კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამარ ჩუგოშვილი: „კონტროლის პალატა კანონს განსხვავებულად განმარტავს“

13 თებერვალი, 2012

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ახალი რეგულაციები არ შეცვალა, შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეთ.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„კონტროლის პალატა კანონთან დაკავშირებით იძლევა უფრო განსხვავებულ განმარტებებს, სინამდვილეში კი კანონში უფრო სხვაგვარ ჩანაწერებს ვკითხულობთ. მაგალითად, კანონიდან ცხადად იკვეთება, რომ ის ორგანოები რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულად იქნებიან მიჩნეული, ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის გარდა, ვერანაირ შემოსავალს ვერ მიიღებენ. მაგრამ კონტროლის პალატა აბსოლუტურად განსხვავებულ განმარტებებს იძლევა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, კანონი სრულიად გაუგებარია და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმდება იმაზე, რომ მასში გაკეთებული ახალი ჩანაწერები აბსურდულია.

„ცხადია, რომ კანონი არის სრულიად გაუგებარი და ჩანაწერები აბსურდული, მაგრამ კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული განმარტებები კანონმდებლობის მოცემულობის კიდევ უფრო მიღმა დგას. მე ვრჩები, იმ აზრზე რომ ეს მოცემულობა კონტროლის პალატას აძლევს შესაძლებლობას, ძალიან სუბიექტურად და დაუსაბუთებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, კონკრეტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობო, ბიზნეს და მედია ორგანიზაციებთან მიმართებაში, ისე როგორც ფიზიკური პირების ინტერესების საწინააღდეგოდ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თუ პარლამენტმა კანონის ეს კონკრეტული მუხლები არ შეცვალა, შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეთ“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

გარდა ამისა, საიას თავმჯდომარე არც იმას გამორიცხავს, რომ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ფინანსური ანგარიშის წარდგენა მის ორგანიზაციასაც მოსთხოვოს. მისი თქმით, იმ არგუმენტაციით, რითაც ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა „ახალი თაობა - ახალ ინიციატივას“ მოეთხოვა, დაზღვეული არც ერთი ორგანიზაცია არაა.

„ის არგუმენტები, რაც „ახალი თაობა - ახალი ინიციატივისგან“ ფინანსური ანგარიშის მოთხოვნასთან დაკავშირებით იყო დასახელებული, კანონიდან არ გამომდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ ორგანიზაციის იდენტიფიცირება მაინც მოხდა, როგორც გარკვეული პოლიტიკური კავშირების მქონე. ახლა უკვე გამორიცხული არაფერია, თუ კანონი არ შეიცვალა, ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის, მედიასაშუალებებსაც, შესაძლოა მოსთხოვონ ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში. ჩვენ ჩვენი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საიას ვებგვერდზე მუდმივად ვდებთ, მაგრამ არ ვაპირებთ იმის აღიარებას, რომ კანონის ახალი რეგულაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე ვრცელდება. ესა არის ნონსენსი და ეს უნდა დაასაბუთოს კონტროლის პალატამ“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, კონტროლის პალატა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში უხეშად ერევა და არასამთავრობო სექტორი კანონის ახალი რეგულაციების შესაცვლელად ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს.

„იმისთვის, რომ შეიცვალოს კანონის სრული აბსურდული რეგულაციები, პირველ რიგში მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით და ვაწარმოებთ აქტიურ სამოქალაქო კამპანიას“, - განუცხადა ჟურნალისტებს საიას თავმჯდომარემ.

10 თებერვალს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ლევან ბეჟაშვილმა მედიას კანონთან დაკავშირებით საკუთარი განმარტებები გააცნო.ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები