20:32, Tuesday, 20.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

წამება ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელისთვის

14.02.2012

ქეთი ღვედაშვილი, „ლიბერალი“

გიორგი ოქროპირიძემ, რომელიც 2010 წლის 17 მარტს განზრახ მკვლელობის გამო გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2011 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 2011 წლის 1 დეკემბერს ოქროპირიძე ევროსასამართლოდან გამოგზავნილი მითითებების საფუძველზე #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დაწესებულების თანამშრომლებმა მიყვანისთანავე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ალექსანდრე თოლორდავამ დამიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატებოდა გინებაში, როგორც ჩემი, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მისამართითაც. ამავდროულად შეურაცხყოფის მოყენება დამიწყო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგი ავსაჯანიშვილმა, რომელიც მაგინებდა“, - ვკითხულობთ გიორგი ოქროპირიძის მიერ სახალხო დამცველისათვის მიცემულ წერილობით ახსნა-განმარტებაში.
 
„ქალბატონო მოსამართლე, გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება. ამ დაწესებულებაში ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებიან ავსაჯანიშვილი და თოლორდავა... დამეხმარეთ, იმავე დაწესებულებაში არ გამგზავნოთ“, - ამ სიტყვებით მიმართა პატიმარმა გიორგი ოქროპირიძემ 2011 წლის 24 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს.

ოქროპირიძის თქმით, მას ავსაჯანიშვილი სასჯელის დამატებით, ხერხემლის დაზიანებით, სხვა დაავადებების შეყრითა და ცემით დაემუქრა, თან ისე, რომ ექსპერტიზა ვერაფერს დაადგენდა. ამ ყველაფრის მიზეზად კი სტრასბურგის სასამართლო დაასახელა. იგი სცემეს და მძიმედ დაავადებულ ორ პატიმართან ერთად #18 საკანში მოათავსეს.

თუმცა, მუქარა და ცემა ამით არ დასრულებულა, მას ავსაჯანიშვილი და თოლორდავა თითქმის ყოველდღიურად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თან ეუბნებოდნენ - „არ გეგონოს, სტრასბურგით რამე გაგივა!“

გიორგი ამბობს, რომ მას აგდებულად ელაპარაკება დაწესებულების ერთ-ერთი ექთანიც, სახელად ნანა: „გამუდმებით მიყვირის და ასევე მაყენებს შეურაცხყოფას“.

ოქროპირიძე c ჰეპტიტით ციხეში მოხვედრამდე დაავადდა. 21 დეკემბერს მან მკურნალობა დაიწყო, მაგრამ 22 დეკემბერს წამლის მიღებაზე უარი თქვა, რადგან მისი დალევა მხოლოდ ჭამის შემდეგ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო დაადანაშულეს ოქროპირიძე რეჟიმის დარღვევაში. მასთან თოლორდავა შევიდა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მორიგეს მისი სამარტოო საკანში გადაყვანის მითითება მისცა: „ერთ-ერთ პატიმარს კი უბრძანა ლეიბის, ბალიშის, მაგიდის და სკამის გამოტანა იმ საკნიდან, სადაც მე უნდა მოვეთავსებინე“, - წერს გიორგი.

სოციალური სამსახურის უფროსმა ზურა ბულბულაშვილმა ოქროპირიძეს განუცხადა, რომ რეჟიმის დარღვევის გამო ორ თვემდე ადმინისტრაციული სასჯელი უნდა მოეხადა: „მითხრა, რომ სასამართლო გამოიტანდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაამართლებდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც მათ აწყობდათ“, - ამბობს გიორგი. მისი თქმით, იგივე უთხრა წინა დღით თოლორდავამაც.

ოქროპირიძე ამბობს, რომ 22 დეკემბერს, ცემის შემდეგ სისხლი აღებინა, მაგრამ ექიმი მასთან მეორე დღეს შევიდა.

გიორგის მონათხრობიდან ჩანს, რომ #18 დაწესებულებაში იგი გამუდმებით ითხოვდა ადვოკატთან და სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრას. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო მან პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა ყელისა და მარცხენა ზედა კიდურის არეში. გიორგის თქმით, ნაკერები მას შემდეგ დაადეს, რაც საკმაო რაოდენობის სისხლი დაკარგა და მკვეთრად გაუარესდა მისი მდგომარეობა.

ოქროპირიძე ამბობს, რომ ავსაჯანიშვილი და თოლორდავა მოკვლით დაემუქრნენ. „მინდა განვაცხადო, რომ სუიციდის მცდელობა არ მქონია არასოდეს და არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ თავის მოკვლას“, - ამბობს გიორგი.

ოქროპირიძის წამებას მისი ადვოკატები ევროსასამართლოში შეტანილ საჩივარს უკავშირებენ: „ამ მთავრობას განესაზღვრა დრო ჩვენს საჩივარზე პასუხის გასაცემად და ეს დრო ციხის ადმინისტრაციამ გამოიყენა იმისთვის, რომ გიორგი ეწამებინა და ეიძულებინა,  საჩივარი გამოეტანა“, - ამბობს მისი ერთ-ერთი ადვოკატი მანანა კობახიძე. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები ხშირია და ძირითადად მაშინ ხდება, როცა დარღვევები აშკარაა და სახელმწიფო აგებს საქმეს.

სახალხო დამცველმა პროკურატურას წინასწარი გამოძიების ჩატარების წინადადებით მიმართა. თუმცა, გამოძიება დაიწყო არა წამების, არამედ დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე.

რეჟიმის დარღვევის გამო 24 დეკემბერს გიორგის სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით ერთი თვით სამარტოო საკანში ყოფნა და დაწესებულების მაღაზიით სარგებლობის აკრძალვა შეუფარდა.

გიორგის ადვოკატები და ოჯახი უკანონოდ მიიჩნევენ ოქროპირიძისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. ამიტომ საჩივრით მიმართეს სასამართლოს, რათა გაუქმებულიყო აღნიშნულ საკითხზე მიღებული ბრძანებულება.

2012 წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში  გამართულ პროცესზე მოსამართლე ნინო ყანჩაველმა წარმოებაში არ მიიღო გიორგი ოქროპირიძის საჩივარი. მისი თქმით, ოქროპირიძეს  საჩივრის ნაცვლად სარჩელის შეტანა შეუძლია.

გიორგის ადვოკატები, ოჯახი და სახალხო დამცველი მის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდნენ. ცირა გოდერძიშვილის განცხადებით, 26 იანვარს გიორგი ორთაჭალის #1 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს და უთხრეს: „თუ არ გამოიტან საჩივარს, არ გადაგიყვანთ ღია ტიპის დაწესებულებაშიო“.

გიორგი ოქროპირიძის წამების ფაქტთან დაკავშირებით „ლიბერალმა“ შეკითხვით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.  ჩვენს ზარებს არც იუსტიცის სამინისტროში პასუხობდნენ.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC