კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანიის „ეს შენ გეხება“ ორგანიზატორები საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობენ

27 თებერვალი, 2012

კამპანიის - „ეს შენ გეხება“ - ორგანიზატორი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტს , რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით 10 დღის წინ საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს, კვირის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კამპანიის ორგანიზატორებმა აცნობეს, 2 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაინტერესებული პირებისთვის გამართავენ მრგვალ მაგიდას, სადაც  ისაუბრებენ, როგორც არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე, ისე  - მათ მიერ მომზადებულ წინადადებათა პაკეტზე, რომელიც, მათი აზრით, უზრუნველყოფს კანონის დემოკრატიულობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისთვის მიწვეულნი იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები. 2 მარტსვე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლენ გარკვეული ინიციატივით, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის ავტორები, ასევე, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან არსებობს გარკვეული მზაობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკანონმდებლო წინადადებების გადახედვისა და შესაძლო დიალოგის წარმართვაზე.

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა (ტელეკომპანია „კავკასია“, ტელეკომპანია „მაესტრო“, გაზეთი „ალია“, გაზეთი „რეზონანსი“, „მედიაპალიტრა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სტუდია „რე“, რეგიონალური პრესის ასოციაცია, ია მამალაძე, ზვიად ქორიძე და სხვები)  13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება“, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს.

გასულ კვირას კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები