კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიმართვა

15 თებერვალი, 2012

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ჩემი მოწვევისათვის და ასევე მისიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გაწეული თანამშრომლობისათვის. ასევე მადლობას ვუხდი მთავრობის უმაღლეს ოფიციალურ პირებს, სახალხო დამცველს და მის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირების, პოლიტიკური პარტიების, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს და ადამიანის უფლებათა დამცველებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რომლებთანაც მქონდა შეხვედრები  ვიზიტის განმავლობაში. 
 
ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი გაეროს სპეციალური მომხსენებლის რანგში, ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ (2011 წლის მაისი). მადლობელი ვარ საქართველოს  მთავრობის მოწვევისა და გულთბილი მიღებისათვის.

ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა „არაბული გაზაფხულის“ შუა პერიოდს დაემთხვა. ჩემი მანდატის განმსაზღვრელი რეზოლუცია მაკისრებს „მოხსენება გავაკეთო მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების დარღვევების შესახებ, სადაც არ უნდა ქონდეს ამას ადგილი, ასევე დისკრიმინაციის, მუქარისა და ძალადობის გამოყენების, შევიწროების, დევნის, დაშინების ან რეპრესიების შესახებ, რომლებიც მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ უფლებებს ახორციელებენ; ასევე საბჭოსა და უმაღლესი კომისრის ყურადღება უნდა გავამახვილო განსაკუთრებულად სერიოზულ და შემაშფოთებელ ვითარებებზე“ (HRC რეზოლუცია 15/21 op 5 (f) ).

ამ მისიის უმთავრესი მიზანი გახლდათ  საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების უფრო მეტად დაცვის პროცესში წვლილის შეტანა.  საქართველომ დიდი გზა განვლო 2003 წლიდან მოყოლებული, როცა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, ჩართულიყვნენ მასობრივ მშვიდობიან შეკრებაში, რაც საყოველთაოდ „ვარდების რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი და რაც ახალი მთავრობის შექმნის საფუძველი გახდა. ეს აღიარებული და ჯეროვნად დაფასებული უნდა იქნას.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ძალისხმევაზე, რომლის შედეგადაც მიღწეულია საქართველოს მთელი მოსახლეობის უშიშროებისა და უსაფრთხოების გაზრდა, დანაშაულის და კორუფციის დონის მნიშვნელოვანი კლება, განსაკუთრებით - პოლიციაში.

ასევე აღსანიშნავია რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებული მიღებული კანონმდებლობა; თუმცა ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი. მიმაჩნია, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია რელიგიური გაერთიანების დაცვის სფეროში. 

თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი, რაც მიუთითებს საქართველოში არსებულ ზოგადად დადებით ტრაექტორიის შესაძლო შეცვლაზე; მოდერნიზებაზე ორიენტაციამ შეიძლება ფართოდ გავრცელებული  შიშისა და დაშინების გარემო შექმნას და ძირითადი თავისუფლებების თვითნებური შეზღუდვების მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეიქმნა არსებული მთავრობა -  აგრეთვე მიმდინარე და მომდევნო წლისთვის დაგეგმილი არჩევნების კონტექსტში – არსებობს მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებების განსაკუთრებული პატივისცემის მოლოდინი.     

საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ამ ეტაპზე იგი იმყოფება კრიტიკულ ზღვარზე, როცა მას შეუძლია შემდგომი ნაბიჯები გადადგას პროგრესის გზაზე, ან ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით უკან დასწიოს ქვეყანა. ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს შეუძლია გააგრძელოს წინსვლა აყვავებისაკენ, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისაკენ, ადამიანთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა გახლავთ. თუმცა უკანასკნელ პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტები, ასევე ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნის ამ გზას.

პოლიტიკური თამაშის არათანაბარი პირობები

2011 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენა გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრებების უფლებებზე. მე ვხედავ, რომ ეს ცვლილებები, რომლებშიც შიგადაშიგ ორაზროვანი ენაა გამოყენებული, მთლიანობაში უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის და, როგორც ჩანს, საგრძნობლად არღვევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს. 

საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებებს, პატივი სცენ ნებისმიერი პირის უფლებას, თავისუფლად შეუერთდეს გაერთიანებას, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (რომლის მხარესაც წარმოადგენს საქართველო) 22-ე მუხლის მიხედვით, ადამიანებს ეძლევა გაერთიანების (მათ შორის - პოლიტიკური მიზნებით)  საშუალება ზედმეტი შეზღუდების გარეშე.

