კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელისო ჩაფიძე - პოლიტიკაში წასვლა ხელისუფლებამ მაიძულა

15 თებერვალი, 2012

ქეთი გიგოლაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა. მისი თქმით, ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლა მას ხელისუფლებამ აიძულა.

ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. საინიციატივო ჯგუფი დაახლოებით 20 ადამიანისგან შედგება და მას თავად ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ექსპერტები გიორგი ვოლსკი, ნოდარ ხადური და თედო ჯაფარიძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, მათემატიკოსი ივანე კიღურაძე, ფეხბურთელი კახი კალაძე, უფლებადამცველები მანანა კობახიძე და სოზარ სუბარი, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია და ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე.

გთავაზობთ ინტერვიუს ელისო ჩაფიძესთან:

- ბიძინა ივანიშვილისგან კონკრეტულად რა ტიპის თანამშრომლობის შემოთავაზება მიიღეთ?

- ბიძინა ივანიშვილი ქმნის პოლიტიკურ პარტიას და მე ამ პარტიის ერთ-ერთი სახე ვიქნები.

- ერთ - ერთი საინფორმაციო საშუალებისთვის მიცემულ კომენტარში თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი საუბარი გქონდათ. რა საკითხებზე ისაუბრეთ?

- საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი საუბარი მქონდა ბიძინა ივანიშვილთან. ვიცი, რომ ის ქვეყანაში პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აპირებს და არ შეიცვლება ის გაცხადებული კურსი, რასაც ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა ჰქვია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის, სოციალური და მედიის თავისუფლების საკითხები. ამ თემებზეც ვისაუბრეთ და მოსაზრებების აბსოლუტური თანხვედრა გვქონდა. მე თუ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით მაქვს კეთილი სურვილები და არვიცი კონკრეტულად როგორ და რა უნდა გაკეთდეს, ამ ადამიანმა იცის ბიზნესის კეთება და ეს დანაკლისი შემივსო. მან იცის, როგორ უნდა გააკეთოს ბიზნესი და როგორ უნდა გამოასწოროს როგორც თავისი, ასევე სხვა ადამიანების მდგომარეობა. ვიცი, როგორ აპირებს ქართული ეკონომიკის გაჯანსაღებას და ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. მისი ეს პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და დამაჯერებელი იყო.

- საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია პარტიის რამდენიმე წევრის ვინაობა. რამდენად მისაღებია თქვენთვის ამ ადამიანებთან თანამშრომლობა?

- ამ ადამიანებს შორის ჯერჯერობით არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც ჩემთვის ან საზოგადოებისთვის რაიმე თვალსაზრისით მიუღებელი იქნება. თუ ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფში ჩემთვის მიუღებელი ადამიანი იქნება, ბუნებრივია, ამის შესახებ ღიად ვიტყვი.

- რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტიკიდან წასვლა?

- დღეს გაირკვევა ყველაფერი და დეტალებზე ვისაუბრებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი წვლილი ხელისუფლებას მიუძღვის. ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტად აღარ ვმუშაობდი. იმის მაგივრად, რომ სტატიები მეწერა, საპროტესტო აქციებზე ვიდექი. ამ ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ხელისუფლებამ მაიძულა.

- წყვეტთ  გაზეთ „რეზონანსთან“ თანამშრომლობას?

- რა თქმა უნდა, გაზეთთან რედაქტორის სტატუსით ვეღარ ვითანამშრომლებ. თუმცა, ყოველთვის ვიქნები გაზეთ „რეზონანსის“ ერთგული. ვაპირებ, რომ მომავალში ჩემი მოსაზრებები მხოლოდ გაზეთ „რეზონანსს“ მივაწოდო.

- ბიძინა ივანიშვილის პარტიას დაქვემდებარებულ რომელიმე მედიასაშუალებაში ხომ არ გიხილავთ?

- არა, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ! მე თუ მივდივარ, მივდივარ ჟურნალისტიკიდან! მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკა ჩემთვის  ძალიან საყვარელი პროფესიაა, ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა არ შემიძლია. ადამიანმა რაღაც ერთი კონკრეტული საქმე უნდა აკეთოს. 18 წელი ვიყავი ჟურნალისტიკაში. ახლა თქვენ გისურვებთ წარმატებას.

ახალი ამბები