კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დარიალი ჰესი“ კანონის დარღვევით შენდება

22 თებერვალი, 2012

მანანა ქველიაშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ყაზბეგის რაიონში „დარიალი ჰესი“ კანონის დარღვევით შენდება. „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა დაშვებულ საქმიანობათა ნუსხაში არ შედის.

„დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა გასცა, რომელსაც ნიკოლოზ ჭახნაკია ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, რატომ გასცა გარემოს დაცვის სამინისტრომ „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე ნებართვა, მაშინ, როცა კანონით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, ჭახნაკიამ განაცხადა, რომ ის სამინისტროში აღარ მუშაობს.
 
 „მე უკვე აღარ ვმუშაობ სამინისტროში. ყველა კითხვაზე, რაც გაქვთ, შეგიძლიათ გადარეკოთ და პასუხები სამინისტროს მოსთხოვოთ,“ - აღნიშნა ჭახნაკიამ.
 
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ეკა ბენდელიანის განმარტებით, ჭახნაკიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„მიზეზი არ ვიცი. განცხადება დაწერა და მინისტრმაც დააკმაყოფილა“, - განაცხადა ბენდელიანმა.
 
ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ ის თანამდებობაზე 17 თებერვალს დაინიშნა და მასალებს ახლა ეცნობა. „მე  პარასკევს დავინიშნე. ახლა ვეცნობი მაგ მასალებს. კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. არაკომპეტენტური ვიქნები პასუხი რომ გაგცეთ. არ ვარ სიღრმისეულად ჩახედული“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დავით ჭიჭინაძემ.
 
„დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმართა და დაჩქარებული წესით „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის 8.7 ჰექტარით შემცირება მოითხოვა. პარლამენტმა კანონპროექტი უკვე მეორე მოსმენით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დასკვნის გაცემის გამო, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვის სამინისტრო კანონდარღვევაში დაადანაშაულა, საქმის შესწავლა და პარლამენტისგან კანონპროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვა.
 
 „გარემოს დაცვის სამინისტრო სრულად იყო ინფორმირებული იმ გარემოების შესახებ, რომ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორია მოიცავდა ეროვნული პარკის ტერიტორიას და მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მაინც გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პროექტზე და ამით დაარღვია „დაცული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლი“, - ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს  კანონი არ დაურღვევია.
 
„დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ხარისხი არსებობს. მათ შორის, არის დაცული ტერიტორიები, სადაც დაშვებულია სამეურნეო საქმიანობები. ასე რომ, კანონის დარღვევა აქ არაფერი არ არის. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ყაზბეგის ეროვნულ პარკში მინიმუმ დაშვებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, დაშვებულია მეცხოველეობა. აძოვებენ საქონელს“, - განაცხადა ბობოხიძემ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
 
მისივე თქმით, ყაზბეგში სხვა პრობლემაა, რომელიც მდინარე თერგს და მასზე მშენებარე ჰესს უკავშირდება. „მანდ  შეიძლება სხვა პრობლემაზე ვილაპარაკოთ. „დარიალიჰესი“ რა თქმა უნდა კალაპოტიდან იღებს წყალს და მერე ისევ კალაპოტში აბრუნებს. აღებიდან უკან დაბრუნების მონაკვეთში, რა თქმა უნდა კალაპოტს წყალი დააკლდება. მეცნიერებმა უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა, გააკეთეს ნორმირება, თუ რამდენი უნდა იყოს წყლის მინიმალური რაოდენობა, რaზეც დაბლა კალაპოტში წყალი არ უნდა დავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ წყალნაკლულობის გამო წყალი ერთდროულად არ ეყოფა კალაპოტსა და ჰესს, ასეთ შემთხვევაში, ჰესი გაჩერდება. არავითარ შემთხვევაში ნორმის დაბლა კალაპოტში წყალი არასდროს არ იქნება“, - ამბობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე.
 
„დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონით, ეროვნული პარკის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა საქმიანობაა დაშვებული. კანონში არ არის განსაზღვრული რა სახის საქმიანობაა აკრძალული, მაგრამ წერია, რა არის დაშვებული. კანონით, ჰესის მშენებლობა არ შედის დაშვებულ საქმიანობათა ნუსხაში.
 
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა -„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ განაცხადეს, რომ დარიალის ხეობაში „დარიალი ჰესის“ მშენებლობა და ოპერირება ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ეს დასკვნა  ორგანიზაციებმა „დარიალი ჰესის“ პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ (ბსგზშ) ანგარიშის განხილვის შემდეგ გააკეთეს.
 
„პროექტი ითვალისწინებს 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის (90 პროცენტის) სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტი. პროექტი აბსოლუტურად შეცვლის დარიალის ხეობის ლანდშაფტს, რის გამოც ის დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ - ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ასევე ექნება ძალზე მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზეგავლენა „წითელ წიგნში“ შეტანილ სახეობაზე, ნაკადულის კალმახზე და მდინარე თერგში ამ პოპულაციის გაქრობას გამოიწვევს“, - აღნიშნეს გარემოსდამცველებმა.
 
110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალიჰესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რუსეთ - საქართველოს საზღვართან, მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, მდინარე ყუროს და ხდის წყალს შორის შენდება. ჰესს შპს „დარიალ ენერჯი“ აშენებს. მთავრობის ინფორმაციით, ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს. „დარიალი ჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში საქართველო მოიხმარს, ზაფხულში კი ელექტროენერგიის ექპსორტი თურქეთში უნდა განხორციელდეს.

ახალი ამბები