ეს მიზნად ისახავს საზოგადოებაში სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის ჩამოყალიბებას, რაც მოქალაქეებს არა მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური მრწამსის ღიად გამოხატვის, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ ლიდერების შეცვლის საშუალებას აძლევს. ამ კუთხით, გაერთიანების უფლების გამოსაყენებლად აუცილებელია პოლიტიკაში არსებობდეს თამაშის თანაბარი პირობები.

მოქალაქეების პოლიტიკური კავშირების შესახებ ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები  შევიდა, შეზღუდვებს უწესებს ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, და მათ შორის  - „საქმიანი ურთიერთობის მქონე პირებს“, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნიათ.

ეს არღვევს გაერთიანების უფლებას და პოტენციურ საფრთხეს უქმნის ამ უფლების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო გაერთიანებებს, რომელთა საქმიანობაც შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს პოლიტიკური ხასიათის მქონედ. მე ვიცი სულ მცირე ორი შემთხვევა, როცა ამ კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვეს, მიეწოდებინათ დოკუმენტაცია შესამოწმებლად ისეთ გარემოებებში, რომლებიც შორს იყო გამჭვირვალობისაგან. ეს ყოველივე არასამთავრობო ორგანიზაციებში იწვევს შიშს, რომ მათი გაერთიანების უფლება, თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა, პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

თუმცა, ამ კანონის 26-ე პრიმა მუხლის მესამე პარაგრაფი ადგენს, რომ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გამოყენებული გამოხატვისა და სამოქალაქო ჩართულობის თავისუფლების წინააღმდეგ, იგი არ წარმოადგენს საკმარის დამცავ მექანიზმს ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების  წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნებისმიერ იურიდიულ პირს უნდა გააჩნდეს უფლება, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კანდიდატს ან პოლიტიკურ მრწამსს საკუთარი არჩევანის საფუძველზე.  

ისე ჩანს, რომ უახლესი ცვლილებები ნაკარნახევი იყო კონკრეტული პიროვნების პოლიტიკური ქმედებების გაკონტროლების სურვილით და არა ობიექტური და  არსებითი მიზეზებით. ისტორია გვასწავლის, რომ მსგავსი სუბიექტური მიზნებისთვის შექმნილი კანონები ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს და ცხოვრების ცვლად გარემოში არამდგრადობით გამოირჩევა.

მე ყურად ვიღე ამ დებულების შესახებ მთავრობის განმარტება, რომ ამ ცვლილებებით იგი ცდილობს, თავიდან აიცილოს პოლიტიკურ პარტიებში თანხების ფარული შემოდინება. თუმცა, ჩემში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კანონი კონტროლის პალატას  ანიჭებს სრულ თავისუფლებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთების გარეშე.  აგრეთვე, არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნათელი კრიტერიუმები და, საერთოდაც - შესაძლებლობა, გასაჩივრებულ იქნას გადაწყვეტილება იმის თაობაზე, აქვს თუ არა ამ თუ იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს „კავშირი“ პოლიტიკურ პარტიასთან. მე მტკიცედ ვაცხადებ, რომ კამპანიის ფინანსებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ნებისმიერი უწყება უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი – და ასეთად უნდა იყოს მიჩნეული – მისი ძირითადი უფლებასმოსილების ფარგლებში და რეალურადაც.  

მე მინდა, ასევე, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკვე კარგა ხანია, არსებობს გარკვეული შეშფოთება – რეგიონალურ ორგანიზაციებსა და გაეროში – იმის თაობაზე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ზღვარის გავლება მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. მე ხაზს ვუსვამ, რომ თუკი მთავრობამ  პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების შემზღუდავი წესების შემოღება გადაწყვიტა, აღნიშნული წესები გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობას ხელს არ უნდა უშლიდეს. იმ ფორმით, როგორითაც ეს ნორმები დღესდღეისობით არსებობენ, ისინი ქმნიან პოლიტიკური თამაშის არათანაბარ პირობებს და, შესაბამისად, გაერთიანების დამოუკიდებლობის უფლებას არღვევენ.

ეს ასევე ეხება სახელმწიფოს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც აშკარად ერთ პარტიას უწყობს ხელს სხვების ხარჯზე. ვიდრე არ იქნება ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, ეს კვლავ პრობლემად დარჩება და დაძაბულობასა და განხეთქილებებს გამოიწვევს.

