კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილთა სამინისტრომ „სტუდია რე“–ს თანამშრომლეობაზე უარი უთხრა

27 იანვარი, 2012

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ასოციაცია „სტუდია რე“–ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მათი გადაცემები ზედმეტად კრიტიკული და ტენდენციურია.

„სტუდია რე“–ს ხელმძღვანელმა მამუკა ყუფარაძემ თემაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ:

„ასოციაცია „სტუდია რე“ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე, ყოველკვირეულად სთავაზობს ტელემაყურებელს დისკუსიებს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გადაიცემა. წლების მანძილზე ჩვენი გადაცემები სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარ ტელეფანჯარად იქცა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების აქტიურ ნაწილს თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა. დისკუსიების მომზადებისას ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

სამწუხაროდ, ბოლო ოთხი თვის მანძილზე „გაუგებარი გაუცხოება“ დამყარდა ჩვენსა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს“ შორის. მათ, ფაქტობრივად, ჩვენთან თანამშრომლობა შეაჩერეს. ორი თვის წინ, როდესაც დევნილთა უფლებებზე გადაცემაში სამინისტროს წარმომადგენელი ვალერი კოპალეიშვილი დავპატიჟეთ,  მისი მზადყოფნის მიუხედავად, პრეს–სამსახურის გადაწყვეტილებით, ბატონმა ვალერიმ გადაცემაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც პრესცენტრში გვითხრეს, ამ თემაზე მხოლოდ კოპალეიშვილს შეეძლო საუბარი და ის თბილისში არ იმყოფებოდა.

ამის შემდეგ პრესსამსახურის უფროსს, ეკა გულუას ვთხოვეთ, თავად მივსულიყავით სამინისტროში და დისკუსიაზე დასმულ საკითხებზე  მინისტრის მოადგილისათვის მოგვეთხოვა კომენტარი. ქალბატონმა ეკამ, რომელიც ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ, წერილობით შეკითხვების გაგზავნა მოგვთხოვა. მას შემდეგ, რაც შეკითხვებთან ერთად დისკუსიის ჩანაწერიც გავუგზავნეთ, დღის ბოლოს მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი გადაცემები ზედმეტად კრიტიკული და ტენდენციურია და ამიტომ სამინისტრო ჩვენთან არ ითანამშრომლებს.

ასეთი შეფასება ჩვენთვის მიუღებელია და ვერ გავიზიარებთ, რადგან ჩაწერას სამინისტროს წარმომადგენელი მათივე მიზეზით არ ესწრებოდა. გადაცემა   დევნილთა პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას ეხებოდა. დისკუსიაში მონაწილობდნენ დევნილთა პრობლემებით დაინტერესებული განსხვავებული მხარეები:  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დევნილები, დევნილთა უფლებების დამცველი  ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, დევნილების თემაზე სასაუბროდ სამინისტროს წარმომადგენელი მოვიწვიეთ. პასუხად კვლავ უარი მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ სამინისტრომ არ მოგვცა ნებართვა, გაგვეშუქებინა დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) პროექტი, რომელიც დევნილთა სამინისტროს დახმარებას ითვალისწინებს.

კოლეგა ჟურნალისტებთან საუბრიდან ვიცით, რომ „სტუდია რე“  არ არის ერთადერთი მედიაორგანიზაცია, ვის მიმართაც დევნილთა სამინისტრო მსგავსს დამოკიდებულებას ამჟღავნებს.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო-მ“, ოქტომბრის თვეში, კონკრეტულად ამ  სამინისტროს, მისი საქმიანობისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების რეკომენდაცია მისცა. „საერთაშორისო გამჭირვალობის“ საანგარიშო კვლევაში წერია, რომ სამინისტრო მედიას თვითრეკლამის ინსტრუმენტად მიიჩნევს და არა ნეიტრალური ინფორმაციის გაზიარების მექანიზმად.

„სტუდია რე“-ს მაგალითის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ“ არათუ გაითვალისწინა და გააუმჯობესა მედიის მიმართ დამოკიდებულება, პირიქით, ამ ხნის მანძილზე, ფაქტობრივად, უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე, მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ სამინისტროს თანამშრომლები სტუდიაში სასაუბროდ მოდიოდნენ.

 ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან რომელიმე მხარის მონაწილეობის გარეშე მომზადებული გადაცემა მართლაც შესაძლოა არასრულყოფილი გამოვიდეს. რითაც პირველ რიგში მაყურებელი დაზარალდება.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სამინისტრო შეცვლის თავის დამოკიდებულებას და  ჩვენ მოგვეცემა საშუალება დევნილთა საკითხებზე სრულფასოვანი და დროული გადაცემები  მოვამზადოთ“.

წყარო: რადიო „ჰერეთი“

ახალი ამბები