კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი მასშტაბურ სამხედრო სწავლებას გეგმავს

17 იანვარი, 2012

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას „კავკასია 2012“ ამზადებს.

2011 წლის დეკემბერში, მოსკოვში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის დროს, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა მაკაროვმა განაცხადა, რომ 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილია სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2012“-ის ჩატარება.

როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ იუწყება, გასული წლის სწავლებასთან შედარებით, წლევანდელი წვრთნები გაცილებით სტრატეგიული და არსებულ პოლიტიკურ რეალიებთან დაახლოებული იქნება.

მანევრები შემოდგომაზეა დაგეგმილი და გაიმართება არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, არამედ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და სომხეთში. მუშავდება სწავლების სცენარი, რომელიც ირან-აშშ-ს და სხვა რიგი ქვეყნების შესაძლო ომს, ასევე კასპიის რაიონსა და სამხრეთ კავკასიაში სხვა შესაძლო კონფლიქტებსაც ითვალისწინებს.

„სწავლება ასეთი სახელით 2008 წლის 16 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან. ბევრწილად, „კავკასია 2008“-ის წყალობით მოხერხდა საქართველოს მოკლე დროში დამარცხება“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წლევანდელი სწავლება არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული იქნება და ჩართული იქნება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, არამედ სასაზღვრო, საჰაერო, სამხედრო-კოსმოსური თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო ძალები, ასევე შსს, უშიშროების, დაცვის ფედერალური და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

სწავლებაში გამოყენებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მართვის სისტემა „ბარნაულ-ტ“.

„ეს სისტემა უკვე აკონტროლებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთში დისლოცირებული 102-ე ბაზა სამხრეთის სამხედრო ოლქის დანარჩენი დაჯგუფებისგან მოწყვეტილია“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროების თანახმად, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახეობის ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) საგანგებო ვითარებათა სამინისტროსა (МЧС) და დაცვის ფედერალური სამსახურის ძალები (ФСО) და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. დაგეგმილია დაზვერვისა და კავშირის ყველა სახეობის საშუალებების - ელექტრონული, კოსმოსური, აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კავკასია 2012“-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და შემოჰყავს შეტევითი ხასიათის შეიარაღება, რადგან ცდილობს პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქართველოში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. იგი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს. რუსეთი წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და ნეგატიური მოვლენების წყაროს საერთაშორისო არენაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები