კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟან-კლოდ მინიონი: „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მდგომარეობა აუტანელია“

26 იანვარი, 2012

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მდგომარეობა აუტანელია, - ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ მინიონმა განუცხადა. მინიონმა აღნიშნა, რომ თავის დროზე მან ხმა მისცა ევროსაბჭოში რუსეთის მიღებას.

„მაგრამ წევრობა მხოლოდ საკმარისი არ არის, აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულო. რუსეთს უამრავი პრობლემა აქვს. მაგალითად, პრობლემა საქართველოსთან. ხომ იყო შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მედვედევმა და სარკოზიმ მოაწერეს და ეს შეთანხმებები უნდა დაიცვან. სამწუხაროდ, ასამბლეის ხელმძღვანელის ორწლიანი მანდატი ცოტაა ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად. მოგვიწევს მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ევროკავშირის დახმარების გარეშე მათი მოგვარება შეუძლებელი იქნება. მე ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავი და უნდა ვაღიარო, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სიტუაცია აუტანელია“, - განაცხადა ასამბლეის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ რეგიონებში ქართული ტერიტორიიდან ვერ შეაღწია და მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სადემარკაციო ხაზთან იმყოფებოდა.

„არ არის გასაკვირი, რომ ბევრი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს, როცა ქვეყანა სავსეა დევნილებით, რომელთა სახლებიც დანგრეულია, ვფიქრობ, რუსეთმა – ასეთმა დიდმა და გავლენიანმა ქვეყანამ, პრობლემის რაც შეიძლება მალე მოგვარებისთვის უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა მინიონმა და განმარტა, რომ რუსეთ-საქართველოს საკითხზე ამჟამად ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი მუშაობს.

თავმჯდომარის აზრით, ამ ეტაპზე შეუძლებელია მონიტორინგის შეწყვეტა, რაც რუსულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა.

„როცა არის საქართველოს პრობლემა, ასევე სიტყვის თავისუფლების, საარჩევნო კამპანიის სისუფთავის პრობლემები, მხოლოდ მონიტორინგის საშუალებით შევიტყობთ, რა ხდება რეალურად რუსეთში. ჩემი აზრით, მონიტორინგში რუსეთი ჩვენზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული“, - განაცხადა მინიონმა.

ჟან-კლოდ მინიონი ევროსაბჭოში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში საქართველოში 2011 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები