კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლაშა ჩხარტიშვილი დასაჯეს იმ ქმედებისთვის, რის გამოც მისთვის მადლობა უნდა ეთქვათ“

27 თებერვალი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

25 თებერვალს თბილისში კიკვიძის ბაღში დააკავეს ოპოზიციის აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა კიკვიძის ბაღში მწვანე ნარგავების გაჩეხვას და მათ ადგილზე პოლიციის მშენებლობას. იმ დღესვე კიკვიძის ბაღში კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს: მიხეილ მესხი, გიორგი აფხაიძე, დათო ფაცაცია, გიორგი ფარესიშვილი და თეიმურაზ მურვანიძე, რომლებიც ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას აპროტესტებდნენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატისთვის და ახლობლებისთვის კარგა ხანს უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი. როგორც ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი მოქალაქის დაკავებიდან 12 საათში უნდა გაიმართოს. ხოლო არსებული პრაქტიკით, ადვოკატი დაკავებულს სასამართლომდე ვერ ნახულობს. „ამიტომ არ ვიცი, ჩხარტიშვილი პოლიციის რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ლაშა ჩხარტიშვილი კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვას და პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებდა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, ჩხარტიშვილი მშენებლობის ადგილზე ამოთხრილ ერთ-ერთ ორმოში ჩავიდა და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. პოლიციამ იგი სწორედ ამ დროს დააკავა.

ლაშა ჩხარტიშვილი ამჟამად „ქართული ოცნების“ ეკოლოგიის ქვეჯგუფის ხელმძღვანელია. მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. ხოლო თეიმურაზ მურვანიძე პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანია.

„ქართულმა ოცნებამ“ და „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზამ“ აქტივისტების დაკავება გააპროტესტა. კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებით, გავრცელებული ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ ლაშა ჩხარტიშვილი ორმოში ჩავიდა და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. პოლიციისთვის კი მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ჩვენ გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ თეიმურაზ მურვანიძე არ ეწევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მივმართავთ სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, რეაგირება მოახდინონ პოლიციის მხრიდან ჩადენილ უკანონობაზე“, - ნათქვამია პარტია „საქართველოს გზის“ განცხადებაში (იხ.: აქტივისტების დაკავების ვიდეოკადრები ).

დაკავებული აქტივისტების გარდა კიკვიძის ბაღში ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და გარემოს დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.  მათ ვერ შეძლეს შეწინააღმდეგებოდნენ ადგილზე მობილიზებულ პოლიციის ძალებს, რომელთა ძალისხმევითაც კიკვიძის ბაღში ხეების ჩეხვა და პოლიციის შენობის საძირკვლის ამოთხრის სამუშაოები ინტენსიური ტემპით გაგრძელდა.

იმავე საღამოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლემ ნანა დარასელიამ ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„დღეს დილით კიდევ ერთხელ დამაკავეს პოლიტიკური ნიშნით, რაც ჩემთვის უკვე მერამდენეა, ვეღარ ვითვლი, ალბათ - მეათე და სასამართლომ გამოიტანა მეათე პოლიტიკური განაჩენი ჩემს მიმართ“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

„ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამრღვევად ცნეს იმ ქმედებისათვის, რომლისთვისაც მისთვის მადლობა უნდა გამოეცხადებინათ. ის იცავდა კანონს, რომლის ძალითაც რეკრეაციულ ზონაში  იკრძალება ხეების გაჩეხვა და მძიმე კონსტრუქციის მშენებლობის წამოწყება და განხორციელება. სწორედ ამ კანონს იცავდა ლაშა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მისთვის მადლობა ეთქვათ, პოლიციელებმა უკანონოდ მოითხოვეს მისგან ამ ქმედების შეწყვეტა. პოლიციელების უკანონო მოთხოვნას იგი არ დაემორჩილა და ამის გამო ცნეს იგი სამართალდამრღვევად“, - განაცხადა ჩხარტიშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„პალიტრა ტვ“-ის კორესპონდენტის ცნობით, სასამართლოზე პატრულის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ლაშა ჩხარტიშვილმა კიკვიძის ბაღში უკანონოდ ხელი შეუშალა მშენებლობას და არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას.

პოლიციის თანამშრომლებმა ასევე განმარტეს, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს ლაშა ჩხარტიშვილმა და იქ მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელმა. სამუშაოს მწარმოებელი ამბობდა, რომ ჩხარტიშვილი მათ უკანონოდ უშლიდა ხელს, ხოლო ჩხარტიშვილი განმარტავდა, რომ სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობდა. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, სამუშაოების მწარმოებელმა მათ წარმოუდგინა შესაბამისი დოკუმენტი, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო გაკრული აბრა, რომლის მიხედვითაც პოლიციის შენობის მშენებლობა მიმდინარეობდა.

ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ასეთ დოკუმენტს მოსამართლე არ უნდა დაყრდნობოდა. იგი მიიჩნევდა, რომ მოსამართლეს არც სხვა მყარი მტკიცებულებები ჰქონდა იმისთვის, რომ ჩხარტიშვილი სამართალდამრღვევად ეცნო.

ახალი ამბები