კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბანკი „ქართუს“ განცხადებით, კლიენტურის მიერ ბანკში გირაოდ ჩადებული ქონების აუქციონზე გატანა გრძელდება

11 იანვარი, 2012

ბანკი „ქართუ“ კლიენტურის მიერ ბანკში გირაოდ ჩადებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე გატანის პროცესზე საუბრობს. აღნიშნულ საკითხზე ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გრძელდება სს "ბანკი ქართუს" კლიენტურის ბანკში გირაოდ ჩადებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე ვაჭრობის იმიტაციის პროცესი. გასულ კვირას, 2012 წლის 4 იანვარს აუქციონებზე გატანილ იქნა დამატებით 6 ობიექტი ჯამში 12,3 მლნ ლარი ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი ამ ღირებულების 50%-ს შეადგენდა. შედეგად, ბოლო ერთი თვის მანძილზე აღნიშნულ საჯარო აუქციონებზე გატანილია ჩვენს ბანკში გირაოდ ჩადებული 46 ობიექტი ჯამში 127 მლნ ლარის ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი ამ ღირებულების 50%-ს შეადგენდა.

ამასთან, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე ფაქტზე. როგორც მოსალოდნელი იყო, საჯარო აუქციონებზე გატანილი არც ერთი ქონება პრაქტიკულად არ გაყიდულა, მათი უდიდესი ნაწილი ეკონომიკის სამინიტრომ დაისაკუთრა, მიმდინარეობს დანარჩენი ქონების ნატურით დასაკუთრების პროცესი ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჩვენი ვარაუდით, ახლო მომავალში, გარკვეული სქემით, თავდაპირველი მფლობელებისთვის უკან დაბრუნების მიზნით;

საჯარო აუქციონებზე გამოტანილი 2 ობიექტის შემთხვევაში ჩვენმა ბანკმა გამოხატა ქონების შეძენის სურვილი და მონაწილეობა მიიღო გამართულ ვაჭრობაში, თუმცა უშედეგოდ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აუქციონებში გამარჯვებულმა პირმა (ჩვენი ვარაუდით, სახელმწიფოს წარმომადგენელმა) არ გადაიხადა ქონების გაცხადებული ღირებულება, განმეორებითი აუქციონის ჩატარება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად და ეს ობიექტებიც სახელმწიფომ დაისაკუთრა ნატურით, ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე;

გაუგებარია საგადასახადო ორგანოების მოქმედების ლოგიკა, როდესაც გადასახადის გადამხდელს აღმოაჩნდება საგადასახადო ვალდებულება, თანხების ამოღების უპირველეს ინსტრუმენტს ყოველთვის წარმოადგენდა ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს წარდგენა, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე არსებული და ჩასარიცხი თანხების ოპერატიულად ამოღების მიზნით. ასეთი ქმედება განხორციელდა მხოლოდ ერთი მსესხებელი ბიზნეს-ჯგუფის შემთხვევაში და ისიც აუქციონების ჩატარებისა და ქონების ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასაკუთრების შემდეგ. ჩვენი ინფორმაციით, საგადასახადო ინკასო წარმოდგენილია წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების სრულ თანხაზე. ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არა ბანკის კლიენტი ორგანიზაციებიდან საგადასახადო დავალიანებების ამოღებით, არამედ ამ ორგანიზაციების მიერ სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონებების ჩამორთმევით.

ჩვენი ბანკის იმ კლიენტებიდან, ვისი ქონებაც აუქციონებზე გაიყიდა, 3 მათგანი არის სააქციო საზოგადოება, რომელთა ძირითად აქციონერს წარმოადგენს შესაბამისად 3 პირი. აღნიშნული ორგანიზაციები საკუთრებაში ფლობდნენ 3 მსხვილ ობიექტს თბილისის ცენტრში შემდეგ მისამართებზე ვეკუას ქუჩა #3, აგლაძის ქუჩა #37 და ჭავჭავაძის გამზირი #60. ზემოთ აღნიშნული უსამართლო ქმედებების განხორციელების შედეგად, გარდა ბანკისა, დაზარალდა ხსენებული სააქციო საზოგადოებების ათასზე მეტი წვრილი აქციონერი, რომლებმაც რეალურად დაკარგეს თავიანთი აქციების უკან მდგარი ქონება.

ზემოთ აღნიშნული ქმედებების შედეგად, ბანკმა დაკარგა 4 მსესხებელი ბიზნეს–ჯგუფის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირაოში ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რის შედეგადაც რეალურად მიიღო 66,7 მლნ ლარის ფინანსური დანაკარგი.

მოსალოდნელი ზარალის უარყოფითი შედეგების (საბანკო ნორმატივების შესაძლო დარღვევა) პრევენციის მიზნით, ბანკმა ადეკვატურად გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი.  ამასთან, „ბანკი ქართუ“ კვლავაც რჩება ერთ–ერთ ყველაზე უფრო მაღალი ლიკვიდობის მქონე საფინანსო ინსტიტუტად საქართველოში.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს სს "ბანკ ქართუზე" და მის კლიენტებზე უსამართლო ზეწოლა იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხე ექმნება მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემას, მთლიანად ქართულ ეკონომიკასა და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.

სს „ბანკი ქართუს“ ადმინისტრაცია კვლავაც გაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას მოქმედი კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში, რათა შეინარჩუნოს სტაბილური საბანკო დაწესებულების სახელი, შეუფერხებლად მოემსახუროს კლიენტურას და პირნათლად შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის თითოეული კანონიერი მოთხოვნა“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები