კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რუსთავი 2“ და „მზე“ სააკაშვილის მეგობრის ოჯახის საკუთრებაში

22 თებერვალი, 2012

მაია მეცხვარიშვილი, ნეტგაზეთი

ვინ არის ლევან ყარამანიშვილი, ვინც ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“–ისა და „მზის“ 90%–ანი წილების მფლობელი გახდა? 40 წლის ყარამანიშვილი, გარდა იმისა, რომ პოკერის საყოველთაოდ ცნობილი მოთამაშეა (მან ბოლოს მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ Russian Poker Series 2011 წლის ტურნირში), იმავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ გია ყარამანიშვილის ნათესავია.

„ჩემს მეგობარს, გია ყარამანიშვილს წინაპრების მიერ აშენებული ოთხი სახლი ჰქონდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჩამჩირეში. გია ყარამანიშვილს როცა დაუბრუნებენ ამ ოთხ სახლს და მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაშინ შეიძლება ეს არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი 2005 წელს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

როგორც ირკვევა, ლევან ყარამანიშვილს კომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობის საკმაო გამოცდილებაც აქვს, მაგალითად, ის და ბიზნესმენი რევაზ შარანგია გვევლინებიან რუსული კომპანია „მობიტელის“, იგივე - „ბილაინის“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად.

ძმები შარანგიების სახელს, ისევე, როგორც ყარამანიშვილებისას, საქართველოში ბევრი მსხვილი ბიზნეს–კომპანია უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად - „კავკასუს ონლაინი“. თუმცა, ამ კომპანიების მფლობელები ოფიციალურად ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებია.

ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული აქამდე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–სა და ტელეკომპანია „მზის“ მფლობელებიც. თუმცა საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში მიიღო მედიაგამჭვირვალობის გაძლიერების საკანონმდებლო პაკეტი, რითაც, ერთი მხრივ, აკრძალა სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირებისთვის და მეორე მხრივ, ყველა მაუწყებელს დაევალა 2012 წლის 1 იანვრამდე შეავსოს შესაბამისობის დეკლარაცია, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანიებმა დამფუძნებლების და მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახადონ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რითაც შეახსენა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, 2012 წლის 1 იანვრამდე შეავსონ და გამოაქვეყნონ შესაბამისობის დეკლარაცია.

უკვე ცნობილი გახდა ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ისა და ტელეკომპანია „მზის“ მფლობელების შესახებ. როგორც ირკვევა, ტელევიზიის გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე 10%–ან წილს ფლობს, ხოლო 90%–ან წილს – ლევან ყარამანიშვილი. ანალოგიურად ინაწილებენ წილებს გეგეშიძე და ყარამანიშვილი ტელეკომპანია „მზე“–ში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „რუსთავი 2“–ისა და „მზის“ ახალი მფლობელების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 6 დეკემბერს განხორციელდა. მანამდე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „დეგსონ ლიმითედი“ „რუსთავი 2“–ში 70%–ს, ხოლო „მზეში“ 55%–ან წილს ფლობდა, შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ კი „რუსთავი 2“–ში 30%–ან წილს, ხოლო „მზეში“ 45%–ან წილს ფლობდა.

თავის მხრივ, შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ 100%–ან წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“ ფლობდა.

2011 წლის 6 დეკემბერს გიორგი გეგეშიძემ, როგორც „დეგსონ ლიმითედის“ წარმომადგენელმა, საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს, გაუფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება „რუსთავი 2“–სა და „მზეში“ 10–10%–ანი წილების ყიდვის თაობაზე, თუმცა რა ფასად, ეს ხელშეკრულებაში მითითებული არაა.

ამავე დღეს არის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ ლევან ყარამანიშვილმა იყიდა (უცნობია – რამდენად) „დეგსონ ლიმითედის“ დარჩენილი 45%–ანი წილი "მზეში" და 20%–ანი წილი „რუსთავი 2“–ში.

6 დეკემბერსვე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალსა“ (წარმომადგენელი რამაზ ბერიძე) და ლევან ყარამანიშვილს შორის, რომლითაც ამ უკანასკნელმა 30%–ანი წილი იყიდა „რუსთავი 2“– ში და 45%–ანი წილი „მზეში“. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უცნობია – რამდენად.

„რუსთავი 2“–სა და „მზის“ 10–10%–ანი წილების მესაკუთრე გიორგი გეგეშიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს–პარტნიორია, ისინი ერთობლივად ფლობენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: „მაგი სტილი“, „მაგი სტილი მედია“, „ბედეგი“ და სხვა.

ფოტოზე: ლევან ყარამანიშვილი

ახალი ამბები