კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ გაუშვეს კაკაბეთის სკოლიდან თამარ სუხიაშვილი

25 იანვარი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული ისტორიის მასწავლებელი თამარ სუხიაშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

„რამდენიმე დღის წინ, სკოლაში მისულს კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორმა პაატა ჩხეიძემ მთხოვა, დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მე უარი ვუთხარი. მან მითხრა, რომ უკვე გამზადებული ჰქონდა ბრძანება ჩემი სამსახურიდან წასვლის შესახებ. მართლაც გადმომცა ბრძანება, სადაც წერია, რომ იგუ ხელმძღვანელობს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით. მე მას ვთხოვე, ზეპირი განმარტება მოეცა, თუ რა გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი. მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი ზევიდან ჰქონდა ნაბრძანები. მითხრა, რომ მართალია, პატივს სცემს ჩემს პროფესიონალიზმს, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეეძლო ჩემი დაცვა. სხვათაშორის, 5 იანვარს ჩატარდა კაკაბეთის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც იგივე დირექტორმა მადლობა გადამიხადა კვალიფიციური მუშაობისთვის“, - ამბობს თამარ სუხიაშვილი.

- სინამდვილეში რა გახდა სამსახურიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

- ჯერ კიდევ 23 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, დირექტორის ინიციატივით, ჩემთან სახლში, მობრძანდა სასწავლო ნაწილის გამგე ლუიზა შენგელიძე, რომელმაც მითხრა, რომ თუ არ შევწყვეტდი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას, აუცილებლად მომიწევდა სამსახურის დატოვება. მე ვუთხარი, რომ არანაირი ურთიერთობა არ მქონდა ბიძინა ივანიშვილთან.

- 24 დეკემბერს შევხვდი რესურსცენტრის ხელმძღვანელს. იმ მომენტში შედგა გულწრფელი დიალოგი. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ იფიქრებდა ჩემს დაწინაურებაზე, რადგან 2004 წელს ჩაბარებული მაქვს დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდების ორივე ეტაპი წარმატებით. ვარ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, აბიტურიენტთა ნაშრომების გამსწორებელი ისტორიაში. ვარ ორი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, ისტორიის მასწავლებელთა ევროპული ასოციაციის წევრი. მერე რა მოხდა, არ ვიცი. 6 იანვარს გადმომცეს ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ. 6 იანვარს ისევ შევხვდი რესურსცენტრის ხელმძღვანელს. მან დამაპირისპირა სკოლის დირექტორს, რომელმაც ჩემს მიმართ ასეთი აბსურდული ბრალდება წამოაყენა, რომ ვითომ განათლების სამინისტროს გენინსპექციაში შესული იყო უსახელო წერილი, სადაც საუბარი იყო ივანიშვილთან ჩემი თანამშრომლობის შესახებ. მე ვუთხარი, რომ ეს იყო აბსურდული ბრალდება, იმიტომ, რომ კანონმდებლობით უსახელო წერილები არ განიხილება.

- ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა არ სცადეთ?

- მე მოვითხოვე რაიონის გამგებელთან, ბატონ გია ჩალათაშვილთან შეხვედრა. ბატონი გია სასტიკ უარს აცხადებდა ჩემთან შეხვედრაზე, სანამ მას არ ვთხოვე, რომ შემხვედროდა როგორც მოქალაქეს.

- რატომ ამბობდა უარს?

- მან მითხრა, რომ გათავისუფლებულ პედაგოგს არ შეხვდებოდა. მერე კი ულტიმატუმი წამომიყენა, რომ შემხვდებოდა სამ მოადგილესთან ერთად. მე თანხმობა განვაცხადე და ჩვენს შორის დიალოგი გაიმართა. მან მითხრა, რომ ვერ მოძებნეს ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემდეს ჩემს პროფესიონალიზმს, მაგრამ მთხოვა, მე თვითონ მეთქვა ის არგუმენტი, რატომაც გამათავისუფლეს სამსახურიდან. მე ვუთხარი, რომ ასეთი არგუმენტი არ გამაჩნდა. მან მითხრა, მაშინ მე გეტყვი, რატომ არ ამბობ, რომ ივანიშვილის 10-კაციანი კომიტეტის წევრი ხარ და ხელი გაქვს მოწერილი ოქმებზეო? ჩემთვის ეს იყო აბსურდული ბრალდება. მან წამომიყენა მეორე ბრალდებაც, რომ მე მაქვს საუბრები ბიძინა ივანიშვილთან და მითხრა, ჩემთვის ადვილია მოვუსმინო რიგით მოქალაქეებსო, სატელეფონო მოსმენებზეა საუბარი. მესამე ბრალდება, რაც გამგებელმა წამომიყენა, იყო ივანიშვილის პროკლამაციების გავრცელება რაიონის მასშტაბით... მე მაქვს უფლება, რომელ პოლიტიკურ შეხედულებებსაც მინდა, იმას ვიზიარებდე“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა დაადასტურა, რომ თამარ სუხიაშვილს შეხვდა, თუმცა მის მიერ წამოყენებული ბრალდებები უარყო. „თვითონ მომმართა, შეხვედრა მინდაო. შევხვდით. ამიხსნა თავისი პრობლემის შესახებ. მე დავპირდი, რომ მართალია, სკოლიდან მისი გათავისუფლების საკითხი არ მეხებოდა, მაგრამ მაინც დავინტერსდებოდი და გავარკვევდი ყველაფერს. მისი ბრალდებები უსაფუძვლოა“, - განაცხადა გამგებელმა.

კომენტარისთვის კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორს პაატა ჩხეიძესაც დავუკავშირდით. სკოლის დირექტორმა როგორც კი გაიგო რა საკითხზე გვინდოდა მისგან კომენტარი, ტელეფონი გათიშა და მას შემდეგ განხორციელებული რამდენიმე სატელეფონო ზარი უპასუხოდ დატოვა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მისთვის ჩვეული მეთოდებით, დაშინებით, შანტაჟით, სამსახურიდან გათავისუფლებით, პოლიციის მიქსევით უზრუნველყოს მისთვის მოსახლეობის მხარდაჭერა.

„სამწუხაროდ, ვერაფერი გაკვეთილები ვერ ისწავლა მიხეილ სააკაშვილმა და ძველი მეთოდებით აპირებს ადამიანების დაშინებას გარდაუვალი მარცხის შიშით. გასულ კვირას პედაგოგების გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევის შესახებ მოგახსენეთ. როგორც ჩანს, განათლების მინისტრი ბატონი შაშკინი ცდილობს, რომ მისი ერთგულება დაუდასტუროს ხელისუფლებას. ამ დროისთვის, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ძალიან ბევრი ადამიანია ან უკვე ბრძანებით გათავისუფლებული ან სიტყვიერად აქვთ ნათქვამი, რომ დაწერონ განცხადებები და წავიდნენ. მათი ნაწილი, საბედნიეროდ, უარს ამბობს, თავად დაწერონ განცხადებები და მოითხოვენ, თუ რამე დააშავეს, დაიწეროს მათი გათავისუფლების ბრძანება, რითაც შესაძლებლობა ექნებათ, სასამართლოში დაიცვან საკუთარი უფლებები. მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული და ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, რომ ჩვენ გარანტირებულად დავიცავთ მათ უფლებებს, ყველა ეს საქმე წავა სასამართლოში და ყველა ეს ადამიანი გარანტირებულად მიიღებს კომპენსაციას იმ პრობლემებისთვის, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება უქმნით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ახალი ამბები