პროფკავშირების შექმნის უფლება

პროფკავშირები ძალიან რთულ სამუშაო გარემოში მოქმედებენ. მე შეშფოთებული ვარ განცხადებებით, რომ საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში სამსახურიდან ათავისუფლებენ თანამშრომლებს ოპოზიციური პარტიების აშკარა მხარდჭერის გამო. ეს უფრო მეტად შეეხება მასწავლებლებს, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ და არ არიან დაცულნი, როგორც საჯარო მოხელეები. ასევე შეშფოთებული ვარ შევიწროებისა და  და დაშინების ფაქტებით მშრომელების წინააღმდეგ, რომლებიც გაერთიანებულნი არიან პროფკავშირებში, ან გამოხატავენ თავიანთ სიმპათიას ამ ორგანიზაციების მიმართ ან მათში გაერთიანების სურვილს, რისი ვარაუდის საფუძველსაც გვაძლევს ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში მუშათა გაფიცვა. გასაგებია, რომ მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, მოიზიდოს ინვესტიციები,  და მაინც  ეს ყოველივე ადამიანთა უფლებების დაცვის პარალელურად უნდა განხორციელდეს.

საქართველოს შრომითი კანონმდებლობა იძლევა მუშახელის ადვილად განთავისუფლების საშუალებას, მიზეზის წარმოდგენის მოთხოვნის გარეშე, მინიმალური ერთი თვის ანაზღაურებით. ამ სამართლებრივი რეჟიმის პირობებში პროფკავშირების შექმნის, ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების თავისუფლება შეიძლება შეფერხდეს, რადგან დამქირავებლებს – კერძოს და საჯაროსაც – გააჩნიათ მოქმედების სრული თავისუფლება და შეუძლიათ მოიძიონ მარტივი საბაბი ისეთი თანამშრომლის გასათავისუფლებლად, რომელიც ცდილობს ჩამოაყალიბოს და მართოს პროფკავშირი (რაც დამქირავებლისთვის არ არის სასურველი). 

ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია და მე დაჟინებით ვთხოვ მთავრობას, მონახოს შესაბამისი ბალანსი ერთის მხრივ, ინვესტიციების მოზიდვასა და მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის უფლებების დაცვას შორის, რომელიც პროფკავშირების შექმნას გულისხმობს, რაც ქართველ ხალხს უკეთესი ცხოვრების საშუალებას მისცემს. უფრო მეტიც, პროფკავშირებს უფლება აქვთ, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და შეარჩიონ კანდიდატები და პარტიები, რომელთაც მათი ინტერესების გატარება შეუძლიათ, იმ რისკის გარეშე, რომ „პოლიტიკურ პარტიებთან კავშირის“ გამო უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებით განსაზღვრული შეზღუდვები დაუწესდებათ.

მშვიდობიანი შეკრებების შეზღუდვა

ახლა მინდა ვისაუბრო საქართველოში მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების უფლებაზე. მე ვიცი, რომ საქართველოში მშვიდობიანი შეკრებების გამართვა  წინასწარ ნებართვას არ საჭიროებს. ასევე ვიცი, რომ საქართველოში იმართება სხვადასხვა მშვიდობიანი შეკრება და ამ მისიაზე ყოფნის პერიოდში მე ერთ-ერთი მათგანის მომსწრეც გავხდი.

კანონში ჯერ კიდევ რჩება რიგი პრობლემური დებულებები, რომლებიც ზღუდავენ შეკრებების  თავისუფლებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვარდების რევოლუციის დროს არ ყოფილა დაცული საზოგადოებრივი შენობების შესასვლელებიდან 20-მეტრიანი დისტანციის მოთხოვნის ნორმა; მოხდა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქიონირებისთვის ხელის შეშლა; მოხდა მაგისტრალებისა და ტრანსპორტის მოძრაობის გადაკეტვა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი სიტუაციები საგანგებო შემთხვევებში ხდება და საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. მაინც აუცილებელია არსებობდეს აღნიშული უფლების თავისუფლად განხორციელებისთვის საჭირო მინიმალური სტანდარტები. მე ვშიშობ, რომ აღნიშნული შეზღუდვები შემოღებულ იქნა იმისათვის, რომ ხელი შეეშალოს მოქალაქეებს, მშვიდობიანი პროტესტის გზით გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. საქართველოს უშიშროების კუთხით არსებული პრობლემების გათვალისწინებითაც კი, საგარეო მტრულ ძალაზე გამუდმებული გადაბრალებით ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეთ კონკრეტული ჩივილი და რეალური უკმაყოფილება, რომლის გამოხატვაც მათ ამ ფორმით სურთ (რაც ხშირად არის იმედგაცრუების გამოვლინება). 

უფრო მეტიც, მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ 15-წუთიანი გაფრთხილების წესი შეკრების ძალისმიერი  დაშლის შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტებისგან. დროის ასეთი მოკლე პერიოდი შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების თამაშრომლების მხრიდან შეუსაბამო ძალადობის საფუძველი გახდეს.

