კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაიღიმეთ, დრაკონი გამოფრინდება!

17 იანვარი, 2012

ალეკო ცქიტიშვილი

ძველით ახალი წელი წერტილს უსვამს გადაბმულ საახალწლო/საშობაო ქეიფებს. ჭამა-სმის მოყვარული პურადი ერი ზოზინ-ზოზინით უბრუნდება სამსახურებს. პოლიტიკოსები ზამთრის ბუნაგში შემძვრალი დათვებივით იღვიძებენ და გარეთ გამოდიან. რედაქტორებს საქმე გვეძალება.

აღმოსავლურმა კალენდრებმა დრაკონის წლის დადგომა გვამცნეს. დრაკონი აღმოსავლური მოვლენაა, თანაც - ისეთი, ვერ გაიგებ, კეთილია თუ ბოროტი. ქართული მითოლოგია ურჩხულს უფრო იცნობს. ურჩხული ცალსახად ბოროტია. შეიძლება ამიტომაცაა, რომ დრაკონიც ურჩხულად გვესახება ხოლმე და როცა რაღაცა არ მოგვწონს, დრაკონულიაო, ვიტყვით.

პარლამენტის „ნაციონალურმა“ უმრავლესობამ დრაკონის წლის დადგომა დრაკონული კანონების დამტკიცებით მოგვილოცა. თანაც, ყველა კანონი 2011 წლის ბოლოსწინა დღეებში, 28-30 დეკემბერს დაამტკიცეს. ოპოზიციას გაუჭირდა წინასაახალწლო სამზადისიდან საგანგებო ბრიფინგების რეჟიმში გადართვა და მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოებისთვის განკუთვნილი მოკლე საპროტესტო რელიზებით შემოიფარგლა.

ისევ აღმოსავლურ კალენდარს თუ მივყვებით, 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობამ ჭეშმარიტად მშიშარა კურდღლის შთაბეჭდილება დატოვა, როცა სპეციალურად ქართული პოლიტიკის ახალი სუბიექტისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიიღო კანონები. ფაქტობრივად, მომზადდა მყარი საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ხელი შეეშალოს არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საბანკო საქმიანობაშიცდა პირად ცხოვრებაშიც. კურდღელმა დეპუტატებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ 2012 წელს ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდეს. ეს დიდი „ნაციონალური“ შიშის ნიშანია.

ივანიშვილს რომ თავი დავანებოთ, მიშას პარლამენტმა გასულ 2011 წელს ისედაც მრავალი ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რითაც ადამიანის უფლებები იზღუდება. ამის თაობაზე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წლის განმავლობაში არაერთი განცხადება გაავრცელეს. შეგიძლიათ, humanrights.ge-ზე გაეცნოთ სასწრაფო მიმართვების წლის არქივს, სადაც კრიტიკული შეფასებების დიდი ნაწილია შენახული.

დრაკონი ქიმერული ცხოველია, ანუ სინამდვილეში, არ არსებობს. თუმცა, პოტენციურად, ყველა ადამიანში შეიძლება გაიღვიძოს დრაკონმა, პირიდან ცეცხლი (ან დორბლი) გამოაფრქვიოს, ქვეყანა გადაწვას, დააქციოს და დააბეჩავოს. 

ჩინური სიბრძნე ყოფილა ასეთი: დრაკონთან მებრძოლი ბოლოს შეიძლება თვითონ იქცეს დრაკონად. ეს მეტაფორა ქართულ პოლიტიკურ რეალობაშიც გამოგვადგება: შევარდნაძესთან მებრძოლი სააკაშვილი თვითონ იქცა შევარდნაძედ.

