღვეული უფლებები. თუმცა, როდესაც რამე კეთდება, ეს ყოველთვის არის ანგარიშის ნაწილი.

- თქვენს ბოლო ანგარიშში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას ასახავს, პირველად ჩნდება საკითხი, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის გამო ისჯებიან პატიმრები; გარდა ამისა, ბოლო წლებთან შედარებით, 2011 წელს პატიმართა ყველაზე მაღალ სიკვდილიანობაზე საუბრობთ. ანუ, გაუარესდა სასჯელაღსრულებაში ვითარება?

- ახლაც ვმუშაობ საქმეზე, სადაც პატიმარი მიუთითებს, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კვლავ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იჩივლა ევროსასამართლოში. ძალიან რთულია ამის მტკიცება, როდესაც არ გაქვს ჩანაწერი, რაიმე კონკრეტული მტკიცებულება. თუმცა, გახშირებულია პატიმრების მხრიდან მსგავსი განცხადებები, როდესაც ისინი მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციის გარკვეული თანამშრომლები ნეგატიურად უყურებენ იმ პატიმრებს, რომლებსაც საჩივარი აქვთ შეტანილი ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში. ეს დეტალურად არის აღწერილი შუალედურ ანგარიშში, თუმცა, რა თქმა უნდა, მთელი წლის ანგარიშშიც მოხვდება მსგავსი ფაქტები. რაც შეეხება სიკვდილიანობას, პირველი ექვსი თვის მაჩვენებელი იყო ყველაზე მაღალი ბოლო 5 წლის განმავლობაში. 77 გარდაცვლილი 6 თვეში არ ყოფილა სასჯელაღსრულების სისტემაში დაფიქსირებული ბოლო 5 წლის განმავლობაში. როდესაც ეს მაჩვენებელი მატულობს, მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად, ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით სისტემას აქვს სერიოზული პრობლემები.

პატიმრების რაოდენობა კი, თითქმის იგივეა, რაც იყო 2010 წელს.

- თქვენს ანგარიშში დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ პრობლემებზე საუბრობდით, რომ იქ მყოფი პატიმრების უფლებები არ არის დაცული, კონკრეტულად რა უფლებების დარღვევას აქვს ადგილი?

- რეალურად საქართველოში არც ერთი დროებითი მოთავსების ისოლატორი არ პასუხობს იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია ადმინისტრაციულ პატიმტობაში მყოფი პირის უფლებების დასაცავად. როდესაც ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურაც უნდა არსებობდეს, რათა ამ პირთა უფლებები იყოს დაცული. მე ორჯერ გავეცი რეკომენდაცია, მივმართე შს მინისტრს, თუ ქვეყანა ამ გზას ირჩევს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენება, რეგიონული პრინციპით ააშენონ ორი დაწესებულება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც ხვდებიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. დღეს არის საუბარი მინისტრის ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანაზე, რომ საკანონმდებლო დონეზეც არ არის დარეგულირებული იმ პირთა უფლებები, რომლებიც იზოლატორში იმყოფებიან 72 საათზე მეტი დროით.

კანონმდებლობასა და ბრძანებებში შეტანილი ცვლილება, ალბათ, ყველაფერს არ უშველის. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, თუმცა აუციულებელია საუბარი იმაზე, რომ დროა, მოგვარდეს ინფრასტრუქტურის საკითხები. უმეტესი საერთაშორისო სტრუქტურებისა, რომლებიც ახორციელებენ თავისუფლების აღკეთის ადგილზე მონიტორინგს, არ განასხვავებენ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პატიმრებს, ამიტომ ვახსენე, რომ ექვივალენტურობა უნდა არსებობდეს უფლებებს შორის. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყოველდღიურ გასეირნებაზე, კვირაში ერთხელ შხაპზე, უნდა ჰქონდეს პაემნის საშუალება, ამანათის მიღების საშუალება და ასევე ყველა ის სხვა უფლება, რომელიც ზოგადად, მსჯავრდებულები სარგებლობენ.

თორნიკე ზიზიაშვილის ფოტო

ახალი ამბები