2011 წლის 26 მაისის მოვლენები

მე მოსმენილი მაქვს სხვადასხვა ჩვენებები პროტესტის მონაწილეების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისაგან 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი განსხვავებები არსებობს მათ მონათხრობებს შორის იმის თაობაზე, თუ რეალურად რა მოხდა იმ ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შეკრების თაფისუფლებასთან მიმართებაში. სწორედ ამაშია პრობლემა.

ახალი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა იქნეს დაწყებული ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით – სადაც ჩართული იქნებიან ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმის უზრუნველსაყოფად, რომ გათვალისწინებული იქნეს ყველა მოსაზრება; ასევე ძალის არაპროპორციული გამოყენებისათვის უნდა იყოს დაწესებული ანგარიშვალდებულება. თუ ეს არ მოხდება, გაბატონდება მთავრობის მიმართ უკმაყოფილების განცდა და  დაუსჯელობის სინდრომი. 

მთავრობის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ გასული წლის 26 მაისის მოვლენები წარმოადგენდა „უდიდეს საშიშროებას მთელი ქვეყნისათვის“. მე ვხედავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას შეკრებების მართვის, განსაკუთრებით მათ მიერ პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ მოპყრობის კუთხით  არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და შეცდომების გამოსწორების საქმეში. და მაინც, ყველაფერი მიუთითებს, რომ მთავრობის რეაქცია აშკარად არაპროპორციული იყო. არსებობს დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, რომ საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგაც ადგილი ჰქონდა ადამიანების ცემას და რომ პროტესტის მონაწილეებს მისდევდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ. ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა.

მეორე საკითხი, რომელიც აგრეთვე, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მშვიდობიან შეკრებებთან დაკავშირებით, გახლავთ 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა და სასჯელის განზრახ გამოყენება შესაბამისი პროცედურული დამცველი მექანიზმების გარეშე. ეს უკავშირდება მიმდინარე გეგმებს, ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი იყოს დებულება ადმინისტრაციული დაკავების 12 საათიდან 24 საათამდე გაზრდის თაობაზე. მე შეშფოთებული ვარ დაკავების აღნიშნული ფორმის ასეთი სიხშირით, ფაქტობრივად მუდმივად  გამოყენებაზე, განსაკუთრებით პროტესტის მონაწილეებთან მიმართებით. ეს უმნიშვნელო დანაშაულები გახლავთ და ხელისუფლებამ ეჭვმიტანილებს უნდა დააკისროს გამოცხადების ვალდებულება, და არ არის საჭირო, ისინი ცუდ და დამამცირებელ პირობებში ამყოფოს.

უფრო მეტიც, ჩემში გაკვირვებას იწვევს განცხადებები, რომლებიც მიუთითებს სამართლებრივი გარანტიების არარსებობაზე და იმ ფაქტზე, რომ სასჯელის გამოტანა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით. სასამართლო ხელისუფლებასთან რიგი საუბრების შემდეგ მე ერთობ შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია აშკარად არ არსებობს და უმთავრესად პოლიციისგან მიღებულ ჩვენებებს ეყრდნობიან.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობისა და უხეში მოპყრობის  შესახებ უამრავი  განცხადების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ამგვარმა ზომებმა სავსებით შეიძლება შეანელოს ნებისმიერი აქტივისტის სურვილი და ინიციატივა, მშვიდობიანი შეკრებების საშუალებით გამოხატოს განსხვავებული აზრი.

საბოლოოდ, მინდა მოგახსენოთ, რომ მე საქართველოში ჩამოვედი დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით ეს ეხება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების  მნიშვნელოვანი უფლებების პატივისცემას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო ამომწურავი და კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე უფრო კრიტიკულად განწყობილ სეგმენტებთანაც კი, იმ მიზნით, რომ უფრო ცივილიზებული, პროაქტიური და სისტემატური გზით მოხდეს მწვავე საკითხების დარეგულირება.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანების ღირსებებმა, რომელთაც მე შევხვდი, როგორც მთავრობის შიგნით, ასევე მის გარეთ; მე ღრმად მწამს, რომ თუ კი მოხდება მათი პოტენციალის სრულად გამოყენება, თუ ეს ძალები შეძლებენ გაერთიანებას ობიექტურობის ატმოსფეროში, სადაც წინა პლანზე რიგითი ქართველების ინტერესები იქნება წამოწეული, საქართველოს ნათელი მომავალი ექნება.

ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი წინასწარი დასკვნები, ხოლო სრული ანგარიში გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოსათვის ამა წლის ივნისში იქნება მზად.

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.

თბილისი, 13 თებერვალი 2012

ინფორმაციისათვის: მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიერ საქართველოში ვიზიტის ბოლოს გავრცელებული მიმართვის წინამდებარე  არაოფიციალური თარგმანი გაავრცელა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის საქართველოს ოფისმა.


ორიგინალი

ახალი ამბები