საქართველოს ხელისუფლება ისრაელის საელჩოს თანამშრომელზე თავდასხმის მცდელობას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად განიხილავს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებაშია ნათქვამია.
„საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად შეშფოთებულია თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომელზე თავდასხმის მცდელობის გამო და აღნიშნულ ფაქტს განიხილავს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი სახელმწიფოსათვის. გმობს რა ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა აღნიშნული ფაქტი სათანადოდ იქნას გამოძიებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს უცნობი ტერორისტები საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოების შენობებთან ბომბების აფეთქებას ცდილობდნენ. თბილისში ბომბი გააუვნებელყვეს, დელიში კი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“