შევარდნაძის ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილის გამოსვლებს თუ გადახედავთ, რა ბრალდებებს უყენებდა იგი მაშინდელ პრეზიდენტს, ბევრი რამ გეცნობათ. სახელმწიფო სახსრების ისეთი ავადმყოფური და გაუმჭვირვალე განიავება, როგორიც დღეს არის, შევარდნაძეს არც დაესიზმრებოდა. შევარდნაძეს ჰყავდა გაზულუქებული გუბერნატორი ლევან მამალაძე? სააკაშვილს ჰყავს გაქსუებული ცეზარ ჩოჩელი და არსაიდან გამდიდრებული დავით კეზერაშვილი! შევარდნაძეს ჰქონდა ერთი „ჯიბის ტელევიზია“, სააკაშვილს აქვს დამონებული ტელევიზიების მთელი ამქარი.

შევარდნაძესაც უყვარდა გახსნები. ოღონდ, ძირითადად, ახალ წელს ან თბილისობაზე გახნიდა ხოლმე რაღაცას. მახსოვს, მაშინ „რეზონანსში“ ვმუშაობდი და  ერთ-ერთ მოწინავე სტატიას „ედუარდ გამხსნელი“ დავარქვით. სააკაშვილი, ალბათ, „მიშა ყოვლისგამხსნელია“. ამ თემაზე ხალხი უკვე დიდი ხანია, ღადაობს. ეს ძალიან კარგი ნიშანია, რადგან ვიცით - ბოროტ მეფეს ყველაზე მეტად ხალხის სიცილის ეშინია. ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ ტუალეტის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ლაგოდეხში.

ბოლო ხანს ეს მიშა სულ გადაირია. ყოველდღე რაღაცას ხსნის. ამ მარაზმის ამსახველი „მოამბეს“ ოცწუთიანი სიუჟეტები თანდათან ნახევარსაათიანი გახდა. ასე თუ გაგრძელდა, მსგავსი პიარ-სიუჟეტების ხანგრძლივობა ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის ტელევიზიების ანალოგიური სიუჟეტების დროის რეკორდებს მოხსნის.

მიშა, სავარაუდოდ, ივანიშვილს ეჯიბრება. არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ხალხის გული უნდა მოიგოს. ცოტა ხნის წინ ტყიბულში გახსნა ახალი საავადმყოფო, ორჯერ და სამჯერ გაძვირებული ფასებით. დავინტერესდი, ამის შემდეგ რა მოხდა და ტყიბულელ ნაცნობებს ვკითხე. მითხრეს, რომ ახალი საავადმყოფო მხოლოდ ოცადგილიანია და მეშახტეთა ქალაქს არ ყოფნის, ძველი მრავალადგილიანი საავამყოფოს შენობა კი „ბარამბოს“ გადასცეს (ვამბობთ „ბარამბოს“, ვგულისხმობთ ცეზარ ჩოჩელს). ტყიბულელებმა ისიც მითხრეს, სამი თვის წინ გახსნილი სამკერვალო ფაბრიკა ისე დაიხურა, დაქირავებულ მუშებს ხელფასებიც არ მისცესო.

90-იანების დასაწყისში - სიბნელის, სიცივისა და კრიმინალების თარეშის ეპოქაში „მხედრიონის“ მამამ, ჯაბა იოსელიანმა იხუმრა - ამ ზამთარს თუ გადავურჩით, მერე ყველამ ერთი სურათი გადავიღოთო. შავი გაგებისა იყო და შავი იუმორი უყვარდა. ახლა არც სიბნელეა და არც სიცივე. თბილისი ზომაზე მეტადაც არის გაჩახჩახებული, მაგრამ... გაყვლიფა ხალხი ელექტროენერგიაზე მიბმულმა დასუფთავების გადასახადმა და გაძვირებულმა ფასებმა. ამ დროს, სააკაშვილი ახალი საპრეზიდენტო პროექტის - „ღიმილიანი საქართველოს“ განხორციელების ინიციატივით გამოდის.

არ ვიცი, რა დრაკონი ეტაკა!

ალბათ, ესეც იმ ერთ ფოტოზე ფიქრობს, როცა ყველას კედელთან მიგვაყენებს და გამოცდილი ფოტოგრაფივით გვეტყვის: „გაიღიმეთ, დრაკონი გამოფრინდება!“

ნახატი ეკუთვნის საიტს: http://www.draconika.com 

ახალი ამბები