კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ვიცით ევროკავშირის შესახებ

17 იანვარი, 2012

ნინო ხარაძე, რადიო „თავისუფლება“

16 იანვარს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ გამართა პრეზენტაცია კვლევისა, რომლის სახელწოდებაცაა: „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის  შეფასება საქართველოში“.

აღნიშნული კვლევა „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის, „კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრის“ მიერ პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით 2011 წლის ივლისში ჩატარდა. ანგარიშში გამოკვეთილია ევროკავშირის მიმართ საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება და  აგრეთვე აღნიშნულია, რა შეიცვალა ამ დამოკიდებულებაში 2009 წლიდან 2011 წლამდე. მაინც რა იციან საქართველოში ევროკავშირის შესახებ და რას მოელის საზოგადება ევროკავშირში გაწევრიანებისგან?

გამოკითხულთა 12%-ს ჰგონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია, 2 პროცენტით ნაკლები იყო მათი რაოდენობა, ვინც ასე ფიქროდა 2009 წელს. ასეთია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც თავმოყრილია ანგარიშში: „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის  შეფასება საქართველოში“. კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა 2009 და 2011 წლებში. საქართველოს მასშტაბით პირდაპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა ჯერ 1600, შედეგ 1900-მდე რესპონდენტი.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციისას „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრ -საქართველოს“ დირექტორმა კობა თურმანიძემ აღნიშნა, საზოგადოებას ევროკავშირზე წარმოდგენა შექმნილი აქვს მის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის გარეშე, თუმცა, ამის მიუხედავად, გამოკითხულთა 80% მზად არის მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 38% ფიქრობს, რომ საქართველო 5 ან უფრო ნაკლები წლის მანძილზე შეიძლება გახდეს ევროკავშირის  წევრი. კობა თურმანიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ როგორი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი მეტად ინფორმირებულობის შემთხვევაში.

„ყველაფრის სარგებელსა და ღირებულებას როცა აწონ-დაწონის თითოეული მოქალაქე, შემდეგ როგორ განსჯის, კიდევ მოუნდება თუ არა ევროკავშირში შესვლა, ეს არის მნიშვნელოვანი. დღესდღეობით ეს, უბრალოდ, კარგი სურვილია და არა არჩევანი. ამიტომ მეტი ინფორმაცია დაეხმარება ყველას, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება - მართლა კარგია ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ამას რაღაც უარყოფითი მოსდევს“, - ამბობს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრ - საქართველოს“ დირექტორი კობა თურმანიძე.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერს, ოლივერ რაისნერს  არ უკვირს, რომ საქართველოში ბევრს არ აქვს რეალური ცოდნა ევროკავშირის შესახებ.  მისი სიტყვებით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმაც კი არ იციან ხშირად, რა არის ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები: „თავად ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც კი ევროკავშირი უცნაური რამ არის. თავადაც არ იციან ხოლმე განსხვავება ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს შორის. ეს ინსტიტუტები ძალიან უცხოა ძალიან ბევრისთვის, უბრალო ადამიანებისთვის. მაქვს იმედი, რომ სკოლებში, სხვადასხვა პროგრამებში, მედიაში უფრო თვალსაჩინოდ იქნება ახსნილი, რა არის ევროკავშირი, რამდენად მნიშვნელოვანია ის და  რისთვის“.

ოლივერ რაისნერი ფიქრობს, რომ საჯარო დისკუსიებით და მედიის საშუალებით, საზოგადოებამ მაინც მეტი უნდა გაიგოს ევროკავშირის შესახებ, რადგან ეს მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ნაწილი არ არის, ეს თითოეული ადამიანის საშინაო ცხოვრებაზე აისახება, რადგან ევროკავშირს გარკვეული მოთხოვნები აქვს საქართველოსადმი.

გამოკვლევის ავტორებს აინტერესებდათ ისიც, თუ რა წყაროებიდან იღებენ მოქალაქეები ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ. როგორც კვლევამ აჩვენა, ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზიაა და  ის  ასეთად 25 პროცენტმა დაასახელა. თუმცა, როგორც  „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“  პროგრამის მენეჯერი ვახტანგ კობალაძე ამბობს, მიწოდებულ ინფორმაციას ანალიზი აკლია: „მედია საკმარისად არ აშუქებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.  რაც შუქდება, ის არის ზედაპირული ხასიათის, ვიზიტებთან და ხელშეკრულებების დადების ფაქტებთან დაკავშირებული, ანუ ეს არის აღწერილობითი ხასიათის. ხოლო ანალიტიკური დისკუსია მაინც არასაკმარისია“.

აქვე ვთქვათ, რომ გამოკითხულთა  თითქმის ნახევარს სურს, მეტი იცოდეს ევროკავშირის შესახებ, გამოკითხულთა 37%  ფიქრობს, რომ საქართველო, პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, 34 % კი მიიჩნევს, რომ - ჯერ ნატოში.

რადიო „თავისუფლებამ“ ქუჩაში რამდენიმე ადამიანს ჰქითხა, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და რატომ?

„ საქართველო ევროპული ქვეყანაა და რაც მეტი კავშირი გვექნება ევროპასთან, მით უკეთესი“.

„ევროპელები ვართ და ჩვენც გვინდა, რომ ისეთივე ცხოვრება გვქონდეს, როგორიც ევროპელებს აქვთ და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრი“.

„ევროპის ქვეყნები უფრო გამოადგება საქართველოს, ვიდრე აზიის. საქართველოს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რასაც განაპირობებს ის, რომ ჩვენთან დემოკრატია მართლა არის და არ არის სოციალიზმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

„საქართველოს თუ უშველის ეს რამეს, გახდეს ევროკავშირის წევრი. თუ არადა, მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ღმერთი თუ უშველის, ისიც, ხელს თუ გავანძრევთ“.

ამ მცირე გამოკითხვიდანაც ჩანს და თავად გამოკვლევის ავტორებიც ასკვნიან, რომ ქართველები  თავგამოდებული ევროფილები არიან და მათ უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში ქვეყნის გაერთიანება სურს.

ორიგინალი

ახალი